"აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე" - ინალ არძინბა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე განიხილება საკითხი საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.
„აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე“, - ამის შესახებ ინალ არძინბამ განაცხადა რუსეთის პირველი არხის ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუს ეთერში. „აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, აფხაზეთის სტატუსზე მსჯელობა დაუშვებელია ნებისმიერ მოედანზე. სხვადასხვა მოედნებზე ჩვენ ვმსჯელობთ სულ სხვა საკითხებზე. თუ ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიებზე, განიხილება ძალის არგამოყენების შეთანხმება, რომელიც, ჩვენი მოთხოვნით, ხელმოწერილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ“,- განაცხადა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო უარს ამბობს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც „დამატებით რისკებს ქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის".
ინალ არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის უარის თქმის მიზეზი იმაშია, რომ საქართველო აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.
„რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს გახლავთ საქართველოს აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები“, - დასძინა მან.
მისივე თქმით, უკრაინის, დასავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ს მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, გარკვეულ რისკებს ქმნის.
„დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რგოლის შექმნით, მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასია არის კარგი ვარიანტი და კარგი შანსი. ამიტომ ჩვენ ველოდებით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ მოქმედებებს აშშ-ს მხრიდან და უფრო დიდი ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე განცხადებით, „აშშ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციათა სისტემის გაშლას იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე იმოქმედოს რბილი ძალით“.
„ჩვენთვის ეს გარკვეული სიგნალია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ რისკი საფრთხეში გადაიზარდოს, ხოლო საფრთხე - ომში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში, მაგრამ, თუ მოგვიწევს იარაღის ხელში აღება, ჩვენ მაგას გავაკეთებთ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია სტაბილური იქნება და საქართველო საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იმოქმედებს“, - აღნიშნა ინალ არძინბამ.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი