"გმირების ტყვეობიდან გამოხსნა უკრაინელებს ოპტიმიზმსა და თავისუფლებისთვის თავგანწირვის სურვილს გაუათმაგებს"

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილის სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"მარიუპოლის გმირების თავის ოჯახებთან შეხვედრის კადრების ყურებისას... 

 

ისტორია უამრავ წაგებულ ბრძოლას ითვლის, რომლის დამარცხებული გმირები საუკუნეების განმავლობაში ახსოვთ და ეამაყებათ, ზოგჯერ მეტადაც, ვიდრე ომებში გამარჯვებულებიც კი. ასეთი იყო თერმოპილეში სამასი სპარტელის დამარცხება, მასადას ციხესიმაგრეში მდგარი აჯანყებული ებრაელების რომაელებისთვის გაწეული გმირული წინააღმდეგობა და ბოლოს მარცხი, ქართველების გმირულად წაგებული ბრძოლა კრწანისის ველზე, ან 2008 წელს შინდისის მისადგომებთან 17 ქართველი ვაჟკაცის გმირული დაცემა და ამაღლება. ყველა ეს ბრძოლა ეზოთერიულად ან, თუ გნებავთ, შინაგანად ამ გმირებმა მოიგეს. მათ საკუთარი თავი, და მათში ჩაბუდებული შიშები და ეჭვები დაამარცხეს, ზოგმა ბოლო ბრძოლის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ზოგმაც უშუალოდ იმ საბედისწერო ბრძოლის დროს. მეორეც, ისინი სიმართლისთვის იბრძოდნენ და ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ. მაგრამ, ასევე განუზომლად დიდია გაწეული მსხვერპლის მნიშვნელობა მათი სამშობლოს მომავალი გამარჯვებების, მომავალი თაობების სულისკვეთების განმტკიცების, ერის გაერთიანების, სიმართლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინის შენარჩუნების საქმეში. 

 

როგორც ჩანს, ბრძოლა დროში და სივრცეში მეტადაა განვრცობილი, ვიდრე გარეგნულად ჩანს და მისი საბოლოო შედეგი შეიძლება დიდი ხნის შემდეგ ვიხილოთ.  მაგალითია ელადის გადარჩენა და სპარსეთის იმპერიის დაღუპვა, რომის იმპერიის დაშლა და ებრაელთა სახელმწიფოს აღორძინება 2000 წლის შემდეგ, საქართველოს გადარჩენა და ყაჯართა დინასტიის გადაშენება, და უკრაინისა და საქართველოს საბოლოო გამარჯვება და აღმასვლა, ხოლო რუსეთის ფედერაციის დაკნინება და შესაძლო დაშლა. 

 

მარიუპოლის დაცემამ უკრაინელების სამხედრო სულისკვეთება გააძლიერა და არა პირიქით. ის, რომ მისი გმირების ნაწილი  ცოცხალი გადარჩა სულაც არ აშორებს მათ სამასი სპარტელის ან სამასი არაგველისგან. იაპონელი სამურაების კოდექსი „ბუსი-დო“ ამბობს, რომ მეომარი ყოველ დღე ბრძოლაში ისეთი გრძნობით უნდა შევიდეს, თითქოს გუშინ დაიღუპაო.“ აზოვის მცველები ამ თვალსაზრისით ყოველდღე „გუშინ იღუპებოდნენ“ და ასე მგონია, ცოცხლები რომ გადარჩნენ ეს უფრო ღმერთის მიერ მოცემული საჩუქარია მათთვის ვინც მათ ვგულშემატკივრობდით და ვინც უნდა გააგრძელოს ბრძოლა. გმირების ტყვეობიდან გამოხსნა, რომლებიც თავდაუზოგავად და სისხლის ბოლო წვეთამდე იდგნენ, იმ სიხარულად იქცა, რომელიც გაუათმაგებს უკრაინელებს ოპტიმიზმსა და თავისუფლებისთვის თავგანწირვის სურვილს,"- წერს კახა გოგოლაშვილი.

წაკითხვა 231 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.