May 12, 2024

არავის არ უნდა დავემორჩილოთ, ვინც გვეუბნება, დაარტყი, ქვა ესროლე - ნათია ფანჯიკიძე

საქართველოში არ ვარ. უცხოელ მეგობრებს ერთი კვირაა ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები, ვაქებ, ვტრაბახობ, ვაწონებ და ვეპატიჟები. ინტელექტუალური ხალხია, მათი გატანილი აზრი, ჩვენი ქვეყნის შეყვარება სასარგებლოა სახალხო დიპლომატიისთვის, ჩვენი ყველას შვილის მომავლისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს. 

"ხომ გჯერათ, რომ საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო მინდა? ხოდა ხომ ვცდილობ, მათ კარგ ქვეყნებში, კარგ უნივერსიტეტებში სწავლას შევუწყო ხელი. მათი მოგზაურობის უფლებას, სტუმრების მიღების უფლებას. მოგზაურობა ხომ კიდევ უფრო ავითარებს ადამიანებს, ის რასაც შეეხე, ახლოს გაეცანი, შენი თვალით ნახე. ასევე ვცდილობ, მიღებული უცხოური გამოცდილებები იმ პროფესიაში, რომელსაც ვემსახურები, აქ სტუდენტებს ჩამოვუტანო.

 

ხომ გჯერათ, რომ წყნარ, გაღიმებულ, წინ მიმავალ ქვეყანაში მინდა იზრდებოდნენ ჩემი შვილები და თქვენი ყველას შვილის ბედნიერების გარეშე ეს ხომ შეუძლებელი იქნება? ყველა კარგად უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენგანი გრძნობდეს თავს ნამდვილად კარგად. კარგი, მე ერთი გაჩეჩილი, მხიარული ქალი გგონივართ იქნებ, მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ, რომ მთავრობის წევრები და ყველა, ვისაც ოდნავ შესაძლებლობა აქვს, ცდილობს იგივეს, რასაც მე ჩემი შვილებისთვის? ხოდა ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც თქვენი შვილების მომავლისთვის ერთმანეთის ხოცვისკენ გიბიძგებთ, დღეს მუშტებით, გუშინ ავტომატებით, ხვალ ისევ იარაღს დაგვირიგებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

 

ტყუილია ყველა "ფასეულობას" ამოფარებული წაქეზება, რომელიც ერთმანეთს გვაკარგინებს, ფიზიკურად და მორალურად გვაზიანებინებს. ნურც მათ დაუჯერებთ, რუსეთის სიკეთეზე ვინც გელაპარაკებათ. ვინც გეუბნებათ, რომ ჩვენი ბრალია, ქვეყანა რომ ჩამოგვაგლიჯეს. ერთ თანამდებობის პირს მაინც იცნობთ, ან აგრესიულ რომელიმე მღვდელს თუნდაც, შვილს რომ რუსეთში ასწავლის, ან ჟიგულით დასეირნობს? თქვენთვის სხვა საქართველო უნდათ და თავისთვის სხვა? სხვა საქართველო არ არსებობს. ერთია და ყველა ჩვენგანის სახლია. სულელია, ვისაც ჰგონია იმეფებს, სხვებს თუ ამოძირკვავს. ხანმოკლეა ეგეთი "ბატონობა" და ქვეყნის გადარჩენისკენ არ არის მიმართული. არავის არ უნდა დავემორჩილოთ, ვინც გვეუბნება, დაარტყი, ქვა ესროლე და დააზიანე შენიანიო. გვაქვს სიტყვები, ვაგინოთ ერთმანეთს ხანდახან, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ ცემა? ხოცვა? აღარ გაგვაჩნია გამოსაშვები სისხლი. ერთმანეთის თმის ღერს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ორი გრამი ტვინი მაინც თუ გვაქვს თავში. მოკლედ, ეს ჩემი ძლიერი ქვეყნების მოქალაქე მეგობრები დამპირდნენ ჩამოვალთო, თარიღებზეც შევთანხმდით. გუშინდლამდე ვიყავი წელგამართული. გუშინ კი ერთი დარდი მქონდა მხოლოდ, ნეტავ ახალი ამბებით არ დაინტერესდნენ-მეთქი,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

წაკითხვა 390 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.