"გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე გარდაუვალი მარცხისკენ წაიყვანს"

ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნებამდე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დარჩება და „ქართულ ოცნებას“ გარდაუვალი მარცხისკენ წაიყვანს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მინისტრთა ახალ კაბინეტთან დაკავშირებით განუცხადა.


მისი თქმით, როდესაც საზოგადოებას ასე უპირისპირდები, შემდეგ ის აუცილებლად გაგცემს პასუხს.


როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მარცხი ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია, თუმცა გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნის პირობებში, საინტერესოა, რამდენად მასშტაბური იქნება ეს მარცხი. მისი თქმით, მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მარცხი იმაზე დიდი იქნება, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი პრემიერ-მინისტრის პირობებში იქნებოდა.


„დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიზანმიმართულად დანიშნეს. ძნელად წარმომიდგენია, ისეთი რადიკალური რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ გახარიას მსგავსმა პიროვნებამ გადადგომის საჭიროება იგრძნოს. ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნებამდე ის პრემიერ-მინისტრად დარჩება და „ქართულ ოცნებას“ გარდაუვალი მარცხისკენ წაიყვანს. როდესაც საზოგადოებას ასე უპირისპირდები, შემდეგ ის საზოგადოება, თუ ოდნავ მაინც შერჩენილი აქვს საკუთარი სახელმწიფოებრივი ღირსება, აუცილებლად გაგცემს პასუხს.


საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ შედეგი. ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ განსხვავებული შედეგი დაუდგეს იმიტომ, რომ ამ 1 წელში მთებს ვერ გადაადგილებენ და ვერცერთ იმ პრობლემას, რომელიც ფუნდამენტურად აწუხებს საზოგადოებას, ვერ მოაგვარებენ. ამიტომ ეს მარცხი ისედაც გარდაუვალი იყო.


მეორე საკითხია, ის რომ უკვე გახარიას პირობებში, რამდენად მასშტაბური იქნება ეს მარცხი. ჩემი ვარაუდით, მარცხი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი პრემიერი რომ ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“.


გახარიას თანამედროვე, 21-ე საუკუნის სახელმწიფოს მართვისთვის ყველაზე მთავარი ნიშანი აკლია. ის არც მოწოდებით, არც განათლებით და არც პრაქტიკული მაჩვენებლებით არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის შემძლე ლიდერი. ის არის ე.წ. ძლიერი ხელისუფლის ლიდერი, რომელიც ბევრჯერ ვნახეთ, რომ საქართველოში რეალურად არ მუშაობს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

წაკითხვა 843 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.