ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება

 

სტატიის თანახმად, ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დაფიქსირებული დადებითი სხვაობის შემდეგ, ივლისიდან ქვეყანა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება.

 

„დეფიციტის შესავსებად საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს. ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურების გამო იმპორტი ლარში სულ უფრო ძვირდება. თუ საქართველოს უნდა, ელექტროენერგიის ხარჯები შეამციროს და ნაკლებად დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნებზე, ენერგოეფექტიანობის გაზრდასთან ერთად, ქვეყანამ ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალის გაზრდაზეც უნდა იფიქროს. ენგურჰესის რეაბილიტაციამ შეიძლება პრობლემის დიდი ნაწილი გადაჭრას.

 

ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას განცხადებით, ენგურჰესის დერივაციული გვირაბიდან ყოველწლიურად იმდენი წყალი იკარგება, რაც დამატებით დაახლოებით 250 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იქნებოდა საკმარისი. ეს ტურბინის 1-ლი, მე-2 და მე-5 მილსადენების დაზიანებით არის გამოწვეული. რეაბილიტაციის შემდეგ, რაც, გეგმის თანახმად, 3 თვე (იანვარ-აპრილი) გაგრძელდება, წყლის დაკარგვის პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრება და ჰესი ყოველწლიურად დამატებით 100-120 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ენგურჰესის რეაბილიტაციის ხარჯ-სარგებლიანობის ანგარიში, რომლის თანახმადაც, რეაბილიტაციის პროექტი 96 მლნ. ლარი დაჯდება. თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ჰესის მოვლა-შენახვის ხარჯები განახევრდება და პროექტის მოსალოდნელი მოგება 264 მლნ. ლარი იქნება 15 წლის განმავლობაში.

 

1-ლი გრაფიკიდან ვხედავთ, რამდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა ენგურჰესი და ენერგიის სხვა წყაროები იანვარ-აპრილის პერიოდში ბოლო 5 წლის განმავლობაში. ისიც ჩანს, როგორია ელექტროენერგიის მოხმარების დინამიკა. წლის ამ პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე გამომუშავებასა და მოხმარებას შორის სხვაობა ისტორიულად უარყოფითია, რის გამოც ჭარბი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქვეყანას ელექტოენერგიის იმპორტი უწევს. გრაფიკიდან იმასაც ვხედავთ, რომ ენგურჰესზე ელექტროენერგიის გამომუშავების საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი მოდის. რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც ჰესი გაჩერდება, ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 300 მლნ. კვტ/სთ-ით შემცირდება მთელი ამ დროის განმავლობაში.

 

რამდენად რთული იქნება ეს საქართველოსთვის?

 

ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას თითქმის სრულად აფხაზეთი მოიხმარს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჰესის გაჩერება საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

 

ჰესის გაჩერება აფხაზეთისთვის უფრო დიდი პრობლემაა. საქართველოს მთავრობა და აფხაზეთის რეგიონის სეპარატისტული მთავრობა მოქმედებენ 1997 წლის ზეპირი შეთანხმების ფარგლებში, რომლის თანახმადაც, გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთმა, 60% კი საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს. თუმცა ბოლო წლებში აფხაზეთის მოხმარება სტაბილურად იზრდებოდა და იმ დონეს მიაღწია, რომ ზამთარში თითქმის 100%, სხვა სეზონებზე კი 55-60%-ს შეადგენს. იანვარ-აპრილის პერიოდი ყველაზე კრიტიკულია. 2015 წლიდან, იანვარ-აპრილის პერიოდში აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება ბევრად აღემატებოდა ენგურჰესის მთლიან გამომუშავებას, 2017, 2019 და 2020 წლებში კი უკვე ენგურისა და ვარდნილის ჰესების ერთობლივ გამომუშავებულ ელექტროენერგიასაც აჭარბებდა

 

როგორც წესი, საქართველო დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს და აფხაზეთს აწვდის. აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ძირითადად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ელექტროენერგიის საფასური, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ბევრად ნაკლებია. თელასის ტარიფი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიისთვის 0.04-0.07 აშშ დოლარს შორის მერყეობს, როცა აფხაზეთის მოსახლეობა ბევრად ნაკლებს (0.0063 აშშ დოლარს) იხდის. ეს გარემოება განაპირობებს ელექტროენერგიის არაეფექტიან მოხმარებასა და გაზრდილ მოთხოვნას:

 

ა) შინამეურნეობები და კომპანიები: ელექტროენერგიის შედარებით დაბალი საფასურის გამო, აფხაზეთის მოსახლეობას არ აქვს მოტივაცია, უფრო ეფექტიანად მოიხმაროს ელექტროენერგია. საშუალოდ, აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ოთხჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე საქართველოს დანარჩენი რეგიონების მაცხოვრებლები, რის გამოც აფხაზეთის ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარება მცირედით აღემატება თბილისის მთლიან მოხმარებას; ეს იმ დროს, როცა თბილისის მოსახლეობა ხუთჯერ აღემატება აფხაზეთისას და ტექნოლოგიურადაც ბევრად უფრო განვითარებულია.

 

ბ) კრიპტოვალუტების მაინინგი: კრიპტოვალუტის მაინინგს მხოლოდ ელექტროენერგია სჭირდება (რაც ენერგიის გადამუშავებასა და პროცესორის გაგრილებას ხმარდება), ამიტომ იაფი ელექტროენერგია მნიშვნელოვნად ზრდის მაინინგის მომგებიანობას. რიგი გამოთვლების თანახმად, კრიპტოვალუტის მაინინგზე აფხაზეთის მიერ მოხმარებული მთლიანი ელექტროენერგიის მესამედი მოდის. აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ მაინინგით დაკავებული პირებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 0.02 აშშ დოლარამდე გაზარდა და ასე სცადა ენერგიის მოხმარების მზარდი ტენდენციის განეიტრალება. თუმცა ვითარება დიდად არ შეცვლილა, რადგან მაინერების მხოლოდ 20% მუშაობს ლეგალურად. დანარჩენები კი, ფაქტობრივად, ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარენ.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესის რეაბილიტაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთ ზემოხსენებული ქართული მომარაგების გარეშე დატოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ელექტროენერგიის რუსეთის ფედერაციიდან გაცილებით მაღალ ფასად შემოტანა მოუწევთ. ამიტომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ გადაწყვიტა, გაამკაცროს კრიპტოვალუტების მაინინგის რეგულაციები. მათ 2021 წლის 1 ივნისამდე აკრძალეს კრიპტოვალუტების მაინინგი და მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი. გარდა ამისა, ამ ეტაპზე მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით იღებს. დღის გარკვეულ საათებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რაც უარყოფითად აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

ამ აკრძალვებმა შეიძლება დროებით გადაჭრას ელექტროენერგიის მოხმარების პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთში, თუმცა ეს არ არის პრობლემის სამუდამოდ გადაჭრის გზა. ელექტროენერგიის მოხმარების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრისთვის, აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას მოუწევს მაღალი ტარიფების დაწესება და მომხმარებელთა მხრიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდის უზრუნველყოფა. როგორც „ჩერნომორენერგოს“ ტექნიკური ოპერაციების დირექტორმა, რუსლან კვარჭიამ განაცხადა, აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის მხოლოდ 54%-ის ამოღება ხდება. წინა წლებში საქართველოს მთავრობამ შესთავაზა აფხაზეთს მრიცხველების დაყენება, თუმცა აფხაზურმა მხარემ შემოთავაზებაზე უარი თქვა.

 

როგორც უკვე ვახსენეთ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ენგურჰესი 100-120 მლნ. კვტ/სთ-ით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რამაც მოხმარებასა და გამომუშავებას შორის სხვაობა უნდა შეამციროს. კარგია ისიც, რომ ფილტრაციული წყლების გაზრდილი მოდინების პრობლემა აღმოიფხვრება; შესაბამისად, ტუმბოების მუშაობასაც ნაკლები ელექტროენერგია დასჭირდება. შემცირდება ავტომანქანების ექსპლუატაციის ხარჯებიც. თუმცა არ გვაქვს გარანტია, რომ აფხაზეთში ამჟამად მოქმედი რეგულაციები ენგურჰესის ამუშავების შემდეგაც დარჩება ძალაში. შესაძლებელია, რომ, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის შემდეგ ჰესი მუშაობას დაიწყებს, აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობა კვლავ დაუბრუნდება იმ პოლიტიკას, რაც ელექტროენერგიის მოხმარების არაეფექტიან საქმიანობას ახალისებს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, აფხაზეთმა მალევე აითვისოს დამატებითი ელექტროენერგია და კიდევ უფრო გაამწვავოს როგორც აფხაზეთის, ისე დანარჩენი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პრობლემა.

 

მომავალში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის არაეფექტიანი მოხმარების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, საქართველოს მთავრობამ იფიქროს შეთანხმების განახლებაზე, რომლის თანახმადაც, აფხაზეთს მოუწევს საბაზრო ფასი გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ 1997 წლის შეთახმებით დადგენილზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. გარდა ამისა, ახლა, როცა აფხაზეთმა ცხადად დაინახა მიღწეული სტატუს-კვოს საფრთხეები, საქართველოს მთავრობას საშუალება აქვს, კვლავ დააყენოს დღის წესრიგში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამრიცხველიანების საკითხი.

 

საბოლოოდ, მოიტანს ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი გრძელვადიან სარგებელს თუ ექნება მხოლოდ ერთჯერადი სარგებელი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ საქართველოს მთავრობა და აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობა, სწორად გამოიყენონ ეს შანსი და იმგვარად განაახლონ 1997 წლის შეთახმება, რომ ორივე მხარემ ნახოს სარგებელი,“-აღნიშნულია „აისეტის“ სტატიაში.

 

https://www.bpn.ge/

წაკითხვა 528 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 14 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.