May 17, 2024

ცივი შხაპი ოპოზიციისათვის - რა შეთავაზებას დადებს უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი

“უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, სადაც, სავარაუდოდ, არ იქნება გათვალისწინებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან პლებისციტი. ამაზე მინიშნებები სამშაბათს ბრიუსელში გაკეთდა და ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ნამდვილი ცივი შხაპია ოპოზიციისათვის.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და ამის მტკიცებულებად ეუთოს დასკვნა მოაქვს. ბორელმა აქვე დაამატა, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს და ორივე მხარემ მის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ცივი შხაპი ოპოზიციისათვის - რა შეთავაზებას დადებს უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი.

 

“მაღალი რანგის დიპლომატი ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ქვეყანას დიდ ზანს მოუტანს. ხოლო მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ ხსენებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ იქნება. ახლა ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული - გადაიხედება თუ არა მათი მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. “ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში”, - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება იყოს ეფექტიანი გამოსავალი, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები მიიჩნია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა, ყველა აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. ყველა პოლიტკურმა პარტიამ უნდა იპოვოს საერთო პოზიცია და წინსვლის გზა, მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ხელმძღვანელობა. მთავრობას და მმართველ პარტიას ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა წინსვლის გზის პოვნაზე. პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად”, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. მისივე ცნობით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მომდევნო დღეებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მისამართით კონკრეტულ შეთავაზებას გააკეთებს. “დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რაზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა”, - განაცხადა ბორელმა. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა”, - დასძენს გამოცემა.

 

“როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. “რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩემი პრეროგატივა არ არის, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ბორელის გზავნილები ახალი არ არის და მან ამის შესახებ ადრეც ისაუბრა. ბორელს ეუთოს დასკვნაზე და პარლამენტის ბოიკოტირებაზეც პოზიცია უკვე დაფიქსირებული ჰქონდა, თუმცა მის ნათქვამს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაემატა, მან ფაქტიურად აღიარა, რომ ქვეყანა მძიმე კრიზისშია და მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ამ მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია ნათელია. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ, რომ პარლამენტის ბოიკოტირება შევწყვიტოთ. თუმცა მოლაპარაკება ისეთი უნდა იყოს, რომ ოპოზიციას საშუალება მიეცეს ევროპელი კოლეგების და მეგობრების აზრი გავითვალისწინოს. ვერ გეტყვით, რომ დღევანდელი გზავნილების შემდეგ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შეიცვლება. ცხადია ჩვენი პოზიციები არ გადაიხედება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამადაშვილი და შეკითხვაზე - “ნიშნავს თუ არა ბორელის განცხადება, რომ მომზადდება დოკუმენტი, რომელზეც ორივე მხარემ ხელი უნდა მოაწეროს და თუ იქ რიგაგრეშე არჩევნებზე და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება...” - პასუხობს:

 

“მოლაპარაკების დროს ეს სტანდარტული განცახდებაა, რომელიც მხარეებს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციულები იყვნენ. მე ამ განცხადებაში ახალს ვერაფერს ვკითხულობ. ვნახოთ, ჩვენ ინტერესით ველოდებით მედიატორი მოლაპარაკებას რა შეთავაზებით განაახლებს. ეს მოლაპარაკების პროცესი ჩვენც ძალიან გვინდა, რომ წარმატებული იყოს და კარგად გვესმის ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის მიმართ რამხელა გეოპოლიტიკურ ინტერესს გამოხატავს. ევროკავშირს ოპოზიციის მხრიდან ძალიან სანდო მოკავშირე ჰყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის მხადაჭერის გარეშე არ დარჩეს”.

 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ევროკავშირის მაღალი რანგის დიპლომატის ჟოზეფ ბორელის განცხადებებიდან უკვე ნათელია, რომ დოკუმენტში, რომელიც მომზადებული იქნება, პლებისციტი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არ იქნება გათვალისწინებული. ძაბირაძის შეფასებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და ეს მოთხოვნა არც ევროპის მხრიდან არ დგას. ძაბირაძეისთვის გაუგებარია ოპოზიციას რატომ ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირში “აირაის” და ეუთო/ოდირის დასკვნებს გაყალბებულად გამოაცხადებდნენ და ამის საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდებოდა. გაუგებარია ოპოზიციას ევოკავშირიდან რატომ ჰქონდა მოლოდინი, რომ ვინმე პარლამენტის ბოიკოტირებას მხარს დაუჭერდა და მათსავე ორგანიზაციების მიერ დადებულ დასკვნებს გააკრიტიკებდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სანამ ნიკა მელიას დააკავებდნენ, ყველა უცხოური ექსპერტი თუ ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს პრობლემატიკით იყო დაკავებული, ოპოზიციას ცალსახად მოუწოდებდა, რომ პარალმენტში შესულიყო. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის და “აირაის” დასკვნები გამოქვეყნდა. ორივე უდიდესი ორგანიზაცია აღიარებს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები იყო, ამას არჩევნების ბედზე გავლენა არ მოუხდენია”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“დღევანდელი ოპოზიციიდან, რომელსაც მხადაჭერა ჯერ კიდევ აქვს, თუ ის პარალმენტში არ შევა, მივიღებთ იმ ოპოზიციას, რაც 2011 წელს გვქონდა. ანუ მათი პოლიტიკური გაკოტრება მოხდება. მაშინაც, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არსებული ოპოზიცია ვერაფერს შეძლებდა. ოპოზიცია საკუთარი რეიტნგის განულებისკენ წავა, თუ კი იმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რომელსაც ევროკავშირი დაუდებს. დღევანდელ ოპოზიციას, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, დიდი ალბათობით, იგივე ბედი ელოდება. ამას კი ის დაუმატეთ, რომ დღევანდელ ოპოზიციას მოსახლეობიდან იმ დონის მხარდაჭერა არ აქვს, როგორიც 2011 წელს ჰქონდა. ოპოზიციაში არის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ ქუჩაში 100 ათასამდე კაცი თუ არ გამოვიყვანეთ, ხელისუფლებას ვერაფერს ვაიძულებთო. რა თქმა უნდა, მართლები არიან, მაგრამ ამდენ ხალხს ვერ გამოიყვანენ. ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ეს რომ შეეძლოთ, მელია როცა დააპატიმრეს, იმავე საღამოს გამოჩნდებოდა. ამიტომ ჯობს პარლამენტში შევიდნენ და ამ მოლაპარაკებიდან რაც შეიძლება მაქსიმუმი მიიღონ”, მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 467 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.