May 10, 2024

იქნებ, ჰესი მხოლოდ საბაბია, მიზანი კი რამე სხვაა? - ზაზა ბიბილაშვილი

"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ამ პოსტს ვწერ ყოველგვარი ქიშპის ან ნიშნის მოგების გარეშე. ვწერ ყველა კეთილსინდისიერი ადამიანისთვის. ასეთებიდან, ზოგი მხარს უჭერს ჰესის აშენებას, ზოგი - ეწინააღმდეგება, ზოგს კი მიაჩნია, რომ ჰესები აუცილებელია, მაგრამ ამ კონკრეტულ პროექტში უამრავი პრობლემაა.

 

თუმცა ეს პოსტი ჰესებს არ ეხება. ეს პოსტი ეხება ადამიანებით მანიპულაციის ხელოვნებას.

 

რა ხანია, საქართველო, ამ მიმართულებით, საცდელ პოლიგონად, გნებავთ, ლაბორატორიად იქცა. ჩვენ ხომ მიამიტი, იმპულსური, აფექტური და, შესაბამისად, ადვილად სამართავი ხალხი ვართ. ვისაც არ ეზარება, შესწავლილი აქვს ჩვენი ფსიქოტიპი და იცის, რომელ ემოციურ ღილაკზე დაჭერით რა რეაქციას გამოიწვევს.

 

„ლაბორატორიაზე“ გამახსენდა - ვის ახსოვს აღფრთოვანებული შეძახილები 2012 წლის სექტემბერში, ეს რა თაობა წამოვიდა, ეს ახალგაზრდობა გაგვიყვანს სამშვიდობოს, ეს რა პრინციპულები და მოქალაქეობრივად მიუკერძოებლები არიანო...

 

მერე, უეცრად, აღმოჩნდა, რომ ეს „სასიქადულო თაობა“ ერთი კონკრეტული კაგებეშნიკის მიერ კარგად მომზადებული ჯგუფი იყო, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორგანიზებულად შეერწყა „ოცნებას“, არჩევნების მერე კი სარფიანად დასაქმდა საბიუჯეტო კერებთან.

 

ხოდა, ამ და ათას სხვა მაგალითზე მგონია, რომ მეტი სიფრთხილე გვმართებს ყოველთვის, როცა ჩვენ თვალწინ რაღაც ძალიან მოულოდნელად მომხიბლავი ვითარდება.

 

თუნდაც იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში შემთხვევით თითქმის აღარაფერი ხდება. ყველაფერს რესურსი სჭირდება, რესურსს კი ყოველთვის ყავს ავტორი, რომელიც ტყუილად არაფერს იძლევა.

 

ნუთუ არალეგიტიმურია იმის გარკვევის მცდელობა, ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ინტერეს-ჯგუფები ხომ არ დგას? და თუ კი, რის მიღწევას ლამობენ ეს ჯგუფები?

 

იქნებ, ჰესი მხოლოდ საბაბია, მიზანი კი რამე სხვაა? (მაგალითად, ოდესღაც ელისაშვილიც ხომ ეგონათ თბილისის უანგარო დამცველი და ხომ აღმოჩნდა ანგარებიანი კინტო?)

 

რაც შეეხება ლოგისტიკას - პატივს ვცემ ყველა წესიერ ადამიანს, ვინც საკუთარი თანხა ჩაურიცხა პროტესტანტებს. მაგრამ განა უბრალო ადამიანების მიერ ამგვარად შეგროვილი თანხა საკმარისია ამხელა აქციების ორგანიზებისთვის (ტრანსპორტირება, კვება, ბრენდირებული მაისურები, etc.)?

 

გარდა ამისა, ხომ ლეგიტიმურია გავიკვირვოთ, რომ პროტესტის პირველივე დღეს მერიამ მოედანზე ბიოტუალეტები განალაგა (მაშინ, როდესაც არც ერთი სხვა პროტესტის დროს მსგავსი არ გაუკეთებია)? ხომ ლეგიტიმურია ვიკითხოთ, როგორ მოხდა, რომ პოლიციამ ხელი არ გაანძრია, როცა გადაიკეტა მოედნის სავალი ნაწილი (როცა სხვა მსგავს შემთხვევებში სტალინგრადივით იცავდნენ ტერიტორიას, ხოლო რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ იმსიგანე ტროტუარია, რომ თავისუფლად დაიტევდა ყველა კარავს)?

 

ბევრმა თქვა, ტაბურეტიანი რაინდები და მათი სულიერი მოძღვრები იქ შემთხვევით ვერ მოხვდებოდნენო, მაგრამ იქნებ მართლაც ისეთი ტალღა აგორდა, რომელმაც გააერთიანა პრორუსი და ანტირუსი, ლიბერალი და შოვინისტი, გლბტ და ჰომოფობი?

 

ხომ არ ჯობია, სანამ ავენთებით, ამ კითხვებზე კომფორტული პასუხები გვქონდეს, რომ შემდეგ ისევ სახტად არ დავრჩეთ და ჩვენი გულწრფელი პროტესტი ვიღაც უხილავმა და არაკეთილსინდისიერმა არ გამოიყენოს?

 

ბანალურად დავასრულებ (თუმცა, ეს „ბანალური“ წლებია, გვავიწყდება - თუ არ გჯერათ, გადახედეთ ოპოზიციურ პარტიებს და ეთერებს):

 

ყველა, ვინც არ გვეთანხმება (ან, უბრალოდ, კითხვებს სვამს), მტერი არაა. და ყველა, ვინც გვეთანხმება (ან აშკარა კითხვებს გაურბის), მოყვარე არაა.

 

გმადლობთ ყურადღებისთვის, "- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 465 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.