"ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის"- სალომე ზურაბიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ გაითვალისწინა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარის შუამდგომლობა, განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის. 

 

„ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების.

 

ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს.

 

ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო.

 

ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა. ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა", - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

 

პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ შეწყალების შედეგად მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება და ამით ქვეყანა თავის რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს.

 

„პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და რაც მთავარია ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე.

 

ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია.

 

ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად!" - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

წაკითხვა 206 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.