მდუმარე ამომრჩეველის “ნაღმი” - როგორი იქნება პარტიათა საუკეთესო ხუთეული არჩევნებზე

“წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სხვადასხვა კვლევაში პარტიების ხუთეული სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუმცა ყველგან პირველ და მეორე ადგილს გამოკითხვებში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” იკავებენ.

როგორი იქნება ანალიტიკოსების პროგნოზი პარლამენტში შესული პარტიების საუკეთესო ხუთეული? - ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბარში პარტიების პირველ ხუთეულს პროგნოზირებს, თუმცა, ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა “მდუმარე” ამომრჩევლის გადაწყვეტილებამ შედეგები რადიკალურად შეცვალოს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი პარტიების იმ ხუთეულის მსგავს სურათს პროგნოზირებს, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სოციოლოგიური კვლევების კომპანია “სურვეიშენმა” ჩაატარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მდუმარე ამომრჩეველის “ნაღმი” - როგორი იქნება პარტიათა საუკეთესო ხუთეული არჩევნებზე.

 

“ჩვენ თუ ამის ამოსავალ წერტილად, რაც გვაქვს, იმ ბოლო კვლევებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში სურათი ასეთი უნდა იყოს: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი”. არის რამდენიმე ძირითადი ინსტიტუციურად შემდგარი და ფინანსური რესურსების მქონე პარტია, როგორებიცაა: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და შემდეგ კი თანაბარი რესურსებით მოდიან, მაგალითად, “ახალი საქართველო”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლელო”. ალბათ ამ წყების შემდეგ მოდის ნინო ბურჯანაძის პარტია, “გირჩი”, “ლეიბორისტები”, რომლებსაც რაც მონაცემებში გამოიკვეთა, თანაბარი დონის მხარდაჭერა აქვთ. პირობითად მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ადგილებს შორის შესაძლოა პროცენტული მაჩვენებლებით ძალიან მცირე განსხვავებებიც იყოს - ისე, რომ საპარლამენტო მაჩვენებლებით პლიუს-მინუს ერთი დეპუტატით იყოს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ კვლევებში დიდი წილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც პასუხს არ აძლევს, ან ჩამოყალიბებულები არ არიან, თუ ხმას ვის მისცემენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ისაა - ეს კატეგორია არჩევნებზე წავა თუ არა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

 

“მათი გაცემული ხმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ შესაძლოა ქვედა ნაწილში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიამ საერთოდ ზედა ნაწილში აიწიოს, უბრალოდ აქ ის თემაა, თუ ამ არჩევნებზე იმ დონის მოწადინება იქნება თუ არა, რაც 2012 წელს იყო. თუ ეს გაჩნდება, მაშინ შესაძლოა მთელი ამ კვლევების მაჩვენებლები თავიდან ბოლომდე ამოაყირავოს და მხარდაჭერა სად რა ნაწილში გადავა, კაცმა არ იცის, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად პროგნოზის გაკეთება იმიტომ ჭირს, რომ ფონი ისეთია, რომ რა წამში რა მიმდინარეობას მიიღებს, ამისი გააზრება ძნელია. მდუმარე ამომრჩეველი ერთგვარი მომართული „ნაღმივითაა", ამ ხალხმა თუ ნება გამოხატა, მაშინ შესაძლოა ამოყირავებული მონაცემები მივიღოთ და ე.წ. ლიდერები შესაძლოა უმცირესობაშიც აღმოჩნდნენ, თუმცა, გაკეთდება თუ არა ეს არავინ იცის”, - დაასკვნის გამზარდია.

 

“პარტიების პარლამენტში გასვლის პროგნოზში, სოციოლოგიური გამოკვლევებით ვხელმძღვანელობთ, კერძოდ “რუსთავი 2”-ის დაკვეთით რომ გამოკვლევა ჩატარდა, ამ კომპანიას ზოგადად კარგი შეფასება აქვს, ამ გამოკვლევის მიხედვით ხუთეულში “ოცნება”, “ნაციონალები”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო” და “ევოპული საქართველოა”. „ხუთეული ესენი იქნებიან, თუმცა გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მგონია, რომ გადაწყვეტილებას ისევ “ოცნება” მიიღებს და დანარჩენები კი კრიტიკის ცეცხლში გაატარებენ, ეგაა და ეგ. მდუმარე ამომრჩეველი როგორც წესი ძალიან დიდი პროცენტებია ხოლმე და რეიტინგების შეცვლაც შეუძლია. ჩვენ გვინახავს მდუმარეც და მატყუარა ამომრჩეველიც, რომელმაც 2012-ში სოციოლოგებს უთხრა, რომ მიშას ვირჩევო და შემდეგ ივანიშვილი აირჩიეს. ყველა ვგრძნობთ, რომ ასეთი ტყუილის საფუძველი ხელისუფლების მხრიდან არ არის, თუმცა შესაძლოა ამომრჩეველი ჭოჭმანობს, არც ერთი არ უნდა და არც ის იცის რას იზამს, ან მნიშვნელობა უახლოეს გარემოცვას აქვს ხოლმე და თავისი პოზიციის თქვა ამ გარემოცვასთან ერიდება. მაგრამ, დღევანდელ სიტუაციაში ეს მიზეზები მგონია, რომ მაინც უფრო გადანაწილებული მიზეზებია, მე ამავე პარტიებზე ამ გადაუწყვეტელი ხმების თანაბარ გადანაწილებას ველოდები” - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 480 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.