May 16, 2024

ვინ არის კიდევ 2 დეპუტატი, ვინც სავარაუდოდ “ოცნებას” დატოვებს

“ქართული ოცნება” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა.

კობერიძე უკვე მე-9 დეპუტატია, ვინც 2019 წელს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წავიდა. ვინ იქნება შემდეგი? საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ რიგში კიდევ 2 დეპუტატი დგას, ვინც შეიძლება “ოცნება” დატოვოს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ კობერიძე ბოლო ნამდვილად არ არის და “ოცნებიდან” სხვებიც წამოვლენ. სავარაუდო წამსვლელებად ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე განიხილებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არის 2 დეპუტატი, ვინც სავარაუდოდ “ოცნების” დატოვებას აპირებს / “ოცნებას” პარლამენტში უკვე 10 დეპუტატით ნაკლები ჰყავს, წამსვლელებს ისევ ელოდებიან.

 


“კმაყოფილების რა გითხრათ, ალბათ, გამბედაობა კიდევ ვის ეყოფა, ის წამოვა. თუმცა ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. “ქართული ოცნება” პრაქტიკულად განწირულია. უბრალოდ ძალიან მძიმე საყურებელია, ვისაც ოდნავ მაინც ხედვა გააჩნდა და რამე ეთქმოდა, პრაქტიკულად ყველამ დატოვა “ოცნება”. ახლა კოლექტიური ზარდიაშვილები და ქუცნაშვილები რას იტყვიან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ერთ ტიპზე მოჭრილი უპრინციპო ადამიანები არიან. კობერიძემ, როგორც შეეძლო, პრაქტიკულად ბოლომდე იბრძოლა. “ოცნებაშიც” ცდილობდნენ, რომ ასეთი კადრი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ღირებულებებში საკმაოდ დიდი ცდომილება იყო და ლევანმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ მის გზას ძალიან ბევრი გაჰყვება”,- ამბობს ჭიჭინაძე. მისი თქმით, მაგალითად, ალექსანდრე ერქვანია ძალიან პრინციპული ადამიანია და თავს საკმაოდ დისკომფორტულად გრძნობს უმრავლესობაში. ასევე ვხედავთ, რომ ბიძინა გეგიძეც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ხოლმე. მაგრამ ერქვანია და გეგიძე ჯერ იბრძვიან შიგნით, იქნებ ამ ბრძოლით შედეგს მიაღწიოს”, აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის აზრით “გადაწყვეტილებას ეგენიც მიიღებენ, როცა ჩათვლიან, რომ ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ამ ქუცნაშვილებთან და ზარდიაშვილებთან და ამ გაუგებარ წარმონაქმნებთან ჯდომა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“მე ვფიქრობ, რომ ვინც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აიღო დაპირებებით, რომელიც დღეს არ სრულდება, ვისაც ღირებულებები გააჩნია, მათ “ოცნება” უნდა დატოვონ. “ქართულ ოცნებაში” ყოფნა უკვე სირცხვილია. მერე კი ისეთი დაგვიანებული იქნება წამოსვლაც, ჩაძირული გემიდან გაქცევას დაემსგავსება”, - თვლის ჭიჭინაძე. ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსვლის მიზეზად მოსამართლეების შესახებ მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტი დაასახელა. კანონპროექტი პარლამენტმა ოთხშაბათს, 1-ელ მაისს 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ დაამტკიცა და ის არ მოსწონს არავის, თავად “ოცნებაში” დარჩენილების გარდა. კობერიძის თქმით, ეს კანონი და მოსამართლეებთან დაკავშირებული მთელი პროცესი მისთვის წყალგამყოფია და დღეიდან პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს”, - განაგრძობს გამოცემა.

 


“ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის”, - განაცხადა კობერიძემ. “ქართული ოცნებიდან” პირველი დიდი წასვლა იყო 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეების 2025 წლამდე დანიშვნის გადავადებაზე ჩავარდა. “ოცნება” დატოვა 4-მა დეპუტატმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე დღეში მათ შეუერთდა ზვიად კვაჭანტირაძე. “ოცნება” ასევე დატოვეს ფრაქცია “სოციალისტების” 4-მა წევრმა. მათგან ლაშა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით არიან, და აცხადებენ, რომ არავისთან გაერთიანებას არ გეგმავენ. კიდევ 2 “სოციალისტი”, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური კი ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” შეურთდნენ. ახლა, უკვე მაისის პირველივე დღეს “ოცნება” დატოვა ლევან კობერიძემ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტი მოსამართლეების თემაზე... “რეზონანსთან” საუბრისას ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ წასვლაზე ბევრჯერ ჰკითხეს და გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, როგორ დასრულდება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი”, - დასძენს გამოცემა.

 


“კობერიძის წასვლა უმრავლესობისთვის დანაკლისია, ის ერთ-ერთი საინტერესო დეპუტატია. მისი წასვლის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ, პოლიტიკოსს ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაუჭირდეს. კანონპროექტს მხარს არც მე ვუჭერ, პირველ და მეორე მოსმენაზე წინააღმდეგი წავედი, დღეს მიწერ-მოწერაში ვიყავი და ამიტომ არ ვარ მოწინააღმდეგეების სიაში. ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი არ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, მთავარი კრიტიკული პროცესი ახლა იწყება - უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის. წასვლაზე ბევრჯერ მკითხეს და ვთქვი, რომ გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, როგორ დასრულდება პროცესი. ყველა მოქალაქისთვის მთავარია, ვინ დაინიშნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლე. დეკემბერში იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი 10-კაციანი სია მიუღებელი იყო ჩემთვის. კითხვები არ უნდა გაჩნდეს მოსამართლეების რეპუტაციაზე და ბიოგრაფიაზე. მე საჯაროდ ჩემს თავს მაღალი თამასა დავუწესე და ჩემთვის ამ სიის ხელახალი წარდგენა მიუღებელი იქნება”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ბიძინა გეგიძე.

წაკითხვა 669 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.