May 14, 2024

არის თუ არა ანტივაქცინური განწყობები ქართველ ექიმებში და შემცირდა თუ არა ნდობა “ასტრაზენეკას” მიმართ

“საქართველოში “ასტრაზენეკათი” ვაქცინირებული ჯანდაცვის მუშაკების რიცხვმა ერთ დღეში 668 შეადგინა.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნული რიცხვი უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ვაქცინაციის პროცესში მედპერსონალის ჩართვა უახლოეს დღეებში არ გააქტიურდება, სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ. პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია, გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო, დროებით შეჩერებულია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი არ შეაქვს. რატომაა ვაქცინაციისადმი მედიკოსთა ნაწილში სკეპტიკური დამოკიდებულება? ეპიდემიოლოგ ალექსანდრე გოგინავას აზრით, აცრაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი შესაძლოა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში “ასტრაზენეკას”ვაქცინის გამოყენების შეჩერება იყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არის თუ არა ანტივაქცინური განწყობები ქართველ ექიმებში და შემცირდა თუ არა ნდობა “ასტრაზენეკას” მიმართ.

 

“პირდაპირ ვერ ვიტყოდი, რომ მედიცინის მუშაკებს ზოგადად ანტივაქცინური დამოკიდებულება აქვთ. იმედი მაქვს ეს ასე არ არის. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მედიცინის ზოგიერთ მუშაკს აქვს ამ კონკრეტული ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, რადგან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნული ვაქცინა დროებით შეჩერდა და სწორედ ეს შეიძლება იყოს მთავარი და ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ვაქცინა არავითარი საფრთხის შემცველი არ არის და მათ შორის საქართველოშიც გასცა რეკომენდაცია ამ ვაქცინის გამოყენების თაობაზე. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი არის ინფორმაციის სწორად მიწოდება, ამ შემთხვევაში მედპერსონალისათვის. ეს ევალება ოფიციალურ სტუქტურებს, რომ ჩაატარონ შეხვედრები, სხვადასხვა კამპანიები ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, რათა ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს იმაზე უფრო აქტიურად, ვიდრე ახლა მიმდინარეობს”, - აცხადებს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“რეალურად აუცილებელია ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა და ამას ორი მნიშნელოვანი მიზანი აქვს. ერთი ის, რომ ჯანდაცვის მუშაკები არიან პირველები, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე იმყოფებიან და მეორე ის, რომ მოსახლეობაში გაჩნდეს სანდოობა “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია მედპერსონალში ვაქცინაცია სწრაფად და აქტიურად ჩატარდეს, რათა მოვახერხოთ რომ წლის ბოლოს გვყავდეს მოსახლეობის 60%-ზე მეტი იმუნიზირებული”, - მიიჩნევს გოგინავა. ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, სამშაბათს საფრანგეთმაც შეაჩერა “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება. საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელის, პროფესორ ალენ ფიშერის თქმით, ვაქცინის გამოყენება დროებით შეჩერდა, რადგან აცრილ ადამიანებში გვერდითი მოვლენები მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც გამოვლინდა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ საფრანგეთთან ერთად, ამჟამად “ასტრაზენეკას” გამოყენება ევროპის კიდევ ოცამდე ქვეყანაშია შეჩერებული. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა თრომბი, (სისხლის შედედება) განვითარდეს. “ასტრაზენეკას” გამოყენება ასევე შეჩერებულია შვედეთში, ლატვიაში, ესპანეთში, დანიაში, იტალიაში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ლუქსემბურგში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, ინდონეზიაში, ნიდერლანდებში, ირლანდიაში, ბულგარეთში, კონგოში, ტაილანდში, რუმინეთში, ისლანდიაში, დანიაში, ნორვეგიასა და ავსტრიაში. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ მიიღო “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების გადაწყვეტილება, სანამ არ მოხდება ევროპის წამლების სააგენტოს მიერ საეჭვო გვერდითი მოვლენების გამოძიება”, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ კი განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებში დაფიქსირდა თრომბის 10 შემთხვევა და თრომბოციტების დაბალი დონის შემთხვევა. ლატვიის მთავრობის ჯანდაცვის სააგენტოებმა კი, 16 მარტს გაავრცელეს „ასტრაზენეკას" ვაქცინის დროებითი შეჩერების შესახებ ინფორმაცია. გერმანიის მთავრობამ 15 მარტს განაცხადა “ასტრაზენეკას” გამოყენების შეჩერების შესახებ”, - დასძენს გამოცემა.

 

“ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “სიფრთხილისთვის” და გერმანიის ვაქცინის ეროვნული მარეგულირებლის, პოლ ერლიხის ინსტიტუტის რჩევით, რომელმაც მოითხოვა გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი გამოძიება. იტალიის მედიკამენტების სააგენტომაც 15 მარტს განაცხადა, რომ იგი შეუერთდა ევროპის სხვა ქვეყნებს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების შეჩერებაში. აღნიშნული ვაქცინის შეჩერების შესახებ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას შეუერთდა ესპანეთიც და 15 მარტს გამოაცხადა, რომ შეაჩერებს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენებას მინიმუმ ორი კვირით, რათა ექსპერტებმა გადახედონ მის უსაფრთხოებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით კი, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გვერდითი მოვლენები ვაქცინაციას უკავშრდება”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 444 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.