"სახლში პოლიციელებს არავინ დაელოდებოდა და არც გატაცებულ თანხას შეინახავდა"

სახლში არავინ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხას შეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული, - ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, სადაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმას და ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა.


ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა „სამშვიდობოს არის გასული“.


„ძალიან კომიკური ხდება ის უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი, უინტელექტობა და უუნარობა, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და ამა თუ იმ სტრუქტურის წარმომადგენლები და პირველი პირები ახმოვანებენ. დამნაშავე იდენტიფიცირებულია ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიერ. 2 დღეა გვეუბნებიან, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია, ვინ არის, მაგრამ გვიმალავენ, გვეუბნებიან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ თქვათ, თუ ვინმემ იცითო. ხომ კომიკურია? იდენტიფიცირების მთავარი მიზანი და შინაარსობრივად ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, ვინ არის ეს ადამიანი.


ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი ნაბიჯი არ გადაუდგამს შს სამინისტროს ამ დღეების განმავლობაში. ახლა ამ ადამიანის სახლში, სადაც მიდის ჩხრეკა, ალყა რომ დაარტყეს, ეს არის ფარსი და მეტი არაფერი. არავინ სახლში არ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხას არ შეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უუნარობამ და პარალიზებამ ერთი მარტივი მიზეზის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიქცა მონსტრად, რომელსაც უკვე ვეღარ მართავს „ქართული ოცნება“ და მისი „ლიდერშიფი“. შს სამინისტრო გადაქცეულია მონსტრად, რომელიც ორიენტირებულია „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო ყუთში ხმების მობილიზებაზე და არა კრიმინალთან ბრძოლაზე.


მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ავლენდნენ ამ ადამიანის ვინაობას ერთი რამის გამო, ის არის მოქმედი სამხედრო და ღარიბაშვილის თუ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის იმიჯისთვის რომ არ დაერტყა ამ ყველაფერს, ამის გამო მალავდნენ ამას. ამ ადამიანის ვინაობის გაცხადებას აპირებდნენ არჩევნების შემდეგ, ალბათ, დაკავებაშიც უფრო მეტად ჩაერთვებოდნენ დაკავების შემდეგ.


არ დაიმალა სიტუაცია ყველამ თავისი სიტყვა თქვა. ერთმა ადამიანმა ამხელა გამოწვევა გამოგვიგზავნა და ასეთი სამარცხვინო სპეცოპერაციით გაუშვეს ადამიანი, ამხელა თანხა გაატანეს, რასაც ხელი შეუწყვეს. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ის გაუშვეს. ამ ადამიანის გათვლაც მდგომარეობდა იმაში, რომ სწორი დრო შეარჩია, ნახა რომ სისტემა მის წინააღმდეგ ხისტი მეთოდებით ვერ წავიდოდა, იმის გამო, რომ საარჩევნოდ ვინმე რომ დაშავებულიყო „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტად დააზიანებდა. ამაზე ჰქონდა გათვლა. გაუშვეს პრობლემა მოიშორეს გაატანეს ფული, მით უმეტეს, ეს მათი ფული არ იყო „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადაო“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 


შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წაკითხვა 609 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.