რომელ 20 ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლა

“პარლამენტმა სამშაბათს 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის გაუქმებაზე უარი თქვა.

ამას წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკაონ “ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან” და მორიგი მოწოდება ქართული ოპოზიციისადმი ევროპარლამენტიდან, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. პარლამენტში მანდატების საკითხის ჩაგდების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა სურს. სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, 20-მდე ოპოზიციონერ დუპუტატს უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ “ოცნებას” ეშინია და მაქსიმალურად ცდილობს დრო გააჭიანუროს და ერთპარტიული პარლამენტი არ გაფორმოს ქვეყანაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ითხოვდნენ დასავლელი დიპლომატები სამშაბათის კენჭისყრის ჩაგდებას და რომელ 20 ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლას.

 

“მათი თქმით, ეს ოპოზიციის გეგმებს ვერ შეცვლის, პროცესიის გაწელვას კი აზრი აქვს, თუ მმართველი პარტია ფიქრობს ჩანიშნოს ახალი არჩევნები. მანამდე, ორშაბათს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საგანგებო განცხადება გააკეთა: „იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ჩანს, მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს; უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა”, - განაცხადა ჰარცელმა. ორშაბათს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა მაიკლ გალერმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მიუხედავად იმისა, იყო თუ არა თანაბარი გარემო, ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ყოველთვის ყველას მოვუწოდებ, რომ პარლამენტში ადგილები დაიკავონ. თუ არჩევნების გაკრიტიკება გსურს, ამის გაკეთება საპარლამენტო სცენიდან, სესიაზე მიკროფონით უფრო რელევანტურია”, - განაცხადა მაიკლ გალერმა.

 

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პარლამენტში შესვლის მსურველები შესაძლოა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის იყვნენ, რომლებიც არც ისე ხშირად ჩნდებიან ტელეეთერებში და პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით რადიკალური პოზიციით არ გამოირჩევიან”, - დასძენს გამოცემა.

 

წაკითხვა 598 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.