April 30, 2024

შეუცვლელი რეჯეფი: როგორ გახდნენ დასავლეთი და აღმოსავლეთი თურქეთის პრეზიდენტზე დამოკიდებული

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ) ბეჭდავს სტატიას თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის შესახებ, სათაურით „შეუცვლელი რეჯეფი: როგორ გახდნენ დასავლეთი და აღმოსავლეთი თურქეთის პრეზიდენტზე დამოკიდებული“ (ავტორი - კირილე კრივოსეევი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს შეიძლება 2022 წლის ყველაზე წარმატებული მსოფლიო ლიდერი ვუწოდოთ.  უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყებიდან იგი, შეიძლება ითქვას, მოვლენებს ზემოდან უყურებს და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის პრაქტიკულად უალტერნატივო შუამავლის სტატუსს ინარჩუნებს, თანაც ამით იღებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დივიდენდებს. ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს 2023 წლის ივნისში დაგეგმილ  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც უკვე ითვლება თურქეთისათვის საგარეო პოლიტიკურ საბედისწერო მოვლენად: თუ რეჯეფ ერდოღანი არჩევნებს წააგებს, მაშინ  მთელ რეგიონში დღეისათვის ჩამოყალიბებული ურთიერთქმედების მოდელი სერიოზულად გადაისინჯება.

 

რეჯეფ ერდოღანი უკვე დიდი ხანია უნიკალური პარტნიორი გახდა როგორც რუსეთისათვის, ისე დასავლეთისთვის. ერთი მხრივ, მან, რამდენიმე წლის წინ, დასავლეთისა და ნატოელი მოკავშირეების რისხვის მიუხედავად, რუსული რაკეტები С-400-ები იყიდა, შემდეგ კი თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან ერთად, სირიაში გავლენის ზონების გადანაწილებით იყო დაკავებული. მეორე მხრივ, თურქი ლიდერი პარალელურად აწარმოებდა აშშ-სთან მოლაპარაკებას  „ფანტომების“ - F-16 ავიაგამანადგურებლების შეძენის თაობაზე, ხოლო 2018 წლიდან უკრაინას „ბაირახტარებს“ (Bayraktar) - უპილოტო საფრენ აპარატებს - დრონებს აწოდებდა (იმ დროს ცოტა თუ ვინმე იფიქრებდა იმას, რომ „ბაირახტრები“ რუსეთის არმიის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული). 2002 წლის 24 თებერვლიდან კი პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მდგომარეობა სრულიად უპრეცედენტო გახდა.

 

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პირველი მოლაპარაკება ინერციით ბელარუსში გაიმართა, მაგრამ უკვე ერთი თვის შემდეგ ნათელი გახდა: ქვეყანა, რომელიც რუსეთის არმიისათვის უკრაინაში შეჭრისა და კიევისაკენ თავდაპირველი ნახტომის პლაცდარმად იქცა, ანუ ბელარუსი, შუამავლად არ გამოდგებოდა.

 

ალტერნატივის ძიებას დიდი დრო არ დასჭირვებია - 10 მარტს ანტალიაში ჩატარებულ დიპლომატიურ ფორუმზე სერგეი ლავროვი თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა, ხოლო 29 მარტს ორივე მხარის დელეგაციებმა სტამბოლის დოლმაბახცის სასახლეში პირველი მოლაპარაკება გამართეს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლიუთ ჩავუშოღლუ სიამოვნებით ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო მოსკოვისა და კიევის კონტაქტებით. გაჩნდა იმედი, რომ დაიდებოდა სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ... მშვიდობის იმედები დაინგრა.

 

ომის გაჭიანურებამ რეჯეფ ერდოღანს შანსი მისცა, რომ საკუთარი საერთაშორისო გავლენა განემტკიცებინა. იგი ბევრს ლაპარაკობდა მშვიდობის, რაც შეიძლება მალე დამყარებაზე, მაგრამ იმავდროულად კარგად იცოდა, რომ  რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა კონფლიქტი, მით მეტი სანქცია იქნებოდა მიღებული რუსეთის წინააღმდეგ და მით უფრო მეტად მოგებული დარჩებოდა თურქეთი, რომელიც სარგებლობდა თავისი უნიკალური მდებარეობით და მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა. როგორც გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა, ომის დაწყებიდან რუსეთ-თურქეთის ვაჭრობის დონე (2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით) 198%-ით გაიზარდა.

 

ვაჭრობით მიღებული ზემოგების გარდა, ანკარამ კიდევ ერთი დიდი ბონუსი მიიღო რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებიდან: თურქეთისთვის ენერგეტიკული ჰაბის პერსპექტივა, უკრაინული  მარცვლეულის ექსპორტი და ნატოზე ზეწოლის ახალი ბერკეტი - შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება თურქეთზე არის დამოკიდებული.

 

პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ლავირების ოსტატობა თანდათან სრულყოფილი გახადა. იგი ძველებურად უწოდებს ვლადიმერ პუტინს „ძვირფას მეგობარს“, რაც მას ხელს არ უშლის რუსი კოლეგის პოლიტიკის კრიტიკაში. ამასთან, ხშირად თითქოს იცავს კიდეც: „არცერთი ლიდერი არ იტყვის იმას, რომ შეცდომა დაუშვა. აბა, ვინ აღიარებს, შევცდი და მაპატიეთო?“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში და ამით მიანიშნა - უკრაინის კრიზისის წარმატებით მოსაგვარებლად ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ თავისი სახე შეინარჩუნოს. კითხვაზე, რომელიც, რუსების მიერ ჩადენილ სამხედრო უდანაშაულობებს ეხებოდა, რეჯეფ ერდოღანმა ასევე ფრთხილად უპასუხა, რომ ამ საქმეში ყველაფერი გაეროს დახმარებით უნდა მოგვარდეს. „თურქეთი ვერცერთი ქვეყნის პოზიციას ვერ გაიზიარებს, ვერ დადგება ვერც უკრაინის და ვერც რუსეთის მხარეზე“.

თუმცა რეჯეფ ერდოღანი ყოველთვის არ მალავს თავის პოზიციას, ზოგჯერ იგი ისეთი განცხადებებით გამოდის, რომელიც კრემლს აშკარად მოსწონს.

„სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომში დასავლეთმა პროვოკაციული ელემენტები შეიტანა“, - თქვა რეჯეფ ერდოღანმა ამას წინათ და შეეცადა ხაზი გაესვა მისთვის, რომ თვითონ ამ შემთხვევაში თავს დასავლეთის ნაწილად არ თვლის. კრემლმა, ალბათ, პოზიტიურად მიღო თურქი კოლეგის მზადყოფნა სამმხრივი სამიტის გამართვაზეც, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ერთად. სწორედ ახალი წლის წინ გაიმართა მოსკოვში ამ მიზნით თურქი და სირიელი მინისტრების წინასწარი შეხვედრა, პირველად 11 წლის განმავლობაში.

პარალელურად, თუ რეჯეფ ერდოღანი ადრე ზოგადად ლაპარაკობდა უკრაინის ტერიტიული მთლიანობის დაცვაზე და კონკრეტულად, ყირიმის კუთვნილებაზე, არ აღიარებდა ნახევარკუნძულს რუსეთის ნაწილად, ბოლო დროს იგი თავის ასეთ პოზიციას ხშირად მწვავედ აყენებს. მისი განცხადებები მოსკოვისათვის გამომწვევია. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში არანაირი ტერიტორიული შემატება არ უნდა მიიღოს და ამ დროს მან ძალიან კარგად იცის, რომ დონბასი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები უკვე იურიდიულად რუსეთის შემადგენლობაში ითვლება. მაგრამ ამ ფაქტს რეჯეფ ერდოღანისათვის მნიშვნელობა არ აქვს. 

არის შემთხვევები, როცა რუსეთი ჩუმად ითმენს თურქეთის არასასიამოვნო განცხადებებს. მაგალითად, რუსეთის ჯარებმა ხერსონიდან უკან რომ დაიხიეს და დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ, თურქეთის ლიდერმა თქვა: „ხერსონიდან უკანდახევა პოზიტიური გადაწყვეტილებაა და იმედია, ასე გაგრძელდება“. კრემლს არაფერი უთქვამს. თურქეთმა ოდესასთან რამდენიმე მცურავი ელექტროსადგურის განლაგება დაგეგმა. მოსკოვმა კვლავ დუმილი ამჯობინა.

 

მაგრამ ყველაზე უცნაურია ის რომ თურქეთი კვლავ აგრძელებს ღია და აქტიურ თანამშრომლობას უკრაინასთან სამხედრო სფეროში. ზაფხულში კიევმა და ანკარამ მოილაპარაკეს, რომ „ბაირაქტარების“ ამწყობი ქარხანა უკრაინაშიც აშენდებოდა. კომპანიის დამაარსებელმა ჰალუკ ბაირაქტარმა, რომლის ძმა სელჯუკს ცოლად რეჯეფ ერდოღანის ქალიშვილი ჰყავს, განაცხადა, რომ ფული მისთვის ამ საქმეში პრიორიტეტული არ არის: „ჩვენთვის მთავარია უკრაინისა და თურქეთის მეგობრობა. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ უკრაინას“. 

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, 2023 წლის მაისში თუ ივნისში თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, შეიძლება გაბედულად ვთქვათ: თურქეთის მოქალაქეების მიერ გაკეთებულ არჩევანს შეუძლია გავლენა მოახდინოს არამარტო უკრაინის კრიზისის შემდგომ განვითარებაზე, არამედ ნატოს პოლიტიკაზეც, რუსეთის მიმართ გამოცხადებულ სანქციებზე, მათ გვერდის ავლაზე და, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაზეც. კითხვაზე, თუ რამდენად საიმედოა თურქეთის პრეზიდენტის შანსები, რომ მას ისევ აირჩევენ, ჯერ-ჯერობით პასუხის გაცემა რთულია, სანამ არ გამოიკვეთებიან ოპოზიციური კანდიდატები. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რეჯეფ ერდოღანის პარტიის არცთუ მაღალ რეიტინგს კონკურენტებთან შედარებით, სიტუაცია, როგორც მინიმუმი, არასტაბილური იქნება. ასე რომ, თუ რეჯეფ ერდოღანისთვის გასული 2022 წელი ყველაზე იღბლიანი იყო, შეიძლება მას ყველაზე უიღბლო წელი მოჰყვეს.

 

წყარო

 
წაკითხვა 165 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.