"სააკაშვილი პოლიტიკური საფრთხობელაა"- ანრი ოხანაშვილი
მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ “კარტოგრაფების საქმით” ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს.
ოხანაშვილი ოპონენტებს ურჩევს „ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ“. მისთვის გაუგებარია, თუკი არაფერი დაუშავებიათ, რატომ არიან ისინი თავდაცვით რეჟიმში.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოიკვეთოს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა, დეპუტატი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება, თუმცა, დასძენს, რომ თემის პოლიტიზირებით ეჭვს აჩენენ, რომ „რაღაც პოლიტიკურად ძალიან დიდი აქვთ დაშავებული და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან“.
„ეს არის საკითხი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შესაბამისად, არ შეიძლება ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ვცადოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ის რას გამოკვეთს, რამდენ პირს და ვისთან მივა საბოლოო გამოძიება, ამ ყველაფერს ჰყავდა ორგანიზატორი, დამგეგმავი და ა.შ. - ეს არის გამოძიების საგანი და უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რაც არ უნდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმალი იშიშვლოს და გადაეფაროს გარკვეულ პირებს, ყოველ შემთხვევაში, სცადოს გადაფარება. ესეც არა იმ ინტერესით, რომ მათზე ზრუნავენ, ეს ადამიანები რეალურად ვინმეზე კი არ ზრუნავენ, ამით საფუძვლიან ეჭვებს აჩენენენ ხალხში. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ თემის ასეთი პოლიტიზირებით და მთელი რიგი საკითხების გარისკვით, ეს ხალხი რაღაც დიდს მალავს და რაღაც დიდი პოლიტიკური მავნებლობა აქვს ჩადენილი. თუმცა, მოვლენებს ვერ გავუსწრებ, რადგან უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მათ უნდა გვითხრან, კონკრეტულად კონკრეტულ პირებთან მიმართებაში რა დასტურდება და სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ოპონენტების მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის სახელმწიფოებრივი.
„რაც არ უნდა სცადონ, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ ურთიერთობას, პარტნიორობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებენ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება „კარტოგრაფების საქმეს“ წინასაარჩევნოდ იყენებს.“ ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ მიხეილ სააკაშვილს ბრალს წაუყენებენ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი ამოცანა იყო, ივანიშვილს მორიგჯერ გამოეგორებინა სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა“, - აღნიშნა მან.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი