April 29, 2024

"ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის, რა თქმა უნდა, ყველა ვშრომობთ, აქაც და საქართველოშიც" - ქეთი სირაძე

საქართველოდან ქვეყნის მოქალაქეების გადინება ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან.

თითოეული მათგანი ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ამისთვის საჭირო დროს ელოდებიან. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც საზღვარგარეთ რჩებიან და სამშობლოსგან შორს არიან. სამწუხაროდ ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის. ვისაც არასოდეს უტარებია ემიგრანტობის ტვირთი, მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რაც უცხოობაში მყოფ ადამიანს სამშობლოს მიტოვებისთანავე ექმნება.

 

როგორია ემიგრანტობის გზა საქართველოდან ევროპაში? ამის შესახებ FirstNews.ge-ს ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტი ქეთი სირაძე ესაუბრა.

 

- მოგვიყევით თქვენს შესახებ...

- დავიბადე ქალაქ ქუთაისში და იქვე დავამთავრე მე-3 გიმნაზია. ვფიქრობ, ქუთაისის სკოლა ყველაზე კარგი რამ არის ქვეყანაზე. შემდეგ დავამთავრე უნივერსიტეტიც საერთაშორისო ეკონოკური ურთიერთობების განხრით. დედა პედაგოგი მყავს მამა კი თეატრის ოპერატორი იყო. ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავიზარდე, რომელთა სიყვარულიც მაძლიერებს და აქამდე მომყვება. უკეთესი მომავლისა და პერსპექტივისათვის გადავწყვიტე ესპანეთში ოჯახთან ერთად წამოსვლა. მყავს ოთხი შვილი და უკვე ვარ დედამთილიც. პატარა აქ დაიბადა და ესპანელია თავისი აზროვნებით, მაგრამ ვცდილობთ, რომ ყველანაირად შევცვალოთ ეს.

 

მომწონს აქ ცხოვრება, თუმცა ამ ქვეყნისთვის მაინც უცხონი ვართ, ისევე როგორც საქართველოსათვის და მთავარი ჩვენი ტკივილი დღეს ევროპაში სწორედ ეს არის. საკუთარი სიბერე ზუგდიდის რომელიმე სოფელში წარმომიდგენია საკუთარი ყანით, ბევრი ძროხებითა და მეურნეობით.

 

- როგორია თქვენთვის ევროპაში ემიგრანტის გზა?

- პესიმისტი არასდროს ვყოფილვარ, ვერ ვიტყვი ისე როგორც ჰყვებიან სხვები, რომ ეს ძალიან რთული გზა იყო. ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის, რა თქმა უნდა, ყველა ვწვალობთ, აქაც და საქართველოშიც. ემიგრანტმა, როცა ენა არ იცის ეს თავისთავად პირველი პრობლემაა, შემდეგ ის, რომ არ გაქვს საბუთი და სამსახურს ვერ იწყებ. მაგრამ ეს ყველაფერი არ მახსენდება შავ-თეთრ ფერებად.

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან აქ დაგვხვდა ჩემი მეუღლის და თავის ესპანელ მეუღლესთან ერთად, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ გზის გაკვალვაში. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შედარებით ნაკლები წვალება მოგვიხდა თავის დასამკვიდრებლად. ვფიქრობ, ჩვენ საქართველოში 90-იანი წლები იმდენად რთულად გამოვიარეთ,რომ ამის ფონზე ევროპაში არ გვიწევს ტანჯვა.

 

334929552_660321482765017_530117021411sss380747_n.jpg

 

- რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობთ?

- 11წელია რაც ემიგრანტები ვართ. ყოველ წელს დავდივართ საქართველოში. ამ ქვეყანაში არ მაქვს განცდა რომ ვარ ემიგრანტი.

როცა ჩავდივარ, საქართველო ყოველთვის ძალიან კარგია. მაქვს განცდა რომ ადამიანებს იქ არ უჭირთ და გაცილებით კარგად ცხოვრობენ ვიდრე ჩვენ აქ, ევროპაში.

 

- მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე...

- მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ესთეტიკური ცენტრი. მე არ მქონდა სალონური გამოცდილება, რაშიც ჩემი მეგობარი გვერდით დამიდგა. ჩემმა კარგმა მეგობარმა ნინო ბარათელმა მაპოვნინა ფართი. ამ მხრივ ვთვლი, რომ ყოველთვის ძალიან მიმართლებს ცხოვრებაში.

 

რაც შეეხება საბუთებს, არის რთული, რადგან არის ბიუროკრატიული ქვეყანა და ყველაფერს ექცევა ყურადღება. არის ცოტა რთული გზები რასაც გადიხარ, გხვდება ამაზე ნერვიულობა, ვერ ისვენებ, არ გძინავს, გაწვიმს და გათოვს. და ეს სრულიად ლოგიკურია, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში თავის დამკვიდრება რთულია. იმდენად კარგი გუნდი მყავს,ვერ წარმომიდგენია და არ აღვიქვამ ჩემს თავს როგორც უფროსს. აქ ვარ დამლაგებელი, ვაკეთებ ლაზერს, ვიღებ შეკვეთებს და ასევე ვარ მენეჯერიც.

 

335009234 186246930782728 1283751551796891777505 n

 

- რა სამომავლო გეგმები გაქვთ?


- მინდა რამდენიმე დღით ამერიკაში ჩემს შვილთან წავიდე. მინდა ძალიან დიდი სახლი მქონდეს ესპანეთში და ჩემი ყველა შვილი ერთად იყოს. ვგეგმავ გავხსნა ბევრი ფილიალი და დავასაქმო რაც შეიძლება მეტი ქართველი, ასევე უკრაინელი და ესპანელი. ეს ქვეყანა ძალიან კარგია, კარგი ხალხია და ვერ ვიქნები რასისტი.

 

ჯერ არ ვთვლი რომ რამეს მივაღწიე. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად განვვითარდები და კარგად დავიმკვიდრებ თავს. მხოლოდ ობიექტის გახსნა არაფერს ნიშნავს, რადგან მთავარია შიგნით რა მოხდება და როგორი რეპუტაციით დაიმკვიდრებ სახელს ბაზარზე. მინდა ყველა ჩემი რესურსი ამისკენ მოვმართო, რადგან ძალიან შემიყვარდა ეს საქმე.

 

- როგორც ემიგრანტი, რას ეტყოდით ქართველ ქალებს?


- საერთოდ ქალებს ვეტყოდი, რომ არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ მოგვარდება და გზა, რომელიც ძალიან რთულია არ გამარტივდეს დროთა განმავლობაში. ვუსურვებ მათ მოთმინებასა და პოზიტივს. აუცილებლად უნდა იყვნენ მიზანდასახულები, რადგან ასე ყველა ოცნება ხდება. ვუსურვებ ყველას ბედნიერებას და ირგვლივ ყველა ბედნიერი უნდა გახადონ ამ ბედნიერებით.

 

მე მყავს ოთხი შვილი და ვფიქრობ, ცხოვრებაში ამით ყველაფერი ნათქვამი მაქვს. თუ მიზანი მაქვს და რაიმე მინდა, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ მას მე მივაღწიო.

 

რაღაცნაირად ძალიან კომფორტულად ვარ ჩემს ნაჭუჭში, რადგან მიხარია რომ ადამიანებს ვუყვარვარ და ისინი მიყვარს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარმულია ცხოვრებაში და რასაც გავცემთ სწორედ იმასვე ვიმკით. ძალიან რთული გზებიც არის გასავლელი, რომელიც მეც გავიარე და ვეტყოდი ქალებს, რომ რაც შეიძლება მეტი გაიღიმონ, გაუშვან ცაში პოზიტივი და აუცილებლად დაუბრუნდებათ.

წაკითხვა 928 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 09 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.