May 18, 2024

“არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს”- ვახტანგ ძაბირაძე

“მას შემდეგ, რაც ივანიშვილი “იმედის” ეთერში გამოვიდა, დაპირებების მიზერული ნაწილის შესრულების იმედიც აღარ მაქვს.

ივანიშვილი მზად არ არის ისეთი რადიკალური ცვლილებებისთვის, როგორიც ქვეყანას სჭირდება. არ გამოვრიცხავ, რომ იგი პოლიტიკიდან წასასვლელ გზასაც ეძებდეს - ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს ვერსია თავისთავად ჩნდება. დაპირებების შესრულების დასაწყებად ივანიშვილმა სხვა რაღაც უნდა გააკეთოს - მთელი მთავრობის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, ბახტაძით უნდა დაიწყოს და არა ეკონომიკის მინისტრით... რაღაც ცვლილებები, ალბათ, იქნება, თუმცა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ეძებს გზებს, როგორ დატოვოს პოლიტიკა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთელი მთავრობის რეორგანიზაციაა საჭირო, მაგრამ...” / “რა ხდება “ოცნებაში”? ნუთუ ვერ აანალიზებენ, რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფები იქცევა დიდ ტალღად, რომელსაც აღარც ფული უშველის და აღარც რეპრესიული მანქანა?” / “თუ “ოცნებამ” წააგო რომელიმე რაიონი, განსაკუთრებით - ზუგდიდი, მთაწმინდა და მარნეული, ეს მათთვის კატასტროფა იქნება”.

 


“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები ალოგიკურია. რით არის ეს გამოწვეული - ვერ აფასებენ სიტუაციას, თუ ჰგონიათ, რომ მაინც ყველაფერს გააკეთებენ, ამის განსაზღვრა ჯერჯერობით მიჭირს. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, რომ `ოცნებას" ისეთი ნაბიჯი გადაედგა, რასაც საზოგადოება ნეიტრალურად მაინც შეხვდებოდა, იქნება ეს მოსამართლეების საკითხი, ტექდათვალიერება თუ ტაქსების რეფორმა. ყველაფერი საზოგადოების სურვილების საპირისპიროდ კეთდება. რატომ იქცევიან ასე? რა ხდება “ოცნებაში”? ნუთუ ვერ აანალიზებენ, რომ ეს პატარ-პატარა ჯგუფები იქცევა დიდ ტალღად, რომელსაც აღარც ფული უშველის და აღარც რეპრესიული მანქანა? ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ხელისუფლების პირველი პირები მაინც ნელ-ნელა ცდილობენ, გაეცალონ პოლიტიკას და მიიღონ გარანტიები, როგორც მათმა წინამორბედებმა. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეძებდეს პოლიტიკიდან წასვლის გზებს, როგორც თავის დროზე შევარდნაძე ეძებდა ხერხს, როგორ გასცლოდა პოლიტიკურ სივრცეს. მისი ქმედებები ამას ჰგავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 


“რაც შეეხება ხმებს, რომ თურნავა “ჩხარტიშვილის კადრია” - არის თუ არა მისი კადრი, არ ვიცი, მაგრამ თუ ასეა, გამოდის, რომ ორი არაფორმალური მმართველი გვყოლია - ერთი ივანიშვილი და მეორე ჩხარტიშვილი. სადაც კი გაიხედავ, ბიზნესში ყველგან ჩხარტიშვილის სახელი ფიგურირებს. გამოდის, რომ ივანიშვილი ცალკე ქვეყანას მართავს არაფორმალურად, ჩხარტიშვილი კი ცალკე - ეკონომიკასა და ბიზნესს, ან გაიყვეს სფეროები და ივანიშვილი ყველაფერს მართავს, ჩხარტიშვილს კი თავისი სფეროები აქვს... თუმცა თურნავას ჩხარტიშვილის კადრობასთან დაკავშირებული ლაპარაკი ოპოზიციის პოლიტიკური პიარი უფრო მგონია, ვიდრე რეალობა და თუ მაინც ჩხარტიშვილი განაგებს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს, მაშინ აჯობებს, ის დანიშნონ პრემიერ-მინისტრად...”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 


“ქართულმა ოცნებამ” შუალედური არჩევნები არსად არ უნდა წააგოს. ეს იქნება მისთვის კატასტროფა, მაგრამ ჯერჯერობით წინასაარჩევნო აქტიურობა არ დაუწყიათ. არ ჩანს, რომ ხელისუფლება მონდომებულია, გაიმარჯვოს. შესაძლოა, თვლიან, რომ ჯერ ადრეა და არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე გააქტიურდებიან. ამჟამად ზუსტად ისეთი ვითარებაა, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ იყო. მაშინ ცოტა უფრო გამოფხიზლებული იყვნენ, მაგრამ საარჩევნო კამპანიის ტემპი დაახლოებით ასეთივე იყო. რა შედეგს მოიტანს ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ თუ “ოცნებამ” წააგო რომელიმე რაიონი, განსაკუთრებით - ზუგდიდი, მთაწმინდა და მარნეული, ეს მათთვის კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ “ოცნების” რეიტინგი კატასტროფული სიჩქარით დაიწყებს ვარდნას, ამიტომ მგონია, რომ ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს, თუ, რა თქმა უნდა, არჩევნების წაგებას არ გეგმავენ”, - განაგრძობს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “მაშინ, ამ ლოგიკით, ივანიშვილი ამ არჩევნებზე ბევრ ფულს აღარ დახარჯავს? ეს კი ნიშნავს, რომ “ოცნებას” მოუწევს, არჩევნებზე დამარცხებას შეეგუოს...” - პასუხობს:

 


“ვერ გეტყვით, შეიძლება ბევრი ფული დახარჯოს, მაგრამ მაინც წააგოს. როცა საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ფული შედეგს არ იძლევა. 2012 წელს სააკაშვილსაც შეეძლო განუსაზღვრელი რაოდენობით ეხარჯა ფული, მაგრამ შედეგი არ იქნებოდა. შევარდნაძესაც შეეძლო ეს 2003 წელს. როცა სიტუაცია მომწიფდება, საქმეს ფული აღარ შველის”.

 


“რულოვსთან წაგება, თანაც - ზუგდიდში, რომელიც სააკაშვილთან ასოცირდება, ნიშნავს, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა და ეს იქნება მმართველი ძალისთვის ყველაზე მტკივნეული დარტყმა. ამიტომ თუ ხელისუფლებას სადმე რამე შეუძლია და რამე რესურსი აქვს, ყველაფერს სწორედ ზუგდიდისკენ მიმართავს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მთაწმინდა, მაგრამ იქ დამარცხება ისეთი ცუდი არ იქნება “ოცნებისთვის”, როგორიც ზუგდიდში. მარნეულში დამარცხებასაც მოუძებნიან გამართლებას, ასე რომ, მთელი ამ არჩევნების ეპიცენტრი არის ზუგდიდი. ვნახოთ, რა იქნება. შემოდგომაზე, ალბათ, გამოჩნდება, ვის რა და როგორ უნდოდა. ამ შუალედურ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, დავინახავთ, რა გველოდება. ამ არჩევნებს, შესაძლოა, საპროტესტო ტალღა მოჰყვეს, ვნახოთ, მაგრამ არ ველოდები, რომ ის მძლავრი იქნება. საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულია, თუმცა არა იმდენად, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ოპოზიციაში არ არსებობს არც ერთი მიმზიდველი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნეიტრალურ ამომრჩეველს ქუჩაში გამოიყვანს”, - ამბობს ანალიტიკოსი.
“ოპოზიციური სპექტრიც ახლა იწყებს გადაჯგუფებას. ჯერჯერობით ოპოზიციაშიც და საზოგადოებაშიც მიმდინარეობს ფორმის ძიება - რა ფორმით უნდა გაერთიანდეს ოპოზიციური სპექტრი და როდის. ეს ყველაფერი შუალედური არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთაწმინდაზე თითქმის ყველა ოპოზიციურმა ძალამ შავგულიძეს დაუჭირა მხარი, ასევე მოხდა ზუგდიდში სანდრა რულოვსთან დაკავშირებით. განსხვავებული ვითარებაა მარნეულში, სადაც რამდენიმე კანდიდატურაა. ოპოზიცია ჩამოყალიბდება შუალედური არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, როცა დაინახავს, რამ იმუშავა და რამ ვერა. თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, უნდა გამოჩნდეს ახალი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. სხვაგვარად ოპოზიციის შეტევა და საპროტესტო ტალღის აგორება რთული იქნება. ამ არჩევნების შედეგების გაანალიზებას მაის-ივნისი მოუნდება, ამიტომ სექტემბრიდან ან ოქტომბრიდან ველოდები უფრო ჩამოყალიბებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსაც და თუ აქციების დაწყება იქნება საჭირო, ამასაც. შემდეგ ეს ტალღა პირდაპირ წავა საპარლამენტო არჩევნებისკენ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 1147 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 22 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.