May 2, 2024

რატომ იკავებს თავს ოპოზიციის დიდი ნაწილი მელიას მხარდაჭერისგან

“ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ირგვლივ გაერთიანებისგან თავს იკავებს.

"სტრატეგია აღმაშენებელი“ კვლევის შედეგებს ელოდება და შემდეგ ამცნობს საზოგადოებას, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერის პოზიციაზე. "გირჩში“ ღიად აცხადებენ, რომ მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას უჭერენ მხარს და უმჯობესად მიაჩნიათ, ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ. "ლელოს“ საბოლოო პოზიციაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. "მოქალაქეების“ პოზიცია უკვე ცნობილია და ისინი მელიას მხარს არ დაუჭერენ. პარტია "საქართველოსთვისაც“ კანდიდატებს დამოუკიდებლად დააყენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ოპოზიციის დიდი ნაწილი მელიას მხარდაჭერისგან თავს იკავებს - რა არგუმენტებს ასახელებენ ისინი.

 

“თავად ნიკა მელია კი ამბობს, რომ თბილისს "ქართული ოცნება“ წააგებს და ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება. "ქართული ოცნების“ დამარცხებაში ღრმად დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი და კანონზომიერება გაიმარჯვებს. კანონზომიერებაა, რომ მოძალადეები ვეღარ უნდა გაჩერდნენ მართვის სადავეებთან. ყველაფერი ახლა არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, საზოგადოების აქტიურ მოქალაქეებზე, მათ რწმენაზე, რომელიც მთელ საქართველოს უნდა გადაედოს. "ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, ის დგას მხოლოდ ძალადობაზე, შიშისა და ზიზღის გენერირებაზე. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთობა, სიმტკიცე და რკინის ნერვები“, - განაცხადა მელიამ. ამასთან, მელიამ აღნიშნა, რომ მისი სურვილი საერთო ოპოზიციური ერთობა და ისეთი კანდიდატის მოძებნა იყო, ვის გარშემოც ოპოზიციის გაერთიანება მოხდებოდა, რაც არ გამოვიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მე საერთო ოპოზიციური კანდიდატი არც გლდანში ვყოფილვარ, მაგრამ გლდანში გამარჯვება მოვიპოვე. ბუნებრივია, ოპოზიციის გადასაწყვეტია ამ ერთობას შემოუერთდებიან თუ არა. ვინც არ შემოუერთდება, წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩემი სურვილი იყო ქვეყნის მასშტაბით საერთო ეროვნულ არჩევნებში ვყოფილიყავი ჩართული. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მოგვეძებნა კანდიდატი, რომლის გარშემოც მოხდებოდა ოპოზიციის კონსოლიდაცია, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ,“ - განაცხადა მელიამ. ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კარგია, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან დასახელდა ერთი კანდიდატი, მაგრამ ასევე აუცილებელია სხვა კანდიდატების არსებობაც. "სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მთავარია 43%-იანი რეფერენდუმი, შესაბამისად სრულფასოვანი კამპანიის ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია მერის კანდიდატის დასახელება. ჩვენ შევეცდებით დავასახელოთ მეტი შედეგის მიმღები კანდიდატი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება“ , - განაცხადა მანჯგალაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"პარტია "გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ოპოზიცია მის თანაპარტიელ ვახტანგ მეგრელიშვილს დაასახელებს, "გირჩი“ოპოზიციის ახალ გაერთიანებას შეუერთდება. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა, "360 გრადუსში“ განაცხადა. ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, იგი არ ფიქრობს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს მერის არჩევნებში მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე ნიკა მელიას. „რომ ვთქვათ, მელიაზე მეტი შანსი ჰქონდა ზურაბ ჯაფარიძეს, ეს არ იქნება სერიოზული“, - აღნიშნა ხვიჩიამ. "გირჩის“ ლიდერის თქმით, ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობაზე საერთო კანდიდატის დასახელება წამგებიანია, რადგან „ქართულ ოცნებას“ შანსი უჩნდება, პირველივე ტურში გაიმარჯვოს. „არასწორი სტრატეგიაა მერობის ერთიანი კანდიდატით გასვლა კახა კალაძის წინააღმდეგ. სჯობს, ყველა პარტიამ დააყენოს კანდიდატი, რომ მეორე ტური გახდეს რეალისტური. ამან შეიძლება ოპოზიციის პირველივე ტურში წაგება გამოიწვიოს. თუ ორი კანდიდატი იქნება, პირველ ტურში ერთ-ერთი აუცილებლად მოიგებს. ამ წუთის მოცემულობით ვიცით, რომ ფავორიტი არის კახა კალაძე. ოპოზიციამ უნდა ისარგებლოს იმ შანსით, რომელიც შეიძლება გაჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ამ ეტაპზე რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობა არ განიხილება - ყველა მუნიციპალიტეტში გვყავს მოაზრებული კანდიდატები, ღირსეულ კანდიდატებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, - ამბობს პარტია გახარიას "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა”, - დასძენს გამოცემა.

 

"რაც შეეხება უშუალოდ მერობის კანდიდატებს. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ხაზგასასმელი გარემოება, ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. ამ არჩევნებს აქვს რეფერენდუმის მნიშვნელობა, უნიკალური შესაძლებლობაა ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ. წრეზე ვტრიალებთ, ამ წრეზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვატრიალებს. რა თქმა უნდა, მერობის კანდიდატების დასახელება უმნიშვნელოვანესია, თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ აუცილებლად ვგეგმავთ წარმომადგენლობით ორგანოების გაძლიერებას და წარმომადგენლობით ორგანოებში სოლიდური მაჩვენებლით შესვლას. ყველა მუნიციპალიტეტში გვეყოლება როგორც მერობის კანდიდატი, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები, სიის პირველი ნომრები, რომლებიც ვფიქრობ, საკმაოდ ანგარიშგასაწევები იქნებიან. მოლოდინი გვაქვს, რომ სოლიდურ ხმებს ავიღებთ და სოლიდური წარმომადგენლობით შევალთ საკრებულოში. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვყავს მოაზრებული კანდიდატები, რომლებთანაც მიმდინარეობდა კონსულტაცია, თუმცა, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, გაწერილი გვაქვს თარიღები როდის დავასახელებთ კანდიდატურებს. რაც შეეხება ვადებს, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა მოხდეს კანდიდატურების დასახელება“, - აღნიშნავს სიჭინავა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 413 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.