May 19, 2024

კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოვედღიური მაჩვენებელი გაორმაგდა - ინფექციონისტები ლოქდაუნზე ალაპარაკდნენ

“საქართველოში კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს.

გარდაცვლილთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდება. თბილისი კვლავ ვირუსის აფეთქების კერად რჩება. გახდა თუ არა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ხომ არ არის მოსალოდნელი წერტილოვანი შეზღუდვები, არის თუ არა ქვეყანაში საწოლფონდების პრობლემა და გამოცხადდება თუ არა საყოველთაო კარანტინი - ამის შესახებ “რეზონანსი” ინფექციონისტებს ესაუბრა. ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, რაც საშუალოდ 2-ჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც ბოლო პერიოდში დღიურად ფიქსირდებოდა. ინფექციონისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ფიქრობენ, რომ მკაცრი შეზღუდვები დროულად უნდა დაწესდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კორონავირუსით სიკვდილიანობის ყოვედღიური მაჩვენებელი გაორმაგდა - ინფექციონისტები ლოქდაუნზე ალაპარაკდნენ.

 

“ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველომაც უნდა გამოაცხადოს ლოქდაუნი, რითაც უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას. “ლოქდაუნის” არგამოცხადების პირობებში კი ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს. “პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოქდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოქდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამეთუ მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო ლოქოდაუნის მიმართ. ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს და რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ასევე იყო და გრძელდება საარჩენო პროცესი და მას არ უნდა მიდგომოდა ჩრდილი. ძალიან კარგი, საქართველომ რომ თქვა ლოქდაუნზე უარი და გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას”, - ამბობს ცერცვაძე, რომლის აზრით, “ლოქდაუნით ეს შედარებით იოლად იქნებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა ლოქდაუნი და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოქდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, ლოქდაუნის არგამოცხადების პირობებში ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს”, - თვლის ცერცვაძე. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ უკონტროლო გამოსვლებმა და 31 ოქტომბრის არჩევნებმაც განაპირობა კორონავირუსის აფეთქება - სიმართლე გითხრათ, ერთის მხრივ არჩევნებმა და მეორე მხრივ, აბსოლუტურად უკონტროლო გამოსვლები რომ დაიწყო, გარკვეულწილად ამან იმოქმედა. ტელევიზორში ჩანდა, რომ ძალიან ბევრს პირბადე არ ეკეთება, ზოგს მხოლოდ პირზე ეკეთა. ძალიან ახლოს არიან ადამიანები ერთმანეთთან, რომელ სოციალურ დისტანციაზეა საუბარი? კონკრეტულად რამ განაპირობა, ძნელია თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი მიზეზია. იქ რეგულაციების დაცვის საშუალება არ იყო”, - მიიჩნევს ხმალაძე, რომლის განმარტებით, “არ არის გამორიცხული, რომ თუ ერთი იყო დაინფიცირებული, ის გეომეტრიული პროგრესიით სხვასაც დაასნეულებდა”, - დასძენს გამოცემა.

 

“ერთ ადამიანში დაავადება შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ წარიმართოს და ინფიცირებულმა ზოგადად გადასდოს სხვას, რომელსაც შეიძლება მძიმე ფორმებით დაუფიქსირდეს. რეალურად არ არის გასაკვირი, რომ ამდენი გარდაცვლილი გვყავს. როცა ხდება ინფექციის გადადება, ვირუსი ძლიერდება და ყველა ადამიანს შეიძლება სხვადასხვა ფორმით გადაედოს. ადამიანს რამდენადაც უფრო გაძლიერებული ვირუსი აქვს, უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. გრიპოზული ინფექციისას გაცილებით ბევრი ადამიანი იღუპება, ვისაც გვერდითი დაავადება აქვს. ეს რეკორდული მაჩვენებელი არ არის. ეს დაემთხვა ზუსტად კოვიდ ინფექციას და უფრო კარგად ჩანს, ვის რა დაემართა და როგორ. ძალიან გადატვირთულია კლინიკები, თუმცა, პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება გართულებების თვალსაზრისით, ჯერჯერობით ყველა მიიღებს დახმარებას. მთავარია მთლიანად არ აიკრძალოს ტრანსპორტი. შაბათ-კვირას არაუშავს. საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვები. ქვეყანაში უკვე მძვინვარებს პანდემია, რომელმაც უკვე ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიფრთხილე მაქსიმალურად მოგვეთხოვება. თუ რამეში წაგვადგება წერტილოვანი შეზღუდვები, აუცილებელია და უნდა დაწესდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით კი, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ჯერ ვერ დავინახავთ - „ვირუსის მატება ლოგიკურად მიმდინარეობს. ოქტომბრის დასაწყისიდან მატება დაიწყო. პიკურ სიტუაციასთან ახლოს ვართ. ამიტომ აქტიური დაწყებიდან შემთხვევების მატების პიკი 6-8 კვირაში დგება. არჩევნების შედეგებს ჯერ ვერ დავინახავდით. “გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსია, სხვა მეტი არაფერი. ზედაპირულად საუბრის უფლება არ გვაქვს. ამ დაავადებას არაფერი სამკურნალო საშუალება არ აქვს, მარტო არის რეანიმაცია და ჩვენი იმუნური სისტემა. დაავადება იმიტომაც არის ვერაგი, რომ დაახლოებით 0,6%-დან 1%-მდე ადამიანებს კლავს. ეს ნიშნავს, რომ 1000 დაავადებულიდან დაახლოებით 6-10 ადამიანი იღუპება. ეს დასაშვებ ზღვარს არ ცდება. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ადამიანებისთვის ტრაგედიაა, მაგრამ გლობალურად სტატისტიკით თუ შევხედავთ, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მაჩვენებელი 0,9%-ია. ეს არის ამ ვირუსის გარდაცვალების მაჩვენებელი”, - ამბობს კულუმბეგოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ “შემთხვევების რაოდენობა თუ გაიზრდება, ბუნებრივია, ინფექციის გავრცელების შესაწყვეტად მკაცრი ზომა უნდა მივიღოთ, თუნდაც ტრანსპორტის გაჩერება”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, რთული სათქმელია, თუ რამ გამოიწვია ვირუსის, ასეთი აფეთქება. “რთული სათქმელია, შესაძლებელია წესები დაცული არ იყო. გადაჭრით მაგას ვერ ვიტყვი. ზოგადად, ისედაც იმატებდა და არჩევნების გარეშეც შეიძლებოდა ასეთ ციფრებზე ავსულიყავით. ამიტომ ცოტა რთულია ამაზე პასუხის გაცემა. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად მობილობის გაზრდა იწვევს რისკების გაზრდასაც. რა თქმა უნდა, თეორიულად ნებისმიერი თავშეყრა, სადაც ვერ ხერხდება წესების დაცვა, ყველა ასეთი ღონისძიება რისკებს შეიცავს”, - აცხადებს გოგინავა და თვლის, რომ “დანარჩენი უნდა შეფასდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 382 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.