November 21, 2024

“ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება

“მესამე დღეა აფხაზეთში “ორხელისუფლებიანობაა” და ვინ ვის ემორჩილება, სრულიად გაურკვეველია. ოპოზიციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან “მართავს” “რესპუბლიკას”.

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის მშობლიურ სოფელშია გამაგრებული და ამტკიცებს, რომ ყველაფერს კვლავინდებურად ის აკონტროლებს. რუსულ მედიაში კი გაჩნდა ცნობები, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის “აფხაზეთის საკითხზე” კონსულტაციები დაიწყო და პირველი შეთანხმებაც მიღწეულია. თავად აფხაზეთში დაპირისპირებული ძალები ჯერჯერობით თავს იკავებენ რაიმე რადიკალური მოქმედებებისაგან. ანალიტიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ ორივე მხარე მოსკოვიდან ელოდება სიგნალებს მოსკოვი კი ჯერჯერობით ერთგვარ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ამის პარალელურად რუსეთის ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების ლიდერებმა საჯაროდ გამოუცხადეს მხარდაჭერა ასლან ბჟანიას. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, უახლოეს დღეებში აფხაზეთში მოსკოვიდან საგანგებო ჯგუფი ჩავა და ამ გაურკვეველ სიტუაციას დაალაგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება.

“სოხუმში ვითარება განსაკუთრებით 15 ნოემბრიდან დაიძაბა. ძალოვანებსა და ოპოზიციონერებს შორის შეტაკება იმ დროს დაიწყო, რაც დე ფაქტო პარლამენტში რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის განხილვა მიმდინარეობდა. ოპოზიციის მომხრეებმა “პარლამენტის” შენობა დაიკავეს და დღემდე იქ რჩებიან. მხარეებს შორის მოლაპარაკებაც შედგა და წინასწარი ვერსიით ასლან ბჟანი დათანხმდა გადადგომაზე. თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა. მხარეები თითქოს შეთანხმდნენ მთავარ საკითხზე - რომ ბჟანია გადადგებოდა და დაინიშებოდა ვადამდელი “საპრეზიდენტო არჩევნები”. თუმცა, 16 ნოემბერს ბჟანიამ თავისი მოთხოვნები წამოაყენა - იგი გადადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიციის მხარდამჭერები დატოვებდნენ “სამთავრობო” შენობებს და “პრეზიდენტის” მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდებოდა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა. ოპოზიცია თანახმა იყო დაეტოვებინა დაკავებული შენობები, მაგრამ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა გუნბას კანდიდატურა. ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ მოვალების შესრულებლად მისი დანიშვნა ფაქტიურად ბჟანიას გუნდის ხელისუფლებაში დარჩენას ნიშნავს და ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის სანაცვლოდ მათ წამოაყენეს წინადადება, რომ “პრეზიდენტის” მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნულიყო დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა. ეს კი უკვე ბჟანიასთვის აღმოჩნდა მიუღებელი. 16 ნოემბერს ოპოზიციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა და ე.წ. პრეზიდენტის სასახლეში საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისა და უხუცესების მონაწილეობით საგანგებო სხდომაც ჩაატარა, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კრიზისი თითქმის ამოიწურა და შესათანხმებელი რჩებოდა მხოლოდ ერთი საკითხი - ვის გადაეცემოდა დროებით ძალაუფლება ბჟანიას გადადგომის შემდეგ. 17 ნოემბერს ალსან ბჟანიამ კიდევ ერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება. მან მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. მისი თქმით, ყველაფერი მომავალ “საპრეზიდენტო არჩევნებზე” უნდა გადაწყდეს, რომელიც, დე ფაქტო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყურადღებით მოუსმინონ ჩემს სიტყვებს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნუ აყვებით პროვოკაციებს. არ მიიღოთ მონაწილეობა უკანონო, არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია და ჩვენი სამშობლო ამ მდგომარეობაში იმ ადამიანების ქმედებების შედეგად აღმოჩნდა, რომლებიც გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ. ჯერ კიდევ არ არის გვიან, ყველაფერის უკან დაბრუნება”, - განაცხადა ბჟანიამ. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, შაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი არ ერევა აფხაზეთის “შიდა საქმეებში” და იმედოვნებს, რომ შექმნილი კრიზისი, მშვიდობიანად, დიპლომატიის გზით გადაწყდება. ამასთან, ზახაროვამ რუსეთის მოქალაქეების ურჩია, დროებით თავი შეიკავონ აფხაზეთში ჩასვლისგან, ხოლო აფხაზეთში ამჟამად მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდა მოერიდნონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და შეძლებისდაგვარად სწრაფად დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია”, - დასძენს გამოცემა.

“აფხაზეთში კი უკვე მესამე დღეა სრულიად გაურკვეველი სიტუაციაა შექმნილი და ძნელი სათქმელია ვის ხელშია რეალური ძალაუფლება. ბჟანია თავის მომხრეებთან ერთად თავის მშობლიურ სოფელში იმყოფება და ადგილობრივი სკოლის შენობაში მართავს “მთავრობის სხდომებს”. ოპოზიციას კი ერთგვარი ტრიუმვირატი ხელმძღვანელობს - სამი ოპოზიციონერი ლიდერი: ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლეუან მიქაა. მათ შექმნეს საკოორდინაციო საბჭო, მთავარი რეზიდენცია სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში აქვთ მოწყობილი და აცხადებენ, რომ “რესპუბლიკაში” სიტუაციას აკონტროლებენ. სიტუაცია გაურკვეველია, რადგან ორივე მხარე სხვადასხვა ცნობებს ავრცელებს. მაგალითად, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბჟანიამ დახმარებისათვის არმიას მიმართა და სოხუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით ასაღებად დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მოსთხოვა რამდენიმე ჯავშნოსანი მანქანა, მაგრამ ამაზე უარი უთხრეს. თუმცა, თავად ბჟანია ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს. მეორეს მხრივ, დე ფაქტო შსს აცხადებს, რომ მათთან მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მოითხოვეს პატიმრობაში მყოფი თავისი ნათესავების გათავისუფლება, რომელიც სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს. მაგრამ ამას უკვე ოპოზიცია უარყოფს”, - წერს სტატიის ავტორი.

“რუსულ მედიაში კი უკვე ღიად საუბრობენ, კრემლი “დაიღალა” აფხაზეთით და ალბათ უმჯობესი იქნება რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა ერთობლივად გადაწყვიტონ “აფხაზეთის საკითხი”. რუსული გამოცემა “ბლოკნოტის” ცნობით, არსებობს ინსაიდერული ინფორმაცია, რომ ამ დღეებში აფხაზეთის საკითხზე საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შორის დახურული კონსულტაციაც გაიმართა, სადაც მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი დარჩება რუსულ ორბიტაზე, მაგრამ დაიწყება მისი თანდათანობითი დაახლოება თბილისთან. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთს მოუწევს აფხაზების ინტერესებს ანგარიში გაუწიოს. მისი აზრით, ორივე მხარე აშკარად ელოდება მოსკოვიდან შეტყობინებას, შესაძლოა ვინმეს ჩასვლასაც კი. გამორიცხული არაა ამ დღეებში მოსკოვიდან აფხაზეთში კრემლის ადმინისტრაციიდან ჯგუფი ჩავიდეს და ადგილზე მოილაპარაკონ”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“საზოგადოება ბჟანიას მიმართ აქამდეც არ იყო კეთილგანწყობილი და ახლა მით უმეტეს. ასეთი გამოვლინების შემდეგ რუსეთს მისი მხადაჭერა გაუჭირდება. აშკარაა, რომ ეს რატიფიკაცია უკვე ჩავარდა, თუმცა რუსეთს ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან უნდა. ამიტომ, ალბათ ახლა რუსეთისთვის მთავარი იქნება ე.წ. არჩევნების დროულად ჩატარება და არჩევნების შემდეგ ამ საკითზე ხელახალი დაბრუნება. ხოლო აფხაზეთის ოპოზიციის მთავარი მიზანია, რომ რუსეთს დააჯეროს - ნუ გადააყოლებენ აფხაზურ-რუსულ ურთიერთობების ინტერესებს ოლიგარქების ინტერესებს. როგორც ჩანს, იქ პოზიციები გაყოფილია. აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ჰგონია, რომ ბჟანია აფხაზეთში რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ზოგიერთი რუსი ოლიგარქის პირად ინტერესებს. ანუ ისინი ფიქრობენ, რომ ბჟანიამ ოლიგარქებისგან ფული აიღო, აფხაზეთი ჩააბარა და ჩამოაშორა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ახლა ლაპარაკი მიმდინარეობს ოპოზიციასა და რუსეთს შორის, რომ ისინი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ მათ არ უნდათ აფხაზეთი ოლიგარქების საჯიჯგნად დარჩეს. რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს აფხაზეთის საზოგადოებაში არსებულ ამ შიშებს და შეიძლება რაღაც პერიოდით უკან გადაიტანოს ეს ეკონომიკური ინტერესები”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკების შესახებ გავრცელებულ ინფრმაციას, ზაქარეიშვილი ამას ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს. თუმცა, არ იმას გამორიცხავს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის მართლაც მიდიოდეს კონსულტაციები აფხაზეთზე, ოღონდ სხვა მიზნით. “ამ სიტუაციაში რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, იმას “ქართული ოცნება” არ იზამს. საქართველომ ცალსახად და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ანექსიას ახორციელებს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, “ქართულმა ოცნებამ”, რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმალურად ვეცადეთ ევროკავშირზე და ნატოზე უარი გვეთქვა, გავაკრიტიკეთ საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთი მაინც განაგრძობს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა თქვას საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ იტყვის? რასაკვირველია, არა. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს, მაგრამ არა საქართველოსა და აფხაზეთის დაახლოებაზე. მგონია, რომ რუსები იტყუებიან ყურადღების გადასატანად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა საქართველომ უფრო მეტად დაუთმოს რუსეთს აფხაზეთი, ოღონდ არავითარი აღიარება არ იქნება. მოლაპარაკების საგანი არის, რომ რუსეთი დაჯერებული იყოს, რომ საქართველო არავითარ განცხადებას არ გააკეთებს და არაფერს მოიმოქმედებს, ანუ საქართველო რუსეთს აფხაზეთის ეკონომიკის ათვისებაში ხელს არ შეუშლის. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით მიდის მოლაპარაკებები, რომ თბილისიდან არანაირი წინააღმდეგობები არ დახვდებათ, რათა მოსკოვში მშვიდად იყვნენ. რუსულ მედიაში გაჟონილი ინფორმაცია, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის დახურული შეხვედრები მიმდინარეობს, მიმართულია ყურადღების გადასატანად. თუ გახსოვთ, უამრავი ინფორმაცია იყო, რომლის მიხედვითაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არჩევნებში ოღონდ “ოცნებამ” გაიმარჯვოს და რუსეთი აფხაზეთს საქართველოს დაუთმობსო. ამას ლაპარაკობდნენ აფხაზეთშიც, ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც, მაგრამ რუსეთი გამოვიდა და მკაცრად თქვა, რომ ამას არ აპირებდნენ. ეს ყველაფერიც ყურადღების გადასატანადაა, ან იმ ჟურნალისტების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს, ვინც ამაზე წერდა”, - დაასკვნის კონფლიქტოლოგი.

წაკითხვა 86 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.