გვეკუთვნის და გვჭირდება თუ არა კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჯერ სრულად არ დაგვიმსახურებია?

პირობები, რომელიც წაგვიყენეს არ შეგვისრულებია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი წერს.

მისი თქმით, თავის-თავად კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს თუ არა ტიტულს. ეს რაინდის ტიტულივითაა - აღიარება, რომ შენ კეთილშობილი მიზნები გამოძრავებს.

 

"რას ნიშნავს ჩემთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? გვეკუთვნის და გვჭირდება თუ არა სტატუსი, რომელიც ჯერ სრულად არ დაგვიმსახურებია? პირობები, რომელიც წაგვიყენეს არ შეგვისრულებია. აი კითხვა, რომელიც პირადად ჩემში ეთიკურ დილემას აჩენს. როდესაც, საკითხზე რაციონალურ პასუხს ვერ ვპოულობ, მე ვენდობი ცნობიერებაში სპონტანურად ამოტივტივებულ ასოციაციებს, ანალოგიებსა და პასუხებს, რადგან ისინი, როგორც წესი, გულიდან მოდიან. უფრო სწორედ გულში გატარებული დიდხანს ნაფიქრალი და ნააზრევის შედეგად იბადებიან. აქ რიდლი სკოტის შესანიშნავი ტრილერი „ზეციური სამეფო“ მახსენდება. იმ ფილმში ორი პასაჟია, რომლებიც მე ძალიან დამეხმარა ამ რთულ კითხვაზე გამეცა პასუხი. პირველი - როდესაც „იერუსალიმის დამცველად“ ცნობილი მჭედელი, რომელიც გოტფრი დე ბუიონმა რაინდად აკურთხა და საკუთარ შვილად აღიარა, სარაცინების შეტევის წინ უბრძანებს ლაშქარს, რომ დაიჩოქოს და ყველას უკლებლივ, მდაბიოსა და შეძლებულს, სუსტსა თუ ძლიერს რაინდად აკურთხებს, გაოცებული ეპისკოპოსი მას ეკითხება - კი მაგრამ, ისინი რა, უკეთ იომებენ, თუ მათ რაინად აკურთხებ? მჭედელი მოკლედ პასუხობს - დიახ! მეორე ეპიზოდში უკვე "იერუსალიმის დამცველი", ქალაქის მშვიდობიანად გადაბარების პირობების შეთანხმების შემდგომ ეკითხება სალაჰედინს, ეგვიპტის ძლევამოსილ სულთანს, რომელმაც წმინდა მიწაზე ჯვაროსნებს წარმატებული ომი გაუმართა: „რას ნიშნავს შენთვის იერუსალიმი?“ სულთანი პასუხობს - „არაფერს!“ და მიდის. შემდგომ მობრუნდება, მუშტებს ერთმანეთთან მიიტანს და მიაძახებს - „და ყველაფერს!“

პირველი: თავის-თავად კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს თუ არა ტიტულს. ეს რაინდის ტიტულივითაა - აღიარება, რომ შენ კეთილშობილი მიზნები გამოძრავებს, ღირსეულად ცხოვრობ, გაგაჩნია ღირებულებები და, რომ მზად ხარ ამ ღირებულებებისთვის იბრძოლო ბოლომდე. კანდიდატის სტატუსი რაინდის წოდებას ჰგავს, ის იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენ გავითავისოთ პასუხისმგებლობა მომავლის, ქვეყნის წინაშე და უკეთ ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ამ მომავლისთვის, საკუთარი ღირსების შეგნებითა და იმედით. მეორე: სალაჰედინის პასუხში დასტურია იმისა, რომ არავითარი სტატუსი, სიმბოლო ან სახელი არ არის მნიშვნელოვანი თავისთავად, მაგრამ თუ ეს სტატუსი უზრუნველყოფს შენი ხალხისა და რწმენის გაძლიერებას და გადარჩენას - ის ყველაფერია. სალაჰედინისთვის იერუსალიმის დაუფლება ისლამის გადარჩენასთან, მუსლიმთა გაერთიანებასთან და მისი ხალხის მომავალთან იგივდებოდა, რადგან ეს მის ხალხს ალაჰის რწმენას გაუსამმაგებდა. სხვაგვარად მუსლიმთა კოალიციას დაშლა ელოდა და ის მომავალში, როგორც მას მჭედელმა უთხრა, ვეღარასდროს შეიკვრებოდა. ამიტომ, ახლა ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მართლა მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ მას რაღაც ხელშესახები მატერიალური შედეგი მოაქვს, არამედ იმიტომ, რომ რომ პრობლემა ჩვენშია, ჩვენი რწმენის სისუსტეში, მიზნის გაუცნობიერებლობაში, ერის დაქსაქსულობაში, საკუთარ თავში გაორებაში, სიმტკიცისა და გრძელვადიანი ძალისხმევისთვის მზადყოფნის ნაკლებობაში. აღიარება კი ამ სისუსტეების დასაძლევად და ერის შესაკვრელადაა აუცილებელი,"- წერს კახა გოგოლაშვილი.

წაკითხვა 234 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.