რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზებს თითი დაუქნია - გაუპატიურება სოხუმში და ქართველი გვარდიელების რუსი ცოლები
“აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის, ალექსეი დვინიანინის ინტერვიუმ ახალი სკანდალი და სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია.
დვინიანინმა, პრაქტიკულად, ღიად დასდო ბრალი დე ფაქტო ხელისუფლებას ეთნიკური რუსებისა და რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევაში და ამის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა. ამის საპასუხოდ კი “ელჩს” უსაყვედურეს, რომ იგი აფხაზეთში ქართველი გვარდიელების ცოლებს მფარველობს. სკანდალი აფხაზური ტელევიზიით გასულ “ელჩის” ინტერვიუს მოჰყვა. ალექსეი დვინიანინმა პირდაპირ განაცხადა, რომ აღარ მოითმენს რუსი ტურისტების, ბიზნესმენებისა და უბრალო ეთნიკური რუსების ჩაგვრას აფხაზეთში - მკაცრად გააკონტროლებს ვითარებას და დაიცავს მათ ინტერესებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზებს თითი დაუქნია - გაუპატიურება სოხუმში და ქართველი გვარდიელების რუსი ცოლები.
“დვინიანინის განმარტებით, იმ დანაშაულებზე, რომელიც აფხაზების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების, ან ეთნიკური რუსების წინააღმდეგაა ჩადენილი, სამართალწარმოება აუხსნელადაა გაწელილი დროში. მან ამის მაგალითად 2019 წლის 31 ივლისს აფხაზეთში არასრულწლოვანი მოქალაქის, ედგარ აბუხბას მიერ რუსეთის მოქალაქის გაძარცვისა და გაუპატიურების საქმე მოიყვანა, რომელზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ კიდევ არაა გამოტანილი მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა. “ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, ეს საქმე სასამართლოს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გადაეცა. ამის შემდეგ კი მოსამართლე ეკატერინა ტირკბა საქმის გაჭიანურებას ყველანაირად ცდილობს. ბოლო სხდომა 14 იანვარს გაიმართა და მოსამართლემ ის კიდევ ერთხელ გადადო, რადგანაც, მისი ვერსიით, ბრალდებული ავად გახდა. სინამდვილეში ის სრულად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს სრული განუკითხაობაა”, - განაცხადა დვინიანინმა. მის ბრალდებებს ე.წ. უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელი ჯემალ გოგია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აბუხბას საქმე მართლაც ჯერ კიდევ წარმოებაშია და საბოლოო ვერდიქტი არაა გამოცხადებული, რის გამოც მოსამართლე ტირკბას წინააღმდეგ დისციპლინარულის სამართალწარმოება დაიწყო. მისივე თქმით, დვინიანინის განცხადება შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილის დანაშაულების საქმეების გადახედვის საფუძველი გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე “რეზონანსთან”საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში მომხდარი მსგავსი შემთხვევების შესახებ თავადაც არაერთხელ სმენია. “განსაკუთრებით იჩაგრებოდნენ მოხუცები და დაუცველი ხალხი, რომლებიც აფხაზეთში საცხოვრებლად იყვნენ გადმოსული. შესაძლოა მოხუცი რუსეთში შვილთან სამკურნალოდ წასულიყო და რომ დაბრუნდებოდა, სახლში სხვა ხვდებოდა - ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო. შედეგი არასოდეს არ დგებოდა. წინა ე.წ. ელჩი იმასაც კი ამბობდა, რომ 4 000 განცხადება იყო შესული მის აპარატში დაჩაგრული რუსებისგან, თუმცა ვერაფერს აკეთებდა. მოსკოვს ასეთი პრინციპი აქვს: “გათახსირებული ხალხი არიან ეს აფხაზები, მაგრამ ჩვენი ხალხია”. მოსკოვის საყვედურების მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება არ ცდილობს ვითარების გამოსწირებას”, - ამბობს არეშიძე. დვინიანინის განცხადებას თავად აფხაზურს საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ ე.წ. ელჩი მართალია და ეს განუკითხაობა უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ზოგიერთი აფხაზი მომხმარებელი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წერს, რომ აბუხბა საკმაოდ გავლენიანი და მრავალრიცხოვანი გვარია და საქმის ჩაფარცხვას სწორედ მისი კლანი ცდილობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“სოციალური ქსელების მეორე, შედარებით მცირერიცხოვანი ნაწილი კი დვინიანინს აკრიტიკებს. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, “ელჩმა” უმჯობესია “ყურადღება მიაქციოს იმას, რომ საელჩოში შეფარებული ჰყავს აფხაზი ერის გენოციდში მოაწილე ქართველი გვარდიელების რუსი თაღლითი ცოლები”. “პატივცემულო ელჩო, თქვენს საელჩოში შეიფარეთ იმ ქართველი გვარდიელების რუსი თაღლითი ცოლები, რომლებიც ომის დროს ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდნენ და ახორციელებდნენ აფხაზი ერის გენოციდს 1992-1993 წლებში, კორნიენკო-ჩოკორაია ვალენტინა, კოზლოვა-ჯაბელია ვალენტინა!! გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამას”, - წერს სოციალურ ქსელ “ტელეგრამის” მომხმარებელი. მამუკა არეშიძის შეფასებით, ეს ბრალდება ყურით მოთრეულს ჰგავს”, - დასძენს გამოცემა.
“შესაძლოა, ჰყავს ვინმე მართლაც შეფარებული, არ ვიცი, თუმცა ყურით მოთრეულს ჰგავს ეგ ამბავი. იყო იქ შერეული ქორწინებები - ქართველებს ჰყავდათ რუსი ცოლები და პირიქით. გვარების მიხედვით, ეს ქალები შესაძლოა, ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურეების ცოლები იყვნენ. სოხუმელები გვარდიაში არ იყვნენ. გვარდიაში სოხუმის ბატალიონი არ ყოფილა, ეს არის თავდაცვის სამინისტრო - მე-4 და 23-ე ბრიგადები, რომელიც სოხუმელებითა და ადგილობრივებით იყო დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებს წარმოადგენდა. გარდა ამისა, იყო სოხუმის მხედრიონი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ფორმირებები. გვარდიის ბატალიონი ადგილობრივებით არ იყო დაკომპლექტებული. შესაძლოა ყოფილიყო სამეგრელოს ან სხვა რეგიონების მცხოვრებლეებით დაკომპლექტებული, მაგრამ გვარდიელები არ ყოფილან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი