8 აგვისტოს 12 წელი სრულდება 21-ე საუკუნის პირველი ომიდან, რომელიც ბირთვულმა ზესახელმწიფომ - რუსეთმა მეზობელი საქართველოს წინააღმდეგ ოფიციალურად დაიწყო.
მაშინ, 12 წლის წინ, ბევრს და, უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებას არ სჯეროდა, რომ რუსეთი ოფიციალურად დაძრავდა რეგულარულ არმიას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაჭრელად და სამხედრო აგრესიის დასაწყებად, მაგრამ ეს მოხდა და დამთავრდა საქართველოსთვის ძალზე ცუდი შედეგებით, რისთვისაც პასუხი დღემდე არ უგიათ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თანამდებობრივად ვალდებულნი იყვნენ, ყველა საფრთხე გაეთვალისწინებინათ და სავარაუდო შედეგებზეც ეფიქრათ.
თუმცა, ის, რასაც ვერ მიხვდნენ თბილისში, დროზე განჭვრიტეს ბაქოში და შეაჩერეს უკვე თითქმის ამოქმედებული მექანიზმი, რასაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში აგვისტოს ომზე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეიძლება მოჰყოლოდა.
ლაპარაკია იმ გეგმაზე, რომელიც დიდი ალბათობით ოფიციალური ბაქოს მიერ 2008-2009 წლებში მუშავდებოდა სამხედრო ოპერაციების დასაწყებად, რათა სომხეთის მიერ კონტროლირებული მთიანი ყარაბაღი და კიდევ შვიდი რაიონი აზერბაიჯანის იურისდიქციაში ძალით დაებრუნებინათ.
2008 წლის აპრილში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ისედაც ყველაზე დიდი აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც 1,3 მლრდ დოლარს შეადგენდა, აუცილებელი იყო სასწრაფოდ 2 მლრდ დოლარამდე გაეზარდათ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მიუთითებდა, რომ ქვეყანა მთიანი ყარაბაღის ძალისმიერი გზით დასაბრუნებლად გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა.
ამ ვარაუდს ამყარებს იმ სამხედრო შესყიდვების გრძელი სიაც, რაც აზერბაიჯანმა 2007-2008 წლებში საზღვარგარეთ განახორციელა თავისი არმიის თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით გადასაიარაღებლად.
ყველაფერი მიუთითებდა, რომ პრეზიდენტი ალიევი ემზადებოდა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგა მთიანი ყარაბაღის პრობლემის აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოსაგვარებლად ... და უცებ მას სამხრეთ კავკასიის მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა "დაასწრო" ...
კრემლის სწრაფმა გადაწყვეტილებამ, დაეწყო საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო აგრესია, ბევრის გაოგნება გამოიწვია, რადგან ბევრი დასავლელი ლიდერი თვლიდა, რომ მოსკოვი ასეთ ღია სამხედრო აგრესიას არ მოინდომებდა.
ეს განსაკუთრებულ გაფრთხილებად იქცა ოფიციალური ბაქოსთვის, რადგან აზერბაიჯანის დაზვერვამ დაადგინა, რომ ორი მიმართულებიდან საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული რუსული სამხედრო აგრესიის გარდა, მომზადებული იყო საქართველოზე შეტევის მესამე მიმართულებაც, კერძოდ, გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან გამოსული რუსული ჯავშანკოლონა მიადგა სომხეთ-საქართველოს საზღვარს და ელოდა ბრძანებას მის გადასალახავად. მაშინ მოსკოვს ამ ბრძანების გაცემა აღარ დასჭირდა, რადგან ორიოდე დღეც საკმარისი აღმოჩნდა როგორც ცხინვალის, ისე კოდორის ხეობისა და სამეგრელოს მიმართულებით სრული რუსული სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. ამასთან, აღარ გაართულა სომხეთის პოზიციაც, რადგან ამ ქვეყნის საზღვრიდან შეჭრილი, თუნდაც რუსული სამხედრო ძალა საქართველოში აღიქმებოდა, როგორც რუსულ-სომხური ერთობლივი აგრესია, არადა, სომხეთი გარე სამყაროს და უპირველესად რუსეთს ხომ სწორედ საქართველოზე გავლით უკავშირდება.
ბაქოში საღად გააანალიზეს აგვისტოს ომის დაწყებაზე გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ოპერატიული რეაგირება და ისიც გაითვალისწინეს, რომ რუსეთ-სომხეთის საერთო თავდაცვის შესახებ 1997 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, ასევე ერთობლივი უსაფრთხოების თაობაზე 2000 წლის სოჭის შეთანხმება გულისხმობდა რუსეთის მიერ სომხეთის სამხედრო დახმარებას, თუკი სომხეთს რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან ომი მოუწევდა.
აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე, ბაქოში საქართველოს ბედის გაზიარება არ ისურვეს და მოქმედების სხვა სტრატეგია აირჩიეს.
2008 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნებზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სრული უპირატესობით მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა და ორიოდე კვირაში მოსკოვში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ხელი მოაწერა "მთიანი ყარაბაღის შესახებ" დეკლარაციას, რომელიც ამ პრობლემის მხოლოდ პოლიტიკური გზით მოგვარებას ითვალისწინებდა.
ასეთი დეკლარაციის ხელმოწერა ნიშნავდა თუ არა იმას, რომ ოფიციალურმა ბაქომ საბოლოოდ თქვა უარი ძალით დაკარგულის ძალით დაბრუნების ცდაზე? როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, სულაც არა, უბრალოდ, პრეზიდენტმა ალიევმა მეზობელი საქართველოს მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, მთიანი ყარაბაღის და კიდევ შვიდი რაიონის დაბრუნების არა ხისტი, არამედ სამხედრო-პოლიტიკურად უფრო მოქნილი სტრატეგიის განხორციელება დაიწყო.
რა იყო ეს ახალი სტრატეგია?
ოფიციალური ბაქო განაგრძობდა სამხედრო ბიუჯეტის ზრდას და უახლესი საბრძოლო ტექნიკის შეძენას, ოღონდ არა მარტო თურქეთიდან და ისრაელიდან, არამედ თვით... რუსეთიდან.
რუსეთში დაინახეს, რომ თუკი ისინი სომხეთში შეიარაღებას კრედიტით ყიდდნენ ან სულაც ჩუქნიდნენ, აზერბაიჯანმა იმავე რუსულ ტანკებსა თუ "სმერჩებში" მილიარდობით დოლარი ნაღდი ფულის გადახდა დაიწყო მსოფლიო ფასების შესაბამისად.
ამის პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა წლების განმავლობაში ახლო, თითქმის მეგობრული ურთიერთობა დაამყარა თავის რუს კოლეგა პუტინთან. სახელმწიფოს ლიდერების პირადი ურთიერთობა ძალიან ბევრს ნიშნავს, პირადი წყენა კი ქვეყნებს შორის რთულ დაპირისპირებაშიც კი გადაიზრდება ხოლმე. ამის მაგალითი იყო სწორედ პუტინ-სააკაშვილის პირადი ურთიერთობის დიდი პრობლემები, რამაც უთუოდ მოახდინა გავლენა აგვისტოს ომის დაწყებაზე.
დღეს რუსეთში აზერბაიჯანი შეიძლება არანაკლებ მეგობარ ქვეყნად აღიქმებოდეს, ვიდრე სომხეთი, თუმცა ეს გარემოება სულაც არ ნიშნავს, რომ კრემლი თვალს დახუჭავს და სომხეთს მარტოს შეატოვებს აზერბაიჯანს.
აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღისა და შვიდი რაიონის ომით დაბუნება ნიშნავს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გაძლიერებას, სომხეთისთვის უდიდესი პრობლემების დაწყებას და ამ რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შესუსტებას, რასაც კრემლი, რომელსაც გასულ საუკუნეებში არაერთი ომი ჰქონია ოსმალეთის იმპერიასთან, არ დაუშვებს.
არც აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება დაივიწყებს ძალით დაკარგულის ძალითვე დაბრუნების გეგმებს და დაელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც სიტუაცია მის სასარგებლოდ შემოტრიალდება.
ასე რომ, გვინდა თუ არა, მთიანი ყარაბაღისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის დიდი ომი ჯერ კიდევ წინაა...
https://www.kvirispalitra.ge/