May 14, 2024

რა სახის ახალი შეზღუდვები დაწესდება? - კოვიდთან ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი დადგა

“კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, დამატებით ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს.

საბჭოს წევრები გადაჭრით უარყოფენ სრულ ლოკდაუნს და მკაცრ წერტილოვან შეზღუდვებზე საუბრობენ. ეს კი შეიძლება იმას გულისხმობდეს, რომ სხვადასხვა ბიზნესის საქმიანობა თუ ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა გარკვეული გრაფიკის მიხედვით შეიზღუდოს და კვირის კონკრეტულ დღეებში, ამ დღის კონკრეტულ საათებში იყოს აკრძალული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვები შეიძლება კვირის დღეების, ან დღის განმავლობაში საათების მიხედვით დაწესდეს - კოვიდთან ბრძოლა ში გადამწყვეტი მომენტი დადგა.

 

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “რეზონანს” განუცხადა, რომ საბჭოს წევრებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არაა, თუმცა კითხვაზე, განიხილება თუ არა კონსულტაციაზე სხვადასხვა ბიზნესისა და ტრანპსორტის მუშაობის გაჩერება კვირის კონკრეტული დღეების, ან დღის განმავლობაში კონკრეტულის საათების განმავლობაში განაცხადა, რომ ყველა საკითხი განიხილება სრული ე.წ. ლოკდაუნის გარდა. მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება მკაცრი მასშტაბით, რა გადაწყვეტილებასაც, მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს. პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ექიმი ლადო კახაძე ასევე აცხადებს, რომ საუკეთესო გამოსავალი, ასე ვთქვათ, შეზღუდვების გარკვეული გრაფიკის შემოღება, ან ერთგვარი მორიგეობითი შეზღუდვების დაწესება იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამაზეც მიდის მსჯელობა, რომ რომელიღაც დღე მაქსიმალურად გამოვათავისუფლოთ და ერთი დღე იყოს საშუალო დატვირთვის. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებებზე. თუ სტაფში ასი კაცი ჰყავთ, ერთი დღე გასაკეთებელ საქმეს 50 კაცი უძღვება, მეორე დღეს მეორე ნახევარი შემოდის. რაც შეეხება სილამაზის სალონებს, ეს, მართალია, სასიცოცხლო მნიშვნელობის არაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ადამიანი ამით შემოსავალს ღებულობს. გავაკეთებდი სალონებში ჩაწერის ინსტიტუტს, რომ იქ ცოცხალი ადამიანი რომ მიდიოდეს, არავინ არავის არ ხვდებოდეს, ეს რაოდენობას შეამცირებს, მაგრამ უსაფრთხოებას გაზრდის. შესაძლოა ამის მთლიანი ლოკდაუნი არ მოხდეს, მაგრამ უმკაცრესი დაცვის პირობებში რიგები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. კერძო მანქანით ინდივიდუალური საოჯახო გადაადგილება შეზღუდული არ უნდა იყოს. რაც შეეხება საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ რაოდენობა მკაცრად უნდა იყოს დაცული. თუ ავტობუსი 50 კაცზეა გათვლილი, უნდა მგზავრობდეს არაუმეტეს 20 კაცისა. ეს უმკაცრესად უნდა იყოს დაცული. საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შესაძლოა ავტობუსები დაემატოს. ან მიმოსვლა ორ დღეში ერთხელ იყოს, ყოველ შემთხვევაში ყველა სრული აკრძალვის წინააღმდეგია და რაღაც ფორმა უნდა გამოინახოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

 

“ბაზრების თემა სოციალურ თემასთან ძალიან ახლოა, იქ გლეხი მიდის, ყიდის და უნდა დაუფასდეს. აქ ძირითადი დატვირთვა შაბათ-კვირაზე მოდის, აქაც სიხალვათე უნდა იყოს, ან მორიგეობა-მონაცვლეობა დავაწესოთ, დღეს ის მხარე იყოს შემოსული პროდუქტით და ხვალ - მეორე, რომ ადამიანების კონტაქტი მინიმალური იყოს. რესტორნებზეც ასევე დისტანციისა და მორიგეობის მონაცვლეობით. მოლებთან დაკავშირებით, ასევე აქაც უმკაცრესი რეჟიმი უნდა იყოს, მაგალითად ჯერ ათი კაცი შევა, მერე ათი კაცი და ა.შ. რაც შეეხება ქალაქების ჩაკეტვას, თბილისში ინფიცირების ბევრი შემთხვევა გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიკეტავს. ეს არის რეკომენდაცია ერთი ჩვეულებრივი ლადო კახაძისგან, რამდენად გაითვალისიწინებს საკოორდინაციო საბჭო, ვერ გეტყვით”, - ამბობს კახაძემ. ვირუსთან ბრძოლის გასხვავებულ, სლოვაკურ სცენარზე საუბრობს ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე. იგი აღნიშნავს, რომ შესაძლო დამატებითი შეზღუდვები ვირუსს ისე ვერ შეანელებს, როგორც კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობის გაზრდა და დადებითი პაციენტების იზოლაციაში მოქცევა”, - დასძენს გამოცემა.

 

“სრული ჩაკეტვა გამართლებულად არ მიმაჩნია იმიტომ, რომ ეკონიმიკურად არაა მზად ქვეყანა იმისათვის, რომ ჩაკეტილ ადამიანს საჭმელი და წამალი არ მოაკლდეს. სლოვაკეთის მაგალითს გეტყვით - ერთ დღეში სამი მილიონი მოსახლე მთლიანად იქნა გამოკვლეული და დადებითი ვინც იყო, ყველას იზოლირება გაუკეთდა, რითაც ჯაჭვი აბსოლუტურად გაწყვიტეს. იქ ახალი კოვიდის შემთხვევები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება. ამ შეზღუდვებს საერთო ჯამში ვიღაც მაინც დაარღვევს. ამიტომ მე არ ვიცი სხვა ისეთი პრევენციული ზომა, რომელიც დიდ ზემოქმედებას გამოიწვევს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე და შეკითხვაზე - “რამდენად ეფექტური იქნება სხვადასხვა ბიზნესისა და ტრანპსორტის დღეების, ან საათების მიხედვით შეზღუდვა?” - პასუხობს:

 

“ეს იმაზე უკეთესია, დღეს რაც ხდება, მაგრამ რეალურად ვერ ვიტყვით, რომ ამ დროს გადაეცემა ადამიანს ინფექცია. ჩვენ რომ ვიცოდეთ რეალურად რა დროს გადაეცემა, მაშინ ასეთი შეზღუდვის ტიპი ქმედითი იქნება, მაგრამ “დღეს მოდი და ხვალ არ მოხვიდე” - ეს რამდენად ეფექტური იქნება, არვიცი... რაც შეეხება რესტორნებს, ეს მხოლოდ ქეიფი არაა, აქ არის უამრავი ადამიანია დასაქმებული, რომელიც ამ შემოსავალზეა დამოკიდებული და აქ რაოდენობრივი შეზღუდვა უნდა მოხდეს. თუ დისტანციას დაიცავენ და მომსახურე პერსონალი პირბადით იქნება და ა.შ., ეს დასაშვებად მიმაჩნია”.

წაკითხვა 551 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.