რატომ აგებს ვლადიმერ პუტინი საინფორმაციო ომს უკრაინაში?

„ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში მარცხდება“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანალიტიკური ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო“. სტატიის ავტორი შვედი პოლიტოლოგი და ეკონომისტი ანდერს ოსლანდია.

სტატიაში წერია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს „საინფორმაციო ომის ოსტატის“ წოდება ჰქონდა მოპოვებული, ვისი დავალებითაც მოსკოვიდან კონტროლირებადი მედიასაშუალებები სოციალურ ქსელში ყალბ ინფორმაციას აგრესიულად ავრცელებდნენ. ამის დასტურია 2014 წლის ყირიმის ანექსია და 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა, მაგრამ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციიდან ორი კვირის თავზე ნათლად გამოჩნდა, რომ საინფორმაციო ომში რუსეთი მარცხდება.

 

„უკრაინაში ინტერვენციამ რუსეთის ტოქსიკური პოლიტიკა და მისი დეზინფორმაციული მანქანა იმდენად ნათლად წარმოაჩინა, რომ კრემლის ფორმალურ მოკავშირე ჩინეთსაც კი სურვილი დაეკარგა, რუსეთისთვის ღიად მხარი დაეჭირა. მკაცრი სანქციები, რომელიც ინტერვენციას მოჰყვა, რუსეთს უპრეცედენტოდ მძიმე ვითარებაში ამყოფებს. ამავდროულად, რუსეთის ყალბი და პროპაგანდისტული რიტორიკა დღეს ყველაზე ნაკლებად ისმის, რადგან ამ სიცრუისთვის დასავლურ მედიასა და სოციალურ ქსელში სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება“, – წერს ანდერს ოსლანდი.

 

„ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზაციის მკვლევარი განმარტავს, რომ კატასტროფული მარცხის წინაშე დარჩენილი ვლადიმერ პუტინი საგონებელშია ჩავარდნილი და ახლა მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყნის შიდა მოსახლეობის მოტყუება და ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა სცადოს. ამიტომაც მოსკოვმა დაბლოკა სოციალური ქსელები Facebook და Twitter, აკრძალა თავისუფალი მედია და თავისუფალი მედიასაშუალებების წინააღმდეგ დრაკონული კანონები შემოიღო.

 

ავტორი რუსეთში შექმნილ ვითარებას ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომან 1984 -ს ადარებს.

 

„ჩნდება კითხვა, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, რატომ მარცხდება კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ახლა?“, – რიტორიკულ კითხვას შვედი ანალიტიკოსი შემდეგი ფორმულირებით პასუხობს:

 

„ამ მარცხის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია დასავლური მედიის წარმომადგენელი კორესპონდენტების გაცილებით დიდი რაოდენობა უკრაინაში, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. ამ პროცესში ბაიდენის ადმინისტრაციასაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, რადგან თვეების განმავლობაში ვაშინგტონი რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გეგმაზე საუბრობდა, მსოფლიო მოსახლეობა კი გარკვეულწილად მომზადებული შეხვდა ამ კონფლიქტს. ამის შედეგად, დასავლური მედიის წარმომადგენლები უკრაინაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩავიდნენ. დედაქალაქის გარდა, უკრაინის დიდ ქალაქებში, როგორიცაა ლვოვი, ხარკოვი, ოდესა და მარიუპოლი სასტუმროები წინასწარ დაჯავშნილი ჰქონდათ ჟურნალისტებს და არსებულ რეალობას საკუთარი ობიექტივიდან აკვირდებოდნენ.

 

სხვა რეალობაა რუსეთიდან კონტროლირებადი მედიის საერთაშორისო კორესპონდენტების მუშაობის თვალსაზრისით. მათ კონფლიქტების გაშუქება მკაცრი ცენზურისა და კონტროლის ქვეშ უწევთ. თუ რომელიმე მათგანი რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის არახელსაყრელ ინფორმაციას გაავრცელებს, შესაძლოა, სამსახური დაკარგოს ან უფრო მეტიც, საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს. შესაბამისად, კრემლიდან კონტროლირებად მედიაში დასაქმებული საერთაშორისო პოლიტიკის კორესპონდენტების გარკვეულმა ნაწილმა ამ კონფლიქტის გაშუქებაზე უარი თქვა.

 

უკრაინაში მედიაგარემო მრავალფეროვანია. დასავლეთისგან განსხვავებით, კერძო ტელევიზიების მფლობელები უმეტესწილად ოლიგარქები არიან, თუმცა ამის მიუხედავად, მათი მთავარი ამოცანა ე.წ. პარტიზანული ჟურნალისტიკაა. თავის მხრივ, ისინიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს აშუქებენ.“

 

სტატიის ბოლოს, დასკვნით ნაწილში ავტორი ხაზს უსვამს დასავლური მედიისა და უკრაინული მედიის უპრეცედენტო თანამშრომლობას. ანდერს ოსლანდის თქმით, საერთო ეთიკის კოდექსსა და ფასეულობათა სისტემაზე დაყრდნობით ევროპელმა, ამერიკელმა და უკრაინელმა ჟურნალისტებმა უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარება დროულად და მიუკერძოებლად ასახეს, რამაც რუსული პროპაგანდისტული მანქანის ძრავას ეფექტური მუშაობის საშუალება აღარ მისცა.

წაკითხვა 495 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.