ბოიკოტი ბოლომდე ან პარლამენტში შესვლა
“მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩეევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით დისკუსიას და შეთანხმებას სთავაზობს. ეს საკმაოდ მომხიბლავი წინადადებაა წვრილი პარტიებისათვის, თუმცა, ანალიტიკოსთ აზრით, არაფერში აწყობს მთავარ ოპოზიციურ პარტიას.
შესაბამისად, ისინი მხოლოდ ამის სანაცვლოდ პარლამენტში “ნაცმოძრაობის” შესვლას გამორიცხავენ და პროგნოზირებენ, რომ საბოლოოდ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების წინ “ნაციონალები” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღებულია ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3 პროცენტამდე ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბოიკოტი ბოლომდე ან პარლამენტში შესვლა - რომელი პარტიისთვის რომელი გზაა უფრო მომგებიანი.
“მმართველი გუნდი ამის პარალელურად პარლამენტში “გირჩს” ელოდება, რომლის სურვილიც და მოთხოვნა სწორედ საარჩევნო ბარიერის დაწევა იყო. “გირჩის” წევრები “ოცნების” შეთავაზებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ თუ კი ხელისუფლება ამაზე დისკუსიას რეალურად დაიწყებს და ეს მხოლოდ ჰაერში წარმოთქმული სიტყვები არაა, მაშინ ისინი პარლამენტში თავადაც შევლენ და ოპოზიიცის სხვა წევრებსაც დაარმწუნებენ, რომ შევიდნენ. ოპოზიციის ნაწილის არზით კი “ქართული ოცნება” ბარიერით ვაჭრობას იწყებს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით წინადადებაზე მმართველი გუნდი ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურ ჯგუფებში არიან ამ საკითხზე დისკუსიის მომხრე პარტიები და თუ რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია თანახმა არ იქნება, ეს ოპოზიციაში გაურკვევლობას შეიტანს. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დისკუსიისთვის მზადაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით საღი აზრი გამოიძებნება და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ შეთავაზებაზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ. ამისთვის ვხსნით დისკუსიას, რომ ერთად ჩამოვყალიბდეთ, გავაკეთოთ სწორი არჩევანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამისთვის მზად ვართ, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს ოპოზიციური ჯგუფებიდან, რომ პატივისცემით მოეკიდებიან ამ შეთავაზებას და შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პოზიციას და ამით პატივს სცემენ ამ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არსებულ აზრს, რომ მზად არიან, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში გადავიდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ”, - განაცხადა ოხანაშვილმა. უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით კი, “ე.წ. დიდი ოპოზიციური პარტიის ინტერესშია, 2024 წლის არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება, რადგან იცის, რომ მაღალ ბარიერს მხოლოდ ის და “ქართული ოცნება” გადალახავს, ხოლო პატარა პარტიები გაქრებიან. მისივე თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, პარლამენტში პატარა პარტიები იყოს წარმოდგენილი და მზად არიან, ბარიერის დაწევის საკითხზე დიალოგისთვის“, - განაგრძობს გამოცემა.
“არათუ საარჩევნო ბარიერის დაწევა, სისტემას ვცვლით და ელექტრონული საარჩევნო სისტემა შემოგვაქვს. მზად ვართ 0-დან 3-მდე ბარიერი განვიხილოთ, ოღონდ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და უნდა ილაპარაკონ. მარგინალიზაციის გზა განვითარების გზა არ არის”, - განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას... “ქართული ოცნება” რაც უფრო მალე შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, “ოცნების” მიერ დაანონსებული ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა და ის ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, შესაბამისად, ოპოზიცია ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ნორმალური და გამართული საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებაში ყველა ოპოზიციური პარტია დაინტერესებული უნდა იყოს, თუმცა საარჩევნო ბარიერის დაწევა”ნაციონალებს”-ს არაფერში აწყობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლის შედეგად საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო დეპუტატთა რაოდენობა ვერ მოგროვდეს”, - დასძენს გამოცემა.
“საარჩევნო ბარიერის დაწევა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგანაც პატარა პარტიებს საშუალება მიეცემათ, რომ გაძლიერდნენ და პოლიტიკურ ველზე ახალი ძლიერი პარტიები მივიღოთ. “ოცნების” ინტერესი აქ ის არის, რომ ამით “ენმ” დასუსტება შეძლოს. თუმცა ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო, სადაც 113 დეპუტატი უნდა იყოს. ამიტომ აუცილებელია, რომ ენმ პარლამენტში შევიდეს. ამის მოლოდინი კი ნაკლებად არსებობს, რადგანაც “ნაციონალები” კარგად ხვდებიან აქ რა ძაღლის თავიც არის დამარხული და საკუთარი თავის წინააღმდეგ ხმას ხომ არ მისცემენ... ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ბევრ რამეს იგებს და ცდილობს, რომ პარლამენტში ოპოზიციის რაც შეიძლება დიდი ნაწილი შეიყვანოს. ყველაზე მეტად საარჩევნო ბარიერის დაწევა პატარა პარტიებს უნდა აწყობდეთ. მათ ამით მიეცემათ შანსი, რომ ახალი, მესამე პოლიტიკური ძალა შექმნან და ქვეყანაშიც პოლიტიკური ველი ორ პარტიას არ ჰქონდეს დაკავებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავს, თუ ეს მიხეილ სააკაშვილმა არ დაადასტურა. შესაბამისად საარჩევნო ბარიერის დაწევაც არ გამოვა. თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთ შემთხვევაში წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალების” მონაწილეობა ლოგიკურად აუხსნელი იქნება და ეს მათ ძალიან დააზიანებთ - თუ პარლამენტში იმ მიზეზით არ შედიან, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს და არც საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობა არ სურთ, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში რატომ მონაწილეობ?! ამიტომაც ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ “ენმ” ადგილობრივ არჩევნებისას საკამოდ მძიმე მდგომარეობაში იქნება ჩავარდნილი. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო ბარიერის დაწევა ან საერთოდ გაუქმება არაფერში აწყობს, ამიტომაც პარლამენტში ამის მხარდასაჭერად არ შევა. საყვარელიძის თქმით, ისინი ამის შესახებ ღიად არ საუბრობენ, რადგანაც არაკოლეგიალური იქნება და ამით ოპოზიცისიის განაწყენებას გამოიწვევნ, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბარიერის დაწევას ხელი შეუშალონ”, - წერს სტატიის ავტორი.
“ენმ რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ ყველანაირად ეცდება, რომ ბოიკოტის მუხტი არ დავარდეს და მეორე მხრივ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხის პედალირებას მოახდენს. “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას კვებავს. ბევრი ადამიანი, ვინც ადრე “ენმ”-ს ხმას აძლევდა, დღეს “სტარტეგია აღმაშენებელს”, “ევროპელებს”, “გირჩს” და “ლელოს” აძლევს. ასე რომ, “ენმ” დაჩაგრულ მდგომარეობაში გამოვა, თუკი საარჩევნო ბარიერი დაიწევს. მისი ამომრჩევლის ხარჯზე რიგი პარტიები პარლამენტში შევლენ, მას კი ეს ხმები დააკლდება. ამიტომ არ აწყობს, რომ ბარიერმა დაიწიოს. როცა ბარიერი მაღალია, ასეთი პატარა პარტიები ცდილობენ, რომ “ენმ”-ის წევრები გახდნენ, ანუ ბლოკებად გაერთიანდნენ და პარლამენტში შევიდნენ. ეს კი “ნაციონალებს” აძლიერებს და კვლავ პირველ ოპოზიციურ პარტიად ტოვებს. ამიტომაც იხმარა ხელისუფლებამ ეშმაკობა, როცა საარჩევნო ბარიერი დაუწია. როცა დაბალია ბარიერი, ამ პარტიებს “ენმ” აღარ სჭირდებათ“, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"