"მჯერა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში“- ალუ გამახარია

1993 წლის 27 სექტემბერი - 27 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა!

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.

 

27 სექტემბერსა  და ზოგადად აფხაზეთის ომს საქართველოს მოსახლეობა ძალიან მძიმედ და დიდი ტკივილით იხსენებს.

 

FirstNews.ge-თან საუბარში ასოციაციის - "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" დირექტორი ალუ გამახარია 27 წლის წინ მომხდარ ომის ამბებს იხსენებს:

 

- მძიმე, უფრო სწორად, უმძიმესი დღე იყო. წინა დღით გუმისთაზე დაღუპული ძმა ომარ გამახარია დავასაფლავეთ. მშობლიური საწარმოს „სოხუმხელსაწყოს“ გაერთიანება „ორგტექნიკის“ ტერიტორია ქარხნის შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დავტოვეთ. მძიმე იყო იმის ყურება, როცა ვხედავდით როგორ მიდიოდა თავჩაქინდრული ქართველი ჯარისკაცების კოლონა, რომლებმაც  გუმისთის წინა ხაზი დატოვეს და უკან ბრუნდებოდნენ...

 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ სოხუმის დატოვება ამდენი ხნით მოგვიწევდა. მაინც მჯერა, რომ შეიცვლება სიტუაცია, შევრიგდებით აფხაზები და ქართველები და აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.

 

მახსოვს, მე და ჩემი კოლექტივი (ორგტექნიკელები) ორგანიზებულად წამოვედით კოდორის ხეობისკენ, ჭუბერის გზით... ერთმანეთს ვეხმარებოდით, მანქანებსა და კარვებში ვათევდით ღამეებს. მე ყველაზე ბოლოს გამოვედი. 12 დღე  გზაში ვიყავი, სანამ ყველა არ გამოვაცილე.

 

ემოციები და განცდები

თავს დამცირებულად ვგრძნობდი, შეურაცხყოფილად, დამარცხებულად... შვილდაღუპული დედაჩემიც ჩემთან ერთად მოდიოდა ჭუბერამდე. ჭუბერის შემდეგ დედაჩემი ნათესავებმა ზუგდიდში წაიყვანეს, ჩვენ სოხუმელი ორგტექნიკელები ქარხანა ელექტრომექანიკოსის მოწვევით ქუთაისში ჩავედით!

რა განცდა მაქვს ახლა? ჩვენ მოგვატყუა კრემლმა, შევარდნაძემ. ამ უკანასკნელმა თავის სავარძელს  შესწირა ხალხი. დღევანდელი გადასახედიდან ასეთია ჩემი განცდა. შევარდნაძე მოღალატეა!

 

სოხუმის დაცემის დღე

სოხუმი  27 სექტემბერს დავტოვეთ, ეს დღე ჩვენს  მეხსიერებაში, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღეა!  საოცრებაა ის, რომ სოხუმის დაცემის დღე ჯვართამაღლებას ემთხვევა! იოანე ოქროპირის სახელსაც უკავშირდება და აქედან გამომდინარე, იმედის შეგრძნებას არა თუ  იძლევა, არამედ აძლიერებს კიდევაც.

 

შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?!

ამ ომის თავიდან აცილების უამრავი შანსი გვქონდა. დარწმუნებული ვარ ომი არ დაიწყებოდა, საქართველოში გადატრიალება, რომ არ მომხდარიყო და ქვეყნის სათავეში პოლიტიკურად გამოცდილი ეროვნული ძალები რომ გვყოლოდა.

 

არაერთხელ დამდგარა სიტუაცია ამ ომის შეჩერებისა და ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების რეჟიმში დაბრუნების, მაგრამ ეს შანსებიც ხელიდან იქნა გაშვებული.

 

ომის შემდეგაც ბევრჯერ იყო შერიგების შანსი, მაგრამ ისიც ხელიდან გავუშვით. სააკაშვილის ავანტიურამ 2008 წლის აგვისტოში, 20 წლით უკან დაგვწია.

 

ახლაც დიდი გარდატეხის ხანა იწყება. აფხაზებთან შერიგების პროცესის დასაწყებად ნიადაგი თითქმის მომზადებულია. ჯერჯერობით ჩვენს პოლიტიკოსებს სამწუხაროდ აფხაზეთისთვის არ სცალიათ! ვნახოთ, მაინც იმედი მაქვს რომ გონივრული ნაბიჯების გადადგმა არჩევნების შემდეგ დაიწყება.

 

წაკითხვა 1181 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 26 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.