April 27, 2024

"საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის გამარჯვების ეშინია" - გია ნოდია

ანალიტიკოსი გია ნოდია ფიქრობს, რომ ქართული ხელისუფლება მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვებას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

„თუმცა ხელისუფლება ცალკეულ უკრაინის მხარდამჭერ ჟესტებს აკეთებს და ნომინალურად უკრაინის მხარდაჭერას აფიქსირებს, მისი რიტორიკა მიგვანიშნებს, რომ ის უკრაინის მხარეს არ არის და მეტიც, უკრაინის გამარჯვებისა ეშინია,“- წერს გია ნოდია და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა რუსეთიდან ფარული ზეწოლა და შიში იყოს, თუმცა მთავარ მიზეზს, მაინც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ხედავს.

 

„ეს შეგვიძლია ავხსნათ რუსეთიდან ფარული ზეწოლით ან რუსეთის პანიკური შიშით. არც ერთს არ გამოვრიცხავ, მაგრამ არა მგონია ეს იყოს ძირითადი მიზეზი. ბიძინას მთავარი აკვიატებაა არა გეოპოლიტიკა, არამედ მისი საკუთარი ძალაუფლება. შესაბამისად, მთავარი საფრთხეა არა რუსეთი ან რომელიმე გარე ძალა, არამედ „ნაციონალები“. ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი ეს სიტყვა, რომ ამაში ყველა შევდივართ, ვისაც ბიძინა არ მოგვწონს და არა მხოლოდ კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები.

 

აქედან გამომდინარე, ის მხარს ვერ დაუჭერს უკრაინას, რადგან უკრაინის მთავრობაც „ნაციონალია“. იგივე ხსნის, რატომ არ შეიძლებოდა ზელენსკის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა: არა ის, რომ რუსეთი გაღიზიანდება, არამედ ის, რომ ამით „ნაციონალების“ ლეგიტიმაციას მოხდებოდა. ზელენსკისთვის ტაში ხომ უნდა დაგეკრა? ესე იგი, „ნაციონალებისთვის“ უნდა დაგეკრა ტაში. ის, რასაც ის იტყოდა, „ნაციონალების“ დისკურსია. ესე იგი, არ შეიძლებოდა მისი პარლამენტში შემოშვება.

ბიძინას და მის ასისტენტებს უბრალოდ არ ესმით, რომ ეროვნული ინტერესი და პარტიის ინტერესი ერთი და იგივე არ არის. მაგრამ თუ ზელენსკიც ნაციონალია, მაშინ ვინ აღარ არის ნაციონალი? ასეთია პუტინი და ლუკაშენკო. ისინი არიან რეალური თანამოაზრეები,“- წერს გია ნოდია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა არ განიხილა ოპოზიციური პარტიების ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ჩართვის შესახებ. "ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთი საკითხები გვარდება და ლაგდება, თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ამიტომ ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

წაკითხვა 233 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.