"ქართულ-რუსულ საექსპერტო წრეებს შორის შეხვედრა კერძო ინიციატივა იყო და მასში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები არანაირი ფორმით არ მონაწილეობდნენ"
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართულ-რუსულ საექსპერტო წრეებს შორის შეხვედრა, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა, კერძო ინიციატივა იყო და მასში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები არანაირი ფორმით არ მონაწილეობდნენ.
როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არსებულ ვითარებაში, მსგავსი ვიზიტი არ იყო მიზანშეწონილი და მართებული.
„ეს გახლავთ კერძო ინიციატივა, რომელიც განხორციელდა ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით. სახელმწიფო სტრუქტურები არანაირი ფორმით ამ ინიციატივაში არ მონაწილეობენ. ასე რომ, ყველა კითხვით ამ ვიზიტის თაობაზე, მათ შორის, დეტალებზე უმჯობესია მიმართოთ აღნიშნული ჯგუფის წევრებს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ასეთი ვიზიტი იყო მართებული ან მიზანშეწონილი. ამასთან, ამ ვიზიტის საკითხი ე.წ. პრაღის ფორმატში ან რაიმე ორმხრივ ფორმატში არ განხილულა. ბოლო შეხვედრა ე.წ. პრაღის ფორმატში გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვში გამართულ დისკუსიას დაესწრო გრიგორი კარასინი, მან ისაუბრა, მათ შორის პრაღის ფორმატის თაობაზე“, - განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „გორჩაკოვის ფონდი" და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია".
„პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება", - განაცხადა კარასინმა.
მან რუსეთ-საქართველოს შესახებ აღნიშნა, რომ „ჩვენს ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი".
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"