May 4, 2024

13 წელი 2008 წლის კონფლიქტიდან - რა ვითარება მივიღეთ დღეისათვის?

რუსეთის ტელეარხის „დოჟდ“-ის («ТВ Дождь») პროგრამაში («Здесь и сейчас») გადაცემის წამყვანმა დენის კატაევმა და მოსკოვის ევგენი პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელმა ალექსი მალაშენკომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და აფხაზეთის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

 

გთავაზობთ ამონარიდს მათი საუბრიდან:

 

დენის კატაევი: „8 აგვისტო საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს მომხდარი ომის მორიგი, მე-13 წლისთავია. ეს იყო რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პირველი და უკანასკნელი ომი, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი პეკინის ოლიმპიურ თამაშებს ესწრებოდა. მთავარ კითხვაზე - ვინ დაესხა თავს პირველი? - პასუხი რამდენიმე ვარიანტის სახით არსებობს. როგორი იქნება აფხაზეთის პერსპექტივა? ამის შესახებ ვესაუბრებით ალექსი მალაშენკოს.

 

2008 წლის კონფლიქტიდან 13 წელი გავიდა, თუმცა მისი საბოლოოდ მოგვარება რუსეთს, საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის ჭიანურდება. თქვენი შეფასებით, რა სიტუაცია მივიღეთ დღეისათვის?

 

ალექსი მალაშენკო: ჩემი აზრით, დღეისათვის მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ ის, რასაც ვხედავთ, კვლავ გაგრძელდება. ვფიქრობ, სანამ რუსეთი მთლიანი სახელმწიფო იქნება, აფხაზეთი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და არაფერი არ მოხდება. და ის, რაც დღეს გვესმის და ვუყურებთ, მხოლოდ პოლიტიკურ თამაშებს წარმოადგენს და, ალბათ, უსასრულოდ გაჭიანურდება. აფხაზეთი იქნება ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რუსეთის პატრონაჟით, ფაქტიურად კი მისი ნაწილი. ამას ვამბობ 95%-იანი ალბათობით, მაგრამ არის კიდევ 5%, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესოა მომენტია: წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთში პრეზიდენტი იცვლება - ან ნავალნია, ან იავლინსკი... განა ისინი აღიარებენ იმას, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია? არასოდეს. ეს ისევ მუდმივი და დაუსრულებელი გზა იქნება. ახლა წარმოვიდგინოთ უფრო კოშმარული ვარიანტი: რუსეთი დაძაბუნდა, დასუსტდა, წააგო ცივი ომი (როგორც საბჭოთა კავშირის დროს), დაიშალა ცალკეულ „სამთავროებად“ - მოსკოვის სამთავროდ, კრასნოდარის ემირატად და ა.შ. საქართველო როცა დაინახავს, რომ აფხაზეთი რუსეთის მფარველობის გარეშე დარჩა, შეეცდება პრობლემის მოგვარებას თავის სასარგებლოდ, სამხედრო გზით (სხვა საშუალება აღარ რჩება). და რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი? იქ დაიწყება ხოცვა-ჟლეტა, რადგან აფხაზეთს ყოველთვის რსფსრ-ის შემადგენლობაში სურდა შესვლა და წინააღმდეგი იყო საქართველოს ფარგლებში ყოფნისა. და აი, რუსეთის დაშლის შემდეგ ქართული ბატალიონები სოხუმში შედიან... ისმება კითხვა - ვინ დაუჭერს მხარს ასეთ სიტუაციაში აფხაზეთს? რუსეთი აღარ არის, მფარველობა აღარ შეუძლია, ესე იგი, თურქები? არა მგონია... მე ვიტყოდი, რომ აქ სიტუაცია ყარაბაღის მსგავსად არ იქნება... დღევანდელი ვითარება მარადიულია. დასავლეთი აფხაზეთის პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტას არ დაუშვებს. გარდა ამისა, აფხაზეთში უკვე გაიზარდა თაობა, რომელსაც საკუთარი ქვეყანა საქართველოს შემადგენლობაში ვერ წარმოუდგენიათ. ასეთ სიტუაციაში საქართველო აფხაზეთს ვერანაირად ვერ მიიერთებს. ეს შეუძლებელია. მე ხშირად დავდიოდი აფხაზეთში 1960-იან, 70-იან წლებში. აფხაზები მაშინაც წინააღმდეგნი იყვნენ იმისა, რომ საქართველოს შემადგენლობაში უწევდათ ყოფნა. მოკლედ, საქართველოსთან მიერთების საკითხს მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებ.

 

დენის კატაევი: რამდენად უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ეს კონფლიქტი ორივე მხარეს აწყობს? ერთი მხრივ, რუსეთს, რომელიც თავისი მოქმედებით ხელს უშლის საქართველოს ნატოში მიღებას და მეორე მხრივ, საქართველოს, რომელიც [რუსეთის აგრესიულობის მოტივით], დასავლეთისაგან დახმარებას იღებს...

 

ალექსი მალაშენკო: გეთანხმებით. ყველა მხარე თავისას ცდილობს და იღებს. საერთოდ კი ევროპას „ცხელი“ კონფლიქტი არ უნდა. განა მას სხვა სადარდებელი არ აქვს? სირია, ლიბია, ახლა კიდევ აფხაზეთი... ევროპას სისხლისღვრა არ სურს, მაგრამ დაინტერესებულია კონფლიქტი ასეთი [მშვიდი] სახით გაგრძელდეს. ქართველები გააგრძელებენ მუდმივ განცხადებებს, რომ „ეს ჩვენი ტერიტორიაა“, მაგრამ მათ არავინ მისცემს აფხაზეთის ძალით გაკონტროლების ნებას.

 

წყარო

წაკითხვა 483 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.