პირველი მინიშნებები ფართომასშტაბიან ომზე - ჩაერთვებიან თუ არა თურქეთი და რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის მასშტაბები დღითი დღე იზრდება და უკვე ჩნდება ცნობები დაპირისპირებაში სხვა ქვეყნების შესაძლო ჩართულობაზე.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა ომში ჩაერთოს. სომხეთის ხელისუფლება კი ბრძოლებში თურქული ავიაციის მონაწილეობას უკვე ოფიციალურად ადასტურებს. ქართველი ექსპერტების შეფასებით, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ჩვენ მივიღებთ ფართომასშტაბიან საერთაშორისო კონფლიქტს, რაც დამანგრეველი იქნება რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პირველი მინიშნებები ფართომასშტაბიან ომზე - ჩაერთვებიან თუ არა თურქეთი და რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში.

 

“თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას გულისხმობს. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ თუკი საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდა, მაშინ თურქეთს ექნება ფორმალური საფუძველი, რომ ეს აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის აგრესიად მიიჩნიოს და ომში ღიად ჩაერთოს. მეორეს მხრივ, მისივე თქმით, სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეა რუსეთი და ორივენი "ეს-ენ-გეს" კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილეები არიან. შესაბამისად, თუკი, საბრძოლო მოქმედებების არეალი ყარაბაღს გასცდა და უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გავრცელდა, უკვე რუსეთს მიეცემა ამ ომში სომხეთის მხარეს ჩართვის ფორმალური საფუძველი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშაბათს რამდენჯერმე გააკეთეს განცხადება საბრძოლო მოქმედებებში თურქული სამხედრო თვითმფრინავების მინაწილეობის შესახებ და ამის ორი კონკრეტული მაგალითი მოიყვანეს, თუმცა დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენიათ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა კი ეს ფაქტები უარყვეს, როგორც დეზინფორმაცია. სამშაბათს დილით სომხურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია მათ მიერ თურქული "ეფ 16"-ის ჩამოგდების შესახებ. მოგვიანებით მათვე განაცხადეს, რომ სომხეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი შეტაკებისას თურქულმა "ეფ 16"-მა სომხური "სუ 25" ჩამოაგდო. ქართველი ექსპერტები „რეზონანსთან" საუბარში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამჟამად მართლაც იმყოფება რამდენიმე თურქული „ეფ 16", რომლებიც ახლახანს დასრულებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ, თუმცა საეჭვოა მათ უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"თურქეთის ხელისუფლებაში კი ღიად აცხადებენ, რომ მზად არიან კოფლიქტში ჩართვისათვის. "არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი - სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება. ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან," - განაცხადა სამშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ამას მყისიერად მოყვა საკმაოდ მკვეთრი განცხადება მოსკოვიდან. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დმიტრი პესკოვმა თურქეთის ხელისუფლება „ცეცხლზე ნავთის დასხმაში" დაადანაშაულა. როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, თურქეთის ოფიციალური განცხადება გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი აზერბაიჯანის მოკავშირეა და იძულებულია, რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს. „არ მგონია მოვლენები ისე განვითარდეს, რომ თურქეთი და რუსეთი ღიად ჩაერიონ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას გარკვეული სამოკავშირეო ვალდებულებები აქვთ - ერთს სომხეთთან და მეორეს აზერბაიჯანთან - იძულებული არიან თავის მოკავშირეებს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ. „თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება მზადაა კიდეც, რომ არა პირდაპირი, მაგრამ სამხედრო ძალით და სხვადასხვა არარეგულარული შეიარაღებული ფომირებების საშუალებით დაეხმაროს აზერბაიჯანს. მაგრამ თავად რომ ღიად ჩაერიოს, ნაკლებად მოსალოდნელია იმიტომ, რომ მათაც იციან, რომ ამ შემთხვევაში რუსეთიც ჩაერევა და ამ ორ სახელმწიფოს კი ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს, მათ შორის ეკონომიკა, ვაჭრობა და ამიტომ ასეთი ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია. „მაგრამ, თუ ასეთ სცენარს დავუშვებთ, მაშინ ჩვენ საქმე უკვე არა ლოკალურ კონფლიქტთან, არამედ საკმაოდ მაღალი დონის შეიარაღებულ დაპირისპირებასთან გვექნება, რომელიც ახალი საერთაშორისო კონფლიქტი გახდება, სადაც ჩათრეულები იქნებიან სხვა გარეშე აქტორებიც. „არ მგონია, რომ ეს თურქეთის ან რუსეთის ინტერესებში იყოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. რაც მთავარია, მათი ეკონომიკები ამისთვის მზად არ არიან. „მას შემდეგ, რაც სომხეთმა გენოციდის საკითხი სერთაშორისო დონზეზე წამოწია, თურქეთის ხელისუფლება ამის საპასუხოდ უკვე პირდაპირ კონფლიქტის მხარე გახდა და ეს განცხადებები აქედან გამომდინარეცაა", - განაცხადა კაკაჩიამ”, -დასძენს გამოცემა.

 

"მისივე თქმით, ამ კონფლიქტში ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რა დროსაც საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება გახდება საჭირო. „ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუ გარეშე აქტორებიც ჩაერთვებიან, მაშინ საქართველო ძალიან ცუდ მდგომარობაში აღმოჩნდება, საქართველოს თავისი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება დასჭირდება, რომ ეს სცენარი არ დაუშვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა სომხეთისკენ გზის გაჭრა და სტრატეგიული კორიდორის შექმნა მოინდომა. აქ უკვე სუვერენიტეტის დარღვევაზე იქნება საუბარი, რომ, მაგალითად, საქართველოს არ დაეკითხნენ და ა.შ. „ამისთვის ჩვენს ხელისუფლებას წინასწარ უნდა ჰქონდეს გათვლილი სცენარები. რუსეთმა იცოდეს, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რა შეიძლება ამას მოჰყვეს, მაგალითად, სანქციები, ან მსგავსი რამ და დაფიქრდება, რომ უღირს მას თუ არა ამ გზით საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა", - განაცხადა კაკაჩიამ. თურქეთის განცხადებას კრემლი გამოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის პოზიცია „ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს". კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს კონფლიქტის რომელიმე მხარეს მას შემდეგ, რაც თურქეთმა მხარი აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა, პესკოვმა განაცხადა: „ნებისმიერი განცხადება რაიმე სამხედრო აქტივობის შესახებ ნამდვილად ცეცხლზე ნავთს ასხამს. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ კონფლიქტი და პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დაუბრუნდნენ". ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თუკი ვინმე ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს რუსეთის ფედერაციაა. "ეს განცხადება არახალია. თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარეტნიორები არიან, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმება არსებობს, თურქეთს კი ამ ტიპის განცხადებები ყოველთვის გაუკეთებია და არასოდეს დაუმალავს, რომ თუკი აზერბაიჯანს საფრთხე დაემუქრება, ის ყოველთვის დაეხმარება. ეს სიახლე არ უნდა იყოს არც რუსეთისთვის, რომელმაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. „თუკი ვინმე ცეცხლზე ნავთს ასხამს, ეს თავად რუსეთის ფედერაციაა, რომელიც ვითომდა მშვიდობის მტრედის როლის მორგებას ცდილობს, მაგრამ სინამდვილეში ის, რაც ყარაბაღში დღეს ხდება, ეს ყველაფერი რუსეთის ინსპირირებულია მის მიერ მიწოდებული იარაღითა და მის მიერვე ჩახლართული პოლიტიკური სქემებით, რომელმაც ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. „რუსეთი დღესაც შეეცდება, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. თურქეთი კი ღიად ომში ერთადერთ შემთხვევაში ჩაერთვება - თუკი დაინახავს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივობას რეალურად საფრთხე ემუქრება. "მცდარია მოსაზრება, რომ თურქეთი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მხარს არ უჭერს, მაგრამ ის თავის სტრატეგიულ პარტნიორს ყოველთვის დაიცავს", - განაცხადა მან. იგი მიიჩნევს, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მექანიზმები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კონფლიქტი შეაჩერონ. "თუ რუსეთი და თურქეთი ჩაერთვებიან, ფაქტიურად ეს ყველაზე ცუდი სცენარია და რეგიონში ვითარება თავისთავად ცხადია, რომ ყველაზე ცუდი იქნება. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივა, იმიტომ, რომ საერთაშორისო თანმამეგობრობას ძალიან კარგად ესმის ყოველივე ამას რა შეიძლება მოყვეს და ვფიქრობ, რომ რუსეთის ამბიციებიც ასევე ნათლად ესმით - რომ მას სწორედაც აქვს მცდელობა იმისა, რომ ამ კონფლიქტის სხვადასხვა ტერიტორიაზე გადადინება მოხდეს. „რამდენიმე სახელწიფოს მეთაური აქტიურად ჩაერთო, ორივე სახელწიფოს ლიდერთან კომუნიკაცია ჰქონდათ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაა მოწვეული და ა.შ. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მექანიზმები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. სამწუხაროდ, პრობლემის გადაწყვეტა ამ ეტაპზე არ და ვერ მოხდება, მაგრამ თუნდაც დეესკალაცია რომ მოხდეს, ეს ვფიქრობ, რომ შესაძლებელი გახდება", - განაცხადა ფხალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 684 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.