April 29, 2024

400-ზე მეტი NGO და მედიასაშუალება: ე.წ. აგენტების კანონის მიღება შეუძლებელს გახდის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას

„კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!“ - ამ სათაურით 400-ზე მეტი ორგანიზაცია, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს“, - წერია განცხადებაში.

 

მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კანონპროექტი ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს მისი მხილების საწინააღმდეგო ნაბიჯს.

 

„ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროებთ.

 

რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება“, - აცხადებენ ორგანიზაციები.

 

განცხადების ხელმომწერთა შეფასებით, კანონპროექტის მიღება იქნება მთავარ ქართულ ფასეულობებზე შეტევა.

 

„ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.

 

რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

წაკითხვა 161 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 08 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.