April 27, 2024

"პუტინმა კარგად იცის, რომ სანამ მისი ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რჩებიან, მანამ ნატოს გავლენიანი წევრები საქართველოს თავის რიგებში არ შეუშვებენ'

ბრიტანული გამოცემის, «The Independent»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახულია გაზეთის კორესპონდენტის უილიამ ქაკის შთაბეჭდილებები, რომელიც, დასავლელ ჟურნალისტებთან ერთად, თბილისთან ახლოს, საქართველო-ნატოს ერთობლივ სამხედრო წრთვნებს ესწრებოდა.

„ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, კავკასიის მთების ძირას, სადაც ქარი ყოველი მხრიდან უბერავს, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმ ქართველ ჯარისკაცებს ხვდება, რომლებმაც ჭრილობები ავღანეთში მიიღეს. მათუ მეტესობა ინვალიდია, ერთ-ერთი კი - ბრმა. ნატოს გენმდივანი მათ მადლობას უხდის სამსახურისათვის: „ის, რაც თქვენ გააკეთეთ, ყველა ჩვენგანისათვის ძალზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს იენს სტოლტენბერგი. 



გენერალური მდივნის ზურგს უკან საქართველოს და ნატოს დროშები ფრიალებს, მაგრამ უცნაურია, რომ საქართველო ჯერ კიდევ არაა ნატოს წევრი. რატომ, რა ხდება?



იენს სტოლტენბერგი თბილისში საქართველოს სამხედრო ბაზაზე დაწყებული ერთობლივი წრთვნების ინსპექტირების მიზნით იმყოფება. მასში ქართველი ჯარისკაცები ნატოს წევრი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) სხვა ჯარისკაცებთან ერთად იღებენ მონაწილეობას. ეს პირველი წრთვნები არ არის, რომლებიც თბილისში ნატოს ეგიდით ტარდება. საქართველოსთვის ნატოს გენმდივნის ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ მას ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აქვს და რუსეთის თანამგზავრი აღარ არის.



ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა (ყველაზე დიდი კონტინგენტი ნატოს არაწევრ ქვეყნებიდან) იმის დრამატულ დემონტრირებას წარმოადგენს, რომ საქართველო ნატოსთვის ერთგული ქვეყანაა და იმედი აქვს, რომ ასეთი ერთგულების გათვალისწინებით, მას ალიანსის წევრად მიიღებენ. დღეს ბევრი იმედიანი მოხსენებებით გამოდის, მაგრამ დაჭრილ-დამახინჯებული ჯარისკაცები ჩუმად არიან. მათ უდიდესი საფასური გადაიხადეს საქართველოს ნატოური ამბიციებისათვის. განა მათ მიერ ქვეყნისათვის გაწეული მსხვერპლი ოდესმე იქნება კომპენსირებული?



ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის ერთგვარ „წმინდა გრაალს“ - სანუკვარ მიზანს წარმოადგენს, რომელიც კონსტიტუციაშიც კი არის ჩაწერილი, თუმცარა, იენს სტოლტენბერგის ვიზიტებისა და ნატოს წრთვნების მიუხედავად, ეს მიზანი ისევ განუხორციელებლად რჩება, რადგან, როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის ჯარებს უკანონოდ აქვთ ოკუპირებული.



2008 წლის აპრილში ნატომ გამოაცხადა, რომ საქართველო, როგორც კი აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი აუცილებლად გახდებოდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაიფუშა: საქართველო და რუსეთი ერთმანეთთან ომში ჩაებნენ ორი სადაო რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ომი მხოლოდ ხუთი დღე გრძელდებოდა და საქართველოსთვის დამამცირებელი დამარცხებით დასრულდა. უკვე 11 წელი გავიდა და რუსეთის ჯარები ისევ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში დგანან.



საქართველოს რუსეთთან რთული ურთიერთობა ოდითგანვე აქვს, ასეული წლების განმავლობაში. შესაბამისად, საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება ერთგვარ სადაზღვევო პოლისს წარმოადგენს, რომლითაც უკვე ისარგებლეს ბალტიისპირეთის ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, სსრ კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ). საქართველო მათ სიამოვნებით შეუერთდებოდა, რომ არა რუსეთის პოზიცია. მოსკოვისათვის თბილისის ნატოში შესვლა იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საზღვართან კიდევ ერთი ნატოს წევრი ქვეყანა აღმოჩნდება. ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ სანამ მისი ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რჩებიან, მანამ ნატოს ძველი და გავლენიანი წევრები საქართველოს თავის რიგებში არ შეუშვებენ. ამიტომაც რუსი ჯარისკაცები არსად არ მიდიან და რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის) „საზღვრებს“ ნელ-ნელა საქართველოს სიღრმეში სწევენ. რამდენ ხანს დარჩებიან რუსეთის ჯარები საქართველოში? ეს, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის გარდა, არავინ იცის.



რუსეთის პოზიციის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს თვალში მტკიცე მეგობრის სახელი დაიმკვიდროს. ეს წრთვნებიც და გენმდივნის ვიზიტი - მხარდაჭერის პაკეტის შემადგენელი ნაწილია. ნატოს თავისი ცენტრი აქვს თბილისში, აქ ყველა ბოძზე და ლამაზ ბულვარებში, შენობებზე ნატოს დროშებია გამოკიდული. მოსახლეობის გამოკითხვები მოწმობს, რომ მოქალაქეთა 80% ნატოს მხარს უჭერს, მაგრამ ალიანსის განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქვეყნის წევრად მიღებას, რაც ესოდენ სურს თბილისს. ასეთი სიტუაცია მწარე ფიქრებს აღძრავს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა ჯერ-ჯერობით წარმატებულია. მართალია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც რუსეთმა და კიდევ ორიოდე ქვეყანამ დამოუკიდებლად აღიარეს, მსოფლიოსაგან გარიყულად რჩებიან, მაგრამ ამას ვლადიმერ პუტინისათვის მნიშვნელობა არ აქვს.



საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიები ტრაგედიას წარმოადგენს. თავის მხრივ, მსოფლიომაც კარგად იცის, რომ კრემლი უკანონოდ იქცევა. მაგრამ რუსეთისთვის ოკუპაცია გეგმის შემადგენელი ნაწილია: კრემლს არ შეუძლია პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ძალით დაიბრუნოს, ამიტომ ყველანაირად ცდილობს, რომ მათში სიტუაცია არასტაბილური გახადოს და ამით ხელი შეუშალოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს. ის, რაც საქართველოში 10 წლის წინ მოხდა, ახლა უკრაინაში ხდება. 



რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბალტიისპირეთში წარმოუდგენელია: იმიტომ, რომ იქაური პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები უკვე ნატოს წევრები არიან და მათ უსაფრთხოებას წესდების მე-5 მუხლი იცავს. შესაბამისად, რუსეთი შეიჭრა დაუცველ საქართველოსა და უკრაინაში და ვერ გაბედა შეჭრა ბალტიისპირეთში. სწორედ ამიტომ უნდა საქართველოს ნატოში რიგებში მიღება. ბოლო ათწლეულში საქართველო არსებით პროგრესს აჩვენებს დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუტების მშენებლობასა და შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ საქართველო თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს და ეს იმ დროს, როცა თვით ნატოს წევრებიც კი არ ხარჯავენ ამ მოცულობის სახსრებს საკუთარი თავდაცვისათვის.




მაგრამ ნატოს გზაზე მდგარ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება, თბილისი თავის ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, „ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიებია. კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით გვსურს“. მაგრამ რადგანაც საქართველოს თავისი ძალებით ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, თბილისი დახმარებას ევროპაში და ამერიკაში ეძებს - ისეთ სისტემაში, რომელშიც ადამიანებს მშვიდობინად ცხოვრება შეუძლიათ.



ირონიული სიტუაცია იქმნება, როცა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის პოლიტიკოსი ევროკავშირს აქებს და ამ დროს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას ცდილობს. შესაძლოა ბრიტანელი ევროფობებისათვის ევროკავშირი „ევროპის სსრ“-ს ნიშნავს, მაგრამ საქართველოსთვის, რომელმაც 70 წელზე მეტი საბჭოთა ტყვეობაში გაატარა, ევროკავშირი გამათავისუფლებელ ძალად ითვლება. ნატოს დროშების მსგავსად, თბილისში და მთელ საქართველოში ევროკავშირის დროშებიც ყველგან ფრიალებს. უცხო ადამიანს, რომელმაც სიტუაცია კარგად არ იცის, ეგონება, რომ საქართველო უკვე ევროპის კავშირის წევრია. ასეთი პოპულარული რომ იყოს დიდ ბრიტანეთშიც ევროკავშირი...



ფინელი კოლეგასთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ვხვდები და ვეკითხები - არის თუ არა რაიმე საშუალება იმისთვის, რომ რუსეთთან ხიდი აღდგეს? „ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ამის სანაცვლოდ კომუნიკაციის სპეციალური არხი შევქმენით, რომლის ფორმატში სხვადასხვა საკითხები იხილება - ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და ტრასპორტის საკითხები, ანუ იმ სფეროებში, სადაც კონსენსუსი შესაძლებელია. ჩვენ ხელოვნურ ბარიერებს არ ვუქმნით რუსულ კომპანიებს და არც რუს ტურისტებს, ანუ ადამიანებს შორის კონტაქტებს“, - ამბობს დავით ზალკალიანი.



იმ დროს, როცა რუსი ჯარისკაცები კვლავ ქართულ მიწაზე რჩებიან, ასეთი „რბილი პოლიტიკა“ ერთგვარ გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს: გასულ წელს საქართველოს 8,5 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია (რაც საქართველოს მოსახლეობას ორჯერ აჭარბებს) და მათგან 1,5 მილიონი რუსეთიდან იყო. რუს ტურისტებს საქართველოში წამოსასვლელად ვიზა არ ჭირდებათ (ქართველებისაგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთში მხოლოდ ვიზით დადიან). „სამწუხაროდ, რუსული მხარე საპასუხო ნაბიჯს არ დგამს“, - ამბობს მინისტრი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ გაკეთდეს. გერმანიის გაერთიანება ბერლინის კედლის დაცემამდე 20 წლით ადრე დაიწყო ვილი ბრადტის მიერ. ამ მხრივ ისტორიკოსები ერთგვარ მსგავსებასაც ხედავენ გერმანიასა და საქართველოს შორის: აღმოსავლეთ გერმანია ჯერ საბჭოთა საოკუპაციო ზონა იყო, შემდეგ სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის ორბიტაზე მყოფი და ბოლოს მაინც დასავლეთთან გაერთიანდა.



დატოვებენ თუ არა ოდესმე საქართველოს ტერიტორიას რუსეთის ჯარები? გახდება თუ არა ოდესმე საქართველო ნატოს წევრი? დღეს ორივე სცენარი ნაკლებადპერსპექტიულია, მაგრამ ისევ გერმანია გავიხსენოთ - ხომ იყო დრო, როცა ბერლინის კედელი სამუდამოდ და ურყევად გვეჩვენებოდა? ერთი რამ ცხადია: საქართველო ყოველთვის დასავლეთს უყურებდა და არა აღმოსავლეთს. „რის შეთავაზება შეგვიძლია ჩვენ ევროპის ხალხების კულტურის საგანძურისთვის?“ - ასეთი კითხვა დასვა ნოე ჟორდანიამ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურმა, დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში, რუსი ბოლშევიკების თავდასხმამდე, – „ეს არის ჩვენი ორიათასწლოვანი ეროვნული კულტურა, სახელმწიფოს დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე. საბჭოთა რუსეთმა ჩვენ სამხედრო კავშირის დადება შემოგვთავაზა, მაგრამ უარი ვთქვით. ჩვენ სხვადასხვა გზებით წავედით - რუსები აღმოსავლეთისაკენ, ჩვენ კი დასავლეთისაკენ“.



ასი წელი გავიდა და ამ მხრივ ჯერ არაფერი შეცვლილა.

 

წყარო: newspress.ge

წაკითხვა 1104 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.