"ცოდნას მხოლოდ წიგნებიდან არ ვიღებთ" - ვინ და როგორ უნდა იზრუნოს მოზარდების არაფორმალურ განათლებაზე
“ბოლო დროს გავრცელებულ სწავლის სხვადასხვა მეთოდებს მივესალმები. ახლა შეგვიძლია უფრო მეტი ცოდნა მივიღოთ სკოლაშიც და მის გარეთაც, რაშიც ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები გვეხმარება."
ქრისტინე მოთიაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში სწავლობს. როგორც ის გვიყვება, სკოლას არ აქვს საშუალება, რომ სხვადასხვა ტრენინგებს ან სემინარებს დაასწროს მოსწავლეები.
"ძალიან გვინდა, რომ ცოდნა არა მხოლოდ სკოლის საგნებში, არამედ კლასგარეშე ლიტერატურაშიც გავიღრმაოთ.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს მეტი ყურადღება ექცევა მაღალმთიან სკოლებს, უკვე გვაქვს ინტერნეტი და შეგვიძლია სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი. მოსწავლეების განვითარებისათვის აუცილებელია ჩავერთოთ აქტიურ ცხოვრებაში. მოიწვიონ სხვადასხვა ტრენერები სკოლაში ან სკოლის გარეთ გამოყოფილ სივრცეში ჩატარდეს ტრენინგები, ბავშვებს მოგვეცეს საშუალება საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ სხვადასხვა თემაზე, გავმართოთ დისკუსია და ჩავერთოთ აქტიურ ცხოვრებაში. მოხარული ვიქნები თუ უახლოეს მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა კლასგარეშე ცხოვრებას. ეს იქნება მნიშვნელობანი, როგორც ჩვენთვის, ისე მომავალი თაობისთვის.“
იაკობ გოგებაშვილი ამბობს, რომ "მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება".
დიახ, თანამედროვე სამყაროში ადამიანს არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არამედ სხვა, ალტერნატიული გზითაც შეუძლია შეიძინოს ან გააუმჯობესოს ცოდნა და უნარები, ვინაიდან სწავლების მხოლოდ ტრადიციული ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით ზოგჯერ არ მიიღწევა სასურველი შედეგი.
ფორმალური განათლების გარდა, შემეცნებითი აქტიურობის ერთ-ერთი სახე არაფორმალური განათლებაა. მისი განხორციელება სხვადასხვა სასწავლო კურსების, ტრენინგების, კონკურსებსა და სხვა აქტივობების მეშვეობით ხდება.
თანამედროვე ეპოქაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე "გაახალგაზრდავებულმა თაობამ" ბევრი მოთხოვნები შექმნა. გაჩნდა მრავლამხრივი ინტერესები სხვადასვა სფეროს მიმართ. ინტერნეტ სივრცემ კი საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
სწორედაც, რომ არაფორმალური განათლება მიზნად ისახავს მოზარდი/ახალგაზრდის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას ბუნებრივ გარემოში, სადაც უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, გახდნენ ლიდერები, თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
დღესდღეობით, საქართველოში არაფორმალური განათლების მხრივ ბევრი პრობლემა იკვეთება. არასრულ და თითქმის დაულაგებელ განათლების სისტემაში ბევრი ხარვეზი იკვეთება. თანამედროვე ეპოქაში, საქართველოს ბვერ რეგიონში, ასევე, სკოლაში არ არის ინტერნეტი, საკმარისი ტექნიკა, ბიბლიოთეკები, რომ მოზარდმა სკოლის საგნების გარდა, სხვა სფეროში მიიღოს განათლება.
FirstNews.ge დაინტერესდა თუ რა პრობლემები ჰქონდათ რეგიონში მოზარდებს (მოსწავლეებსა და სტუდენტებს).
ეკო ვარდიაშვილი, 15 წლის ახალსოფლის #2 საჯარო სკოლა
„ჩემს სკოლაში, ისევე, როგორც საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საჯარო სკოლაში, ანალოგიური მდგომარეობაა. ხდება გაკვთილების ახსნა ლექციური სახით და გამოკითხვა - მოყოლით. ყოველი გაკვეთილი ერთმანეთს ჰგავს, შეიძლება მისი განმაპირობებელი მიზეზი ის არის, რომ სკოლაში არასაკმარისი რაოდენობის ტექნიკაა. მაგალითად, როდესაც მე, მასწავლებელს ან და სხვა ტრენერს უნდა, რომ ჩაატაროს ტრენინგი ყოველთვის ძალიან დიდ პრობლემას ვაწყდებით, რადგან არ არის, რაიმე სპეციალური კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ნივთით. ხან ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს თითქოს, რაღაც მუხტი, რაღაც მოტივაცია, შემართება აკლიათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას. ჩვენს სკოლაში, ასევე ძალიან ბევრი მასწავლებელია, რომელიც ცდილობს, რომ რაღაც ინოვაციები, სიახლეები შემოიტანონ, უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი, სახალისო და ამასთანავე საინტერესო ინფორმაციის მომცემი გაკვეთილები ჩაატარონ.
ჩემი საოცნებო სკოლა ასეთია (რომლის იმედიც მაქვს, რომ საქართველოში მალე აუცილებლად იქნება):
პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ სკოლა საჭირო ინფრასტრუქტურით იყოს უზრუნველყოფილი და გახდეს ის ადგილი, სადაც არაფრის კეთება დაგეზარება და მოტივაციაც არ დაგეკარგება.
მეორე - ყოფილიყვნენ აქტიური, თავის საგნის პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს გაუხალისებენ სკოლაში ყოფნის პერიოდს და არცერთი წუთით არ აფიქრებინებენ, რომ რომელიმე გაკვეთილი გააცდინონ, ასევე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არაჩვეულებრივი, შეთანხმებული დამოკიდებულება იქნება და არ დასჭირდებათ ერთმანეთთან კონფლიქტის დროს საკუთარი უფლება-მოვალეობების გახსენება და დაცვა.
მესამე - შევცვლიდი საგნებს. მეათე კლასიდან ბავშვებს მივცემდი საშუალებას, რომ აერჩიათ მათთვის საჭირო და მოსაწონი საგანი.
ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვებს სკოლაშივე ასწავლონ ჰიგიენის, სანიტარიის, რეპროდუქციული სისტემის, სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობრიობის, გენდერული თანასწორობის, გარემოსდაცვისა და კიდევ მრავალი სხვა სფეროს შესახებ.
თუმცა, პირადად მე და კიდევ მრავალი სხვა ახალგაზრდა, არაფორმალური განათლების მიღების საშუალებად ვიყენებ ბანაკებს, ტრენინგებს, სამიტებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა. ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ მივიღოთ დამატებითი ცოდნა, რაიმე ჩვენთვის საინტერესო და გლობალურ თემაზე. გავიცნოთ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან უამრავი განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანი და მოვინახულოთ უამრავი ლამაზი და ისტორიული მხარე. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ უფრო დამოუკიდებელი და განათლებული ახალგაზრდები“.
მარიამ დანგაძე, 19 წლის, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა
„სკოლა ორი წლის წინ დავამთავრე და შემიძლია, ვთქვა, რომ აქტიური სამოქალაქო კლუბისა და მისი მენტორის წყალობით ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული არაფორმალური განათლების აქტივობებში. ხაზგასასმელია ისიც, რომ რაც არ უნდა განვითარებული და სრულყოფილი იყოს ფორმალური განათლების სისტემა, მაინც ვერ დაიფარება არაფორმალურის საჭიროება, რადგან მოსწავლეს სჭირდება ჩარჩოებიდან გასვლა, თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება, კლასელებისა და მასწავლებლების გარდა კი სხვა ადამიანებთან შეხვედრა, მეტი სოციალიზაცია. ჩემი სკოლის შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, სტრუქტურულიზებული, ფორმალური განათლების გარდა, ვიღებდი მონაწილეობას სამოქალაქო აქტივობებშიც, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ განვითარებაში, განსაკუთრებით კი იმაში, რომ დღეს უკვე თავად ვაორგანიზებ არაფორმალური განათლების აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის.”
აისელ ალიოღლი, მე-11 კლასი, მარნეულის მე-2 საშუალო სკოლა
“ჩემი აზრით, განათლებას მხოლოდ წიგნებიდან არ ვიღებთ, რასაც ვსწავლობთ სკოლაში. განათლებაა ყველა ის გამოცდილება, რასაც სკოლის გარეთ ვეუფლებით. მაგალითად კლუბები, შეჯიბრებები და ა.შ
ფაქტობრივად, რომ არა სკოლა და მასწავლებლები, არც ერთ ასეთ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რადგან მასწავლებლები ამის შესახებ ინფორმაციას მაწვდიდნენ და ახლაც მეხმარებიან. ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩემს სკოლას არაფერი აკლია.
ასევე, ვისურვებდი ისეთ განათლების სისტემას, სადაც ცოდნა ნიშნებითა და გამოცდებით კი არა, არამედ სხვა მეთოდითაა დაფასებული“.
ვინ, როგორ და რა ფორმით უნდა იზრუნოს მოზარდების/ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე?
ამ საკითხში არსებული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანაში არსებობს კომპანიები, რომლებიც კორპორატიულ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავენ.
მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოს ბანკია, რომლის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლებაა. ამ მიმართულებით ბანკი უკვე წლებია ბევრ პროექტს უჭერს მხარს და თავადაც ქმნის მათ.
FirstNews.ge დაინტერესდა, თუ როგორ და რა ფორმით ზრუნავს არაფორმალურ განათლებაზე და ამის შესახებ საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობისა და CSR ის ხელმძღვანელს თამარ გოჩაშვილს ესაუბრა:
არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ბანკი მხარს უჭერს და ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიც არის Charte.ge. ეს არის პლატფორმა,რომელიც 2017 წელს შეიქმნა. დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. ჩვენი აზრით, ინტერნეტთან ანუ ინფორმაციაზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ამიტომ, საქართველოს ბანკი ამ პროექტის მთავარი პარტნიორია. ბანკის მხადრაჭერით 370 მოსწავლეს უკვე აქვს ინტერნეტი ამ პროექტის დახმარებით.
კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ბანკი სოციალური მეწარმეობის წახალისების მიზნით ახორციელებს, არის Social impact award – SIA. ეს არის საერთაშორისო პროგრამა სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ გახდნენ მეწარმეები და ამავდროულად, პოზიტიური სოციალური ცვლილებები მოუტანონ საზოგადოებას. 2009 წლიდან SIA სტუდენტებს სთავაზობს ექპერტებისა და პროფესიონალების მხარდაჭერას ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. საქართველოს ბანკი SIA-ს მთავარი პარტნიორია. ამ პროექტში უკვე მონაწილეობა მიიღო 500 სტუდენტმა, 9 პროექტი დაფინანსდა და ამჟამად წარმატებით ფუნქიონირებს 4 სოციალური საწარმო.
Public speacking- საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ინოვაციური, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება! სწორედ ამიტომ, ბანკი მეცხრე წელია მხარს უჭერს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომლის მიზანია ინგლისური ენის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. პროექტში მსოფლიოს 60 სხვადასხვა ქვეყანაა ჩართული; მონაწილეთა რაოდენობა კი 40 000 აღწევს. სიტყვით გამომსვლელებს აქვთ უნიკალური შანსი, არა მხოლოდ გააცნონ საკუთარი თავი მსოფლიოს, არამედ გაიმარჯვონ და წარადგინონ საქართველო ლონდონში ფინალურ გამოსვლაზე. საერთო ჯამში, 8 წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ლონდონში უკვე 7 ახალგაზრდა გაემგზავრა“.
ნებულა- ნებულა არის ონლაინპლატფორმა, რომელიც ეხმარება აბიტურიენტებს, წარმატებით მოემზადონ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ნებულას მეშვეობით სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია ყველასთვის − განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა და სოციალური მდგომარეობისა. პლატფორმაზე დაგხვდებათ ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც აერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რისი ცოდნაც აუცილებელია ზოგად უნარებში სრულყოფილად მოსამზადებლად. ამასთანავე, მასალა ახსნილია ამომწურავად და მაქსიმალურად გასაგებად. საქართველოს ბანკთან ერთად ნებულას მიზანია, უზრუნველყოს სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობა და განათლების ხელშეწყობა. პროექტში მონაწილეთა რაოდენობა დღესდღეობით 33 000-ზე მეტ პირს ითვლის.
ხანის აკადემია- საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, რის ფარგლებშიც ვქმნით და მხარს ვუჭერთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს! აღნიშნულ პროექტებს შორის არის ხანის აკადემია − არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია, ნებისმიერ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი მაღალი ხარისხის განათლებაზე. საქართველოს ბანკი აკადემიის საქართველოში დაარსების დღიდან მისი მჭიდრო პარტნიორი და მხარდამჭერია, რადგან: ხანის აკადემიის მიზანია, უზრუნველყოს მაღალხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ყველგან და ყველასთვის; აკადემიის სტუდენტები წარმოადგენენ მილიონობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან; აკადემიის სასწავლო პროგრამები ნათარგმნია მსოფლიოს 36 ენაზე. ხანის აკადემიის ვებგვერდზე იხილავ 4 200-ზე მეტ უფასო მიკროლექციას სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო ცოდნა და კიდევ უფრო მეტად გაიმარტივონ საკუთარი მიზნების განხორციელება.
TEDx- საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მიზანი ინოვაციური, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერაა! სწორედ ასეთი პროექტია TEDx. ის არის უნიკალური შესაძლებლობა, გააცნო საკუთარი იდეა მსოფლიოს და დაარწმუნო შენი ხედვის ღირებულებაში! TEDx-ი არის სივრცე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტ TEDx ორგანიზაციას აერთიანებს. TEDx არის დრო, რომელსაც ხალხი ინოვაციური ჩანაფიქრების გაზიარებისთვის იყენებს. ღონისძიება საქართველოში 2013 წლიდან იმართება
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებისა, რეგიონებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, დავიწყეთ რეგიონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი. პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ სივრცე, სადაც გამოცდილ ადამიანებთან ერთად ვისაუბრებთ განსხვავებულ და სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე. წარმატებული ახალგაზრდები კი თანატოლებს საკუთარი წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ. იმისთვის რომ ეს შეხვედრა იყოს ინტერაქციული, სპიკერების გამოსვლების შემდეგ სტუდენტებს ვთავაზობთ ქოუჩინგის ერთ საათიან სამუშაო პროცესს, რაც მათ მიღებული ინფორმაციის გააზრებაში დაეხმარება. მისცემს ინპირაციას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.
გვსურს შევცვალოთ დამკვიდრებული სტერეოტიპული მიდგომები პროფესიის არჩევისას ან მომავალი საქმიანობის დაგეგმვისას ახალგაზრდებში. გვინდა მათ მივცეთ ინსპირაცია და მოტივაცია, რომ თანამედროვე, გლობალური სამყარო იძლევა შესაძლებლობას, ტექნოლოგიების საშუალებით ხელმისაწვდომი იყოს მათი იდეებისა თუ ოცნებების განხორციელება. გვინდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რომ წარმატება სხვადასხვანაირია, წარმატების უკან ბევრი შრომა დგას, მაგრამ წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია.
რა ტიპის არაფორმალურ განათლებას ემსახურება თქვენი იდეა?
გამოცდილი სპიკერების მიერ კონკრეტულ თემაზე ხედვების, ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაზიარება, ქოუჩინგის მეთოდით თავად სტუდენტების მოტივაცია. ყოველ ჯერზე ამ პროექტის თემის შერჩევისას ვატარებთ მცირე გამოკითხვას კონკრეტულ უნივერსიტეტში და შესაბამისად ვარჩევთ თემას და სპიკერებს. თუმცა, ძირითადი მიზანი ახალგაზრდების მოტივირებაა, საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება და მათი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაა.
რომელ რეგიონებში განახორციელეთ უკვე ეს იდეა და კიდევ სად აპირებთ?
პირველი შეხვედრა ქუთაისში შედგა, რომლის მთავარი თემა შესაძლებლობების სამყარო იყო. შეხვედრის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მომავალმა მაგისტრებმა მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია ჩივნინგისა და ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებზე, სან-დიეგოს უნივერსიტეტის დაფინანსების შესაძლებლობებზე, ასევე, Social Impact Award-ის, TEDx-ის საერთაშორისო პროექტებზე, სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსზე. შეხვედრაზე მოსულ ახალგაზრდებს, საკუთარი გამოცდილება, გაუზიარეს საქართველოს ბანკის სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების გამარჯვებულებმა. თუ როგორ შეიძლება განახორციელო საკუთარი იდეები და გამოიყენო განათლებით მიღებული უსაზღვრო შესაძლებლობები. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების ექსპერტის, პაატა პაპავას ვორკშოპში- „დაიჯერე შენი შესაძლებლობების“.
მეორე შეხვედრა შედგა 22 ნოემბერს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან. არაფორმალური განათლების თემატიკაზე გამართული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების მეტი ჩართულობა, მოტივირება. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ანდრო დგებუაძის ვორკშოპში. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ტექნოლოგიური განვითარება და ადამიანის თვითობა - იფიქრე, იგრძენი, იმოქმედე“. ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება, დაისახონ მიზნები, იდეები და საბოლოოდ განახორციელონ საკუთარი ოცნებები.
შემდეგი შეხევედრები იგეგმება რეგიონებში არსებულ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში - თელავის, ზუგდიდის, ახალციხის, გორის უნივერსიტეტებში.
არის თუ არა რეალური შედეგის მომტანი აღნიშნული იდეა?
კონკრეტული შედეგი არის ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებში რეგიონის ახალგაზრდების გააქტიურება, ამ ახალგაზრდების დაინტერესება მსგავსი შეხვედრების მიმართ, მათვის მიცემული რჩევების და გაზიარებული გამოცდილების მათ მიერ გამოყენება, აზროვნების და ხედვის არეალის გაზრდა,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში თამარ გოჩაშვილმა.
როგორც ვხედავთ, საქართველოში არსებული ფორმალური თუ არაფორმალური განათლება უფრო მეტ დახვეწას მოითხოვს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ბოლო პერიოდმა კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ინტერნეტის აუცილებლობა რეგიონებსა და სოფლებში, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების საჭიროებისას. ტექნოლოგიების ეპოქაში ის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ატრიბუტია. საქართველოს ბანკის ასეთი აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მაინც რჩება პრობლემები, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. დღესდღეობით, XXI საუკუნეში, განათლების მიღება, რომელიც ყველას უფლებაა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მოზარდისთვის.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის