"აგვისტოს ომმა გაგვიმძაფრა სურვილი იმისა, რომ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპის ოჯახის წევრი"

2008 წლის, აგვისტოს 5 დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსეთის მიერ საქართველოსთან წარმოებულმა ომმა შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა.

დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.

 

8 აგვისტოს დილით, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება პეკინისკენ იყო მიპყრობილი და ოლიმპიური თამაშების დაწყებას ზეიმობდა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.

 

ომი 5 დღეს გაგრძელდა. დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთვის პირდაპირი სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ, თუმცა მათი და უპირველესად შეერთებული შტატების ძალისხმევით თბილისის თავზე რუსეთის დროშა აღარ აფრიალებულა.

 

დღესდღეობით, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

 

რა გვასწავლა აგვისტოს ომმა? ამ საკითხზე FirstNews.ge- ს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესაუბრნენ.

 

დავით ლიკლიკაძე - ჟურნალისტი

 

"ვფიქრობ დიდად ვერაფერიც ვერ გვასწავლა. აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე კვლავ რუსულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ. ვერ გავაგებინეთ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომ, ვინც თავს გესხმის, ბომბებს გაყრის და მიწას გტაცებს არის მტერი. სამწუხაროდ დღესაც ამის მტკიცება გვჭირდება".

 

გიორგი ობოლაძე - ადვოკატი

 

"აგვისტოს ომმა კიდე ერთხელ დაგვარწმუნა რუსეთის აგრესორობაში და გაგვიმძაფრა სურვილი იმისა, რომ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპის ოჯახის წევრი."

 

მათე ჩაფიჩაძე - ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი

 

"აგვისტოს ომმა გვასწავლა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალების მუდმივი წვრთნა და აღჭურვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კავშირი და კომუნიკაციის არხები საომარი ვითარების დროს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ოპერაციებს აკეთებდნენ მაშინ, როცა საავადმყოფოებს ბომბები ეცემოდა."

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

 

წაკითხვა 609 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 15 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.