“ნავალნის დაპატიმრება პუტინის კარგად გათვლილი პოლიტიკური მანევრი იყო”

“ფაქტია, რომ დასავლეთის ილუზიები, რომ სასამართლო ნავალნის მიმართ ლმობიერებას გამოიჩენდა და სანქციების აუცილებლობა არ დადგებოდა, არ გამართლდა.

შეგვიძლია უსასრულოდ ვაკრიტიკოთ ევროკავშირი იმის გამო, რომ ახალი სანქციების შემოღებაზე ფეხს ითრევს ხოლმე, მაგრამ სამართლიანობის გამო ისიც უნდა ითქვას, რომ როცა ევროკავშირს სხვა გამოსავალი არ რჩება, პრინციპულობას იჩენს და ვერავინ იტყვის, რომ რუსეთზე დაკისრებული სანქციები უმტკივნეულოა და ქვეყნის კეთილდღეობაზე გავლენას არ ახდენს”, - აცხადებს ევროპარლამენტარი ლიეტუვადან ნერიუს მალიუკევიჩუსი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამდენად შორს წასასვლელად არის მზად დასავლეთი პირველი ოპოზიციონერის გასათავისუფლებლად / “თუ ხელოვანები საკუთარ შემოქმედებით საქმიანობას პუტინის ლაქიობას უთავსებენ, ყირიმის აღიარების პეტიციაზე აწერენ ხელს და 2008 წლის ომს იწონებენ, ვფიქრობ, ასეთი ხალხი ავტომატურად უნდა ხვდებოდეს პერსონა ნონ გრატა სიაში”.

 

“რამდენად შორს წავა ამჯერად ევროკავშირი? იდეალური იქნებოდა, თუ ახალი სანქციების სამიზნე “ნორდსტრიმ 2”-ის გაზსადენი გახდებოდა, მაგრამ ამისთვის გერმანიის თანხმობაა საჭირო. ამას გარდა, დასავლეთს შეუძლია იხელმძღვანელოს ნავალნის გუნდის სიით, სადაც ამ უკანასკნელის მოწამვლაში მონაწილე ან ხელშემწყობი პირები ფიგურირებენ. ასევე კარგი იქნება, თუ ბრიუსელში გულდასმით შეისწავლიან ნავალნის საგამოძიებო ფილმებს - ვფიქრობ, იქ საკმარისად იპოვიან იმ პირებს, რომლებიც პუტინის სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენენ... საქმე ის არის, ნავალნის დაპატიმრება პუტინის კარგად გათვლილი პოლიტიკური მანევრი იყო და არა ბრაზის გადმონთხევა და მისი გაჩუმების ცდა. ვფიქრობ ის ახლა ნავალნის სავაჭრო მონეტად გამოიყენებს დასავლეთთან მოლაპარაკებებში, რათა გონიერი ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინოს, რომ მზად არის დასავლეთის თხოვნას ანგარიში გაუწიოს. ნავალნის გათავისუფლება შეიძლება გახდეს “ახალი საწყისი ეტაპი” კრემლისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ურთიერთობებში. ასევე მოსალოდნელია, რომ პუტინმა ნავალნის თავისუფლება “ნორდსტრიმ 2”-ის ხელშეუხებლობის გარანტიებზე გაცვალოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნერიუს მალიუკევიჩუსი.

 

“რაც შეეხება “კირკოროვის საქმეს~, ეს 10 წლის წინ რომ მომხდარიყო, შეიძლება ფურორი გამოეწვია, ახლა კი მშვიდად მიიღეს. ფაქტია, ის პრობლემად იქცა - პრობლემა იყო მისი გამუდმებული მონაწილეობა პუტინის პოლიტიკურ ავანტიურებში, მისი ყირიმში გამართული საზეიმო კონცერტები და ასე შემდეგ. პიარგადმოსახედიდან, კირკოროვის “შავ სიაში” შეყვანა სწორი გათვლა იყო არა მარტო იმის გამო, რასაც ის აკეთებს, არამედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნითაც - შეიძლება სანქციები დააკისრო კრემლის ათ ოლიგარქს, რომლებზეც მოსახლეობას არაფერი სმენია, მაგრამ კირკოროვი სხვა საქმეა - ეს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დააფიქრებს, თუ რატომაა საჭირო რუსეთის შეკავება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვინც ამით უკმაყოფილოა _ მათი მთავარი არგუმენტია, რომ პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სწორედ კირკოროვმა და მისმა იდეოლოგიურმა საძმომ დაიწყეს პირველად კრემლის პოლიტიკისა და კულტურის ერთმანეთში აღრევა. ცოტა ხნის წინ, მინსკის პროტესტების დროს, მან და მისმა თანამოაზრეებმა ლუკაშენკოს მხარდამჭერი სიმღერაც გაავრცელეს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამ სიმღერას მხოლოდ ხელოვნებისა და კულტურის გადმოსახედიდან უნდა მივუდგეთ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელ რუსეთში პოლიტიკისა და კულტურის გამყოფი ხაზი აღარ არსებობს. შესაბამისად, ჩვენც უნდა მივიღოთ ზომები, რომ კრემლის რბილი ძალის შემოტევებს გავუმკლავდეთ” - დაასკვნის ევროპარლამენტარი და შეკითხვაზე - “90-იანი წლების შემდეგ საქართველოს რუსეთისგან ბევრად მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე ლიეტუვას. მიუხედავად ამისა, კირკოროვი, ბეზრუკოვი, ლუჟკოვი და მისთანანი კვლავ უპრობლემოდ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. ამაზე რას იტყვით?” - პასუხობს:

 

“ვფიქრობ, რუსეთის რბილ ძალას უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ - თუ ხელოვანები საკუთარ შემოქმედებით საქმიანობას პუტინის ლაქიობას უთავსებენ, ყირიმის აღიარების პეტიციაზე აწერენ ხელს და 2008 წლის ომს იწონებენ, ვფიქრობ, ასეთი ხალხი ავტომატურად უნდა ხვდებოდეს პერსონა ნონ გრატა სიაში... ანალოგიური პოზიცია უნდა ჰქონდეს დასავლეთსაც, რადგან დღეს აშკარაა, რუსეთი ფიქრობს, რომ შეუძლია რაც მოეპრიანება, ის აკეთოს სამეზობლოში, შემდეგ კი დასავლეთს უტიფრად მოსთხოვოს ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის თავისუფლების პრინციპებით თანამშრომლობა. მსგავსი კომბინაცია შეუძლებელი უნდა გახდეს: არ შეიძლება იყო აგრესორი მეზობლებთან და შემდეგ მომგებიანი ბიზნესპროექტები გაჩარხო დასავლეთთან”.

წაკითხვა 494 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.