რას უპირებენ რუსები აფხაზებს?!

შარშან, დეკემბრის მიწურულიდან დაიწყო კრემლმა აფხაზების სრული დამორჩილებისთვის აგრესიული შეტევა და მისი გაზრდილი მოთხოვნების პირველი მსხვერპლი ბიჭვინთის აგარაკების მოსკოვისთვის გადაფორმება იყო, რის შემდეგაც არ გაჩერებულან, ერთი მხრივ, რუსები ახალ-ახალი მოთხოვნებითა და მუქარანარევი მესიჯებით, მეორე მხრივ, აფხაზები შეურიგებელი პროტესტის სერიით, რომლის მთავარი მესიჯი იყო: “ჩვენ ვიბრძვით სუვერენიტეტის დაცვის სახელით” და “თავის გადასარჩენად”.

“ეს არა ანტირუსული გამოსვლები, არამედ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ამბოხია, რომლებსაც აფხაზების, როგორც ეთნოსის, გაქრობა სურთ”. დაპირისპირება წლის განმავლობაში მწვავდებოდა და კულმინაციას ნოემბერში მიაღწია. რუსი ოლიგარქიული ინტერესების გატარებისთვის აფხაზებმა “პრეზიდენტი” გადააყენეს და მოსკოვიდან სამაგალითო შურისძიებაც მიიღეს - დღეს აფხაზეთი ჩაბნელებულია, ხელფასები გაყინული, ტურისტული სეზონი გაუქმებული”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით რას უპირებენ რუსები აფხაზებს?! / “აფხაზები პუტინს უგზავნიან შეტყობინებას, გვიყვარხარ, მაგრამ მოგვაშორე ეს ოლიგარქებიო”.

“მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რატომ დაიწყო ფორსირებული ანექსია ახლა და არა ადრე. ამას ვუკავშირებ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, რომელსაც ნელ-ნელა მოჰყვა დასავლეთიდან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების წყება. რუსეთის ეკონომიკა თანდათან იგუდება და რუსი ოლიგარქები ეძებენ გამოსავალს, სად დააბანდონ ფული. ერთი გამოსავალი იპოვეს - აფხაზეთის საკურორტო ზონა, ამიტომ შარშან ფორსირებულად დაიწყო პირდაპირი შეტევა. მანამდე კი ემზადებოდნენ, კანონპროექტები დაამუშავეს და იმედი ჰქონდათ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ერთბაშად მიიღებდნენ ყველაფერს, თუმცა აღმოჩნდა, რომ აფხაზი საზოგადოება ასე არ ფიქრობს. ამასობაში მოასწრეს დე ფაქტო ხელისუფლების მოსყიდვა, ვიღაცები რუსულ პროექტებში ჩასვეს, საინვესტიციო შეღავათები შესთავაზეს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

“2024 წელს რუსებმა ყველა “აგური” მოაგროვეს და დაიწყეს რუსეთის იმპერიული ინტერესების რეალიზაცია აფხაზური კანონმდებლობის საფუძველზე: ბიჭვინთა იქნებოდა, აპარტამენტების ძველი თუ ახალი ვერსია, თუ ბოლო გადაწყვეტილება რუსული ინვესტიციების განხორციელებაზე. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და ყველა ამ რუსული დავალების წინააღმდეგ გამოვიდა აფხაზი საზოგადოება. რუსულმა ანექსიური შეტევის კასკადმა ცუნამის სახე მიიღო. აფხაზები მიხვდნენ, რომ ვითარება რთულია და საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ამას, დე ფაქტო ხელისუფლებაა. ამიტომ აჯანყდნენ და რევოლუციური გზით მორიგი “პრეზიდენტი” შეცვალეს. ოპოზიციამ, ვინც ასლან ბჟანიას ჩამოგდება მოახერხა, შეძლო აფხაზი საზოგადოება დაეჯერებინა, რომ არსებობს პუტინის კარგი და ოლიგარქების ცუდი რუსეთი. არადა, ასე არ არის - ოლიგარქიული მმართველობა აძლიერებს პუტინის რეჟიმს”, - განაგრძობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

“აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპოზიციამ მოახერხა გამომძვრალიყო ვითარებიდან, ერთი მხრივ, დაესაბუთებინათ პუტინის რუსეთის ერთგულება და მეორე მხრივ, შეეტყობინებინათ პუტინისთვის, რომ მათთვის მიუღებელია რუსი ოლიგარქების ფული. ისინი პუტინს უგზავნიან შეტყობინებას, შენი ერთგული ვართ, გვიყვარხარ, მაგრამ მოგვაშორე ეს ოლიგარქებიო, მაგრამ პუტინს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოლიგარქიულის გარდა, აქვს გეოპოლიტიკური ინტერესებიც - შავი ზღვა, ნატო, თურქეთისა და საქართველოს ფაქტორი. აფხაზებმა იციან, რომ აფხაზეთი რუსეთის გეოპოლიტიკური და ოლიგარქიული ინტერესების სფეროა და მისი კულტურა და ხალხი რუსეთს არ ადარდებს. მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი ასეთი ხელის გადაგრეხით არ იმუშავებდა, თუმცა დღეს დადგა ამის დრო და ამას ხედავენ. ჯერ მაინც ცდილობენ, რომ განცხადებების დონეზე ანტიპუტინისტური პოლიტიკა არ ჰქონდეთ და ჯოხს ოლიგარქებზე ტეხენ”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთი, რომელიც ცივილიზებული სამყაროსგან, ფაქტობრივად, იზოლირებულია, თან უკრაინასთან ომშია ჩართული, ჩქარობს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით მაინც მიაღწიოს რაღაც “წარმატებას~ და ამიტომ დააჩქარა ანექსია “მშვიდობიანი”, სამართლებრივი და ეკონომიკური მეთოდებით. მთელი წლის განმავლობაში ვხედავდით აფხაზეთის ანექსიისაკენ მიმართულ შეთანხმებებს, რომელთაგან ზოგი ხელმოწერილია, ზოგი არა და ყველა შედის იმ 45-პუნქტიან პროგრამაში, რომელიც რუსეთ-აფხაზეთს შორის დაიდო 2020 წელს და აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას გულისხმობს. ამ პროგრამიდან წლების განმავლობაში 26 განხორციელდა. 2024 წელს ვადები ამოწურულია და ამიტომ აჩქარებს რუსეთი აფხაზურ მხარეს. რუსეთს სჭირდება შავი ზღვისპირეთი კურორტად და სამხედრო პლატფორმად. ამიტომაც სჭირდება ოჩამჩირის პორტის გაფართოება, სოხუმის აეროპორტის აღდგენა, რომელიც ორმაგი დანიშნულების იქნება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

“რუსები ძალიან გაღიზიანდნენ, როდესაც 15 ნოემბერს ე.წ. სამთავრობო შენობებზე შტურმის დროს აფხაზებმა რუსული დროშები ააფრიალეს. ეს იყო ერთგვარი ფანდი, რასაც კრემლი მაშინვე მიხვდა. ის, რომ აფხაზეთში ძლიერი ანტირუსული განწყობაა, მოსკოვში კარგად იციან, მაგრამ აფხაზები იძულებული არიან რუსულ დროშებს ამოეფარონ, ვითომ ებრძვიან არა რუსულ პოლიტიკას, არამედ რუს ოლიგარქებს... კრემლი აპარტამენტების გარეშეც მოახდენდა აფხაზეთის ანექსიას, სამხედრო ძალას გამოიყენებდა და დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ კრემლი სხვა გზით მიდის - სამართლებრივი და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, სამხედრო ძალა კი ყოველი შემთხვევისთვის იქვე ჰყავს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთისთვის მთავარია ეკონომიკის ძირითადი დარგები, განსაკუთრებით პერსპექტიული ტურისტული ბიზნესი, ენერგეტიკული სექტორი და შავი ზღვისპირეთი ჩაიგდოს ხელში, მიაღწიოს დემოგრაფიულ უპირატესობას და ამით მორჩენილია აფხაზეთის პრობლემა. რუსეთმა ენერგეტიკული კრიზისი, ხელფასების გაუცემლობა და ა.შ. იმისთვის გამოიყენა, რომ აფხაზებს აჩვენოს, რა დღეში ჩააგდო ოპოზიციამ ისინი და მომავალ არჩევნებზე ხმა ისევ კრემლის სასურველ ფიგურას მისცენ. აფხაზები ჯერ უძლებენ. დე ფაქტო არჩევნებამდე რუსეთი არ აპირებს აფხაზების დახმარებას, მისი განახლების წინა პირობა საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებაა. მორალურად რუსეთი დამარცხებულია. თუმცა მისთვის მთავარია, რომ აფხაზეთს აკონტროლებს. როცა უნდა, აშიმშილებს, მოუნდება - დაანაყრებს. ამ ფონზე, რასაც აფხაზები რუსეთის ნების წინააღმდეგ აკეთებენ, გმირობის ტოლფასია. რუსეთმა იცის, რომ აფხაზები ვერსად გაექცევიან, ამიტომ სანამ “გონს არ მოეგებიან”, სანქციები გაგრძელდება. მომავალ წელს დაპირისპირების ახალ სერიებს ვიხილავთ”, - დასძენს ჯემალ გამახარია.

წაკითხვა 61 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.