"ეს ძმათა მკვლელი, ტრაგიკული ომი იყო" - სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.
შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. დაპირისპირების დაწყებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.
1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდნენ, ვინაიდან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა.
შეთანხმების მიუხედავად, აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და სოხუმში წინააღმდეგობა გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა.
14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
აღნიშნულ თარიღს FirstNews.ge -თან საუბარში ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას დირექტორი ალუ გამახარია იხსენებს:
"აფხაზეთში გადატანილი ომი ბევრ ასეთ უცნობ და ტრაგიკულ ფაქტს ინახავს, რაზედაც აქ ვწერ. დღემდე ვლინდება და ვლინდება ახალი ისტორიები. ამ დღეებში ჩემთვის ცნობილი გახდა ერთი ასეთი ფაქტი: დედით აფხაზი და მამით ქართველი ორი ძმიდან ერთი - აფხაზურ, ხოლო მეორე კი - ქართულ მხარეს იბრძოდა. ამ უგუნურმა , კრემლის მიერ პროვოცირებულმა, მართლა ძმათა მკვლელმა ომმა, რამდენი ოჯახი გახლიჩა და გააუბედურა. ქართულ მხარეს მებრძოლი ძმა დევნილად იქცა, ხოლო მეორე ძმა კი დარჩა აფხაზეთში და ცხოვრობს იქ, მაგრამ განა ერთის ან მეორის ცხოვრებას- ცხოვრება ჰქვია? ძმებმა, ომის შემდეგ გარდაცვლილი, თავიანთი მოხუცი მშობლები ერთად ვერ დაიტირეს, ერთმანეთი ერთხელაც ვერ მოიკითხეს და მოინახულეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დევნილმა ძმამ წლების წინ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა -თავი მოიკლა! მხოლოდ ახლახან აფხაზეთიდან ჩამოსულმა ახლო ნათესავებმა, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ დახმარებით, ძლივს მონახეს და პატივი მიაგეს მათი ქართველი ახლობლის მიტოვებულ საფლავს. ასეთი, ფაქტი ერთი და ორი არ არის...ნამდვილად ბევრი იყო ომის სხვადასხვა მხარეს მებრძოლ ქართველთა და აფხაზთა შორის ერთმანეთის სისხლით ნათესავი ან ახლობელი, როცა რომელიმეს დაღუპვის შემთხვევაში, მათი ნათესავები ორივე მხარეს გლოვობდა.
არა მეგობრებო, არა!.. არ იყო ეს ჩვენი ომი! არც სამამულო ომი იყო! დამიჯერეთ, ეს ძმათა მკვლელი, ტრაგიკული ომი იყო!
მოვა დრო, როცა ამას ყველა ერთად ვაღიარებთ ორივე მხარეს და მწარედ მოვინანიებთ და ვეტყვით ერთმანეთს - ჩვენ მოგვატყუეს!
შევთხოვ უფალს - ნათელში ამყოფოს ამ ომში დაღუპული ყველა ქართველის, ყველა აფხაზის და მათ გვერდით დგომისას დაღუპული სხვა ერების წარმომადგენელთა სული!
როგორ გავიხსენებ სოხუმის დღეს?! -
1.პირველ რიგში იყო შოკი, იმ მომენტში სრულიად გაუცნობიერებელი ინფორმაცია, ვინაიდან გვჯეროდა რომ სოხუმი არ დაეცემოდა;
2. ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას დაღუპვის ამბის გაგება უკვე თავზარდამცემი ტრაგედია იყო მთელი საქართველოსთვის...სხვათა შორის ბევრმა აფხაზმა ძალიან განიცადა ჟიულის დაღუპვა;
3. იყო იმედიც რომ ჩვენი სამხედროები კელასურში გამაგრდებოდნენ;
4. როცა ეს არ მოხდა და ჯარი, მოსახლეობა დაიძრა ქალაქიდან, ყველამ დავიწყეთ თავის შველა...
5. დღემდე მიჭირს ამ რეალობასთან შეგუება..."- აცხადებს ალუ გამახარია.
სოხუმის დაცემის დღეს FirstNews.ge-თან საუბარში ჟურნალისტი ლალი შენგელიაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს დღე ყველაზე საშინელი იყო.
"ცოტა შორიდან დავიწყებ, 27 სექტემბრამდე და მის მერე პერიოდს გავიხსენებ:
მე ოჩამჩირეში ვცხოვრობდი (ისე - გულრიფშიდან ვარ). ომის დროს დიდხანს ვერ მოვახერხე ჩემს მშობლიურ სახლში ჩასვლა და მარიამობას, 28 აგვისტოს წამიყვანა მამამ ჩემს ორ პატარა გოგონასთან ერთად. ეს იყო სიმშვიდის პერიოდი. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
უბედნიერესი ვიყავი - ომი დამთავრდა. ჩავედი რვა თვის უნახავ სახლში. შევხვდი მონატრებულ მეზობლებს, მეგობრებს. 16 სექტემბერს დასრულდა ეს ბედნიერება... დაიწყო შემოტევა, დაბომბვები. ოჩამჩირეში დაბრუნება შეუძლებელი იყო. ძლივს ვრეკავდით ხოლმე და ვაგებინებდით, რომ ნორმალურად ვართ. ერთმანეთს ვამხნევებდით... ველოდით, რომ მალე დასრულდებოდა ეს კოშმარი...
სოხუმიდან ჩამოვიდნენ ჩვენი ნათესავები. მხოლოდ ცუდი ამბები ისმოდა... ღამეს მეზობლის სარდაფში ვათევდით... 27 სექტემბერი დადგა.
27 სექტემბერს ჩემი ერთადერთი დის, ლელას დაბადების დღეა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო შუქი, წყალი (ცისტერნებით მოჰქონდათ მთელი უბნისთვის), საჭმელს ეზოში, შეშის ღუმელზე ვაკეთებდით, მაინც გავშალეთ სუფრა... ჩვენი სახლი გულრიფშში მაღლობზე იდგა - ხელისგულივით ჩანდა სოხუმი. განათებული იყო, იწვოდა ქალაქი... მივხვდით, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა...
ღამის ათ საათზე ისევ დავაპირეთ სარდაფში წასვლა... მეზობელთან სოხუმიდან მოსულმა ადამიანებმა გვითხრეს: სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა, წადით, ბავშვებიანად აქ რა გინდათო... ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში...
მამაჩემის „ჟიგულში“ 11 ადამიანი ჩავსხედით - 3 ადამიანი საბარგულში. დედა, მამა, ბებია, ბაბუა დავტოვეთ... ჭუბერის უღელტეხილით ვიარეთ და 1 ოქტომბერს ჩავედით ზუგდიდში. მერე ვეძებდი და ვიპოვე ქმარი, მისი მშობლები... ბებია და ბაბუა იქ დახოცეს, დედა და მამა კი 15 ოქტომბერს დიდი გაჭირვებით ჩამოვიდნენ ზუგდიდში. ასეთი იყო ჩემი შემოდგომა 1993 წელს, 30 წლის წინათ...
27 სექტემბერი ჩემი დიდი ტკივილის დღეა. სიხარულისაცაა, იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი დაიკო დაიბადა ამ დღეს (ვულოცავ დიდი სიყვარულით).
27 სექტემბერი ჯვართამაღლებაა და იმედის დღეცაა ჩემთვის, რომ მალე დავბრუნდები გულრიფშშიც, ოჩამჩირეშიც და აფხაზეთი ისევ იქნება ლამაზი და ბედნიერი..." - აცხადებს ჩვენთან საუბარში ლალი შენგელია.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"