“პირადი ცხოვრების კადრები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ვრცელდება”

“მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პირადი ცხოვრების კადრები, რის შესახებაც ეკა ბესელიამ გახარიას ჰკითხა, ხელისუფლებამ თავად ატვირთა.

100%-ით ვარ მაგაში დარწმუნებული. ის გავრცელებულიაბი ბიძინა  ივანიშვილის პირადი დავალებით ან ყოველ შემთხვევაში მისი თანახმობით მაინც - აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. გიორგი გახარია რას იტყვის - ჩვენ გავავრცელეთო ხომ არ იტყვის?!” - აცხადებს რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: “პირადი ცხოვრების კადრები ბიძინა ივანიშვილსი დავალებით ვრცელდება” / “გახარია სხვებთან შედარებით პოლიტიკური ფიგურაა, პრემიერი თანამდებობისთვის შეუფერებელია”.

 

“ამ დროს რაღაცას მიედ-მოედებიან ხოლმე. ეს არ იქნება გამოვლენილი, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას. იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაული, რაც კი ჩაუდენიათ. ამაზე პასუხი მოეთხოვებათ, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. სანამ ეს ხელისუფლებაა ქვეყნის მმართველი, მანამ არც კონკრეტულად ეს კადრები და არც ის კადრები, რაც მანამ იყო გავრცელებული, გამოძიებული არ იქნება. გახარიამ რა უნდა ქნას, თვითონ არის თანამონაწილე ამ საქმის. მას აქვს ინსტრუქცია თუ დავალება, რომ ეს საქმე არ გამოიძიოს. რა უნდა ქნას, ვინმეს დაიჭერს? სისულელეა გამავრცელებლისა და იმის გაიგივება, ვინც უყურა... ისინი არაფერს გამოიძიებენ და ამიტომ ყველაფერი გასაგებია. ამას ვერავინ ვერ დამალავს, ისეთი სახის დანაშაულია. როცა ასეთი რაღაც კეთდება და ამის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ხელისუფლება არ აკეთებს ამას და ვიღაც მისტიკური ადამიანები აკეთებენ, აბსოლუტურად შეუძლებელია. ამის დამალვას ვერ მოახერხებენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

 

“რაც შეეხება პანკისის მოვლენებს, თავს სინანული სჯობიაო, როგორც არის ნათქვამი. ჯობს მანამდე დაფიქრდე, ვიდრე გააკეთებ. ერთადერთი პოზიტიური, რაც შეიძლება ამაში დაინახო ალბათ ის არის, რომ აღიარებენ იმას, რომ ამ პრობლემის მოგვარებას სხვანაირად აპირებენ. თავისთავად, ეს სწორია. აქ აგრესიული ქმედებები რომ სისულელე იყო, ამაზე მგონი საკამათო არაფერია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არ გგონიათ, რომ ასეთი ფაქტების გამო და იმ მიჩქმალული საქმეების გამო, რომლის გამოძიებაც არ ხდება, გიორგი გახარია წაახალისეს და ამიტომ ჩააბარეს მას უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელობას?” - პასუხობს:

 

“არა მგონია. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხომ ცხადია, რომ გამოუძიებელ თუ მიჩქმალულ საქმეებში დამნაშავე თვითონ ხელისუფლებაა?! აქ ხომ ცხადია, რომ სახელისუფლებო დანაშაულთან გვაქვს საქმე?! აქ ვინც არ უნდა იყოს, გინდა გახარია იყოს, იგივეს გააკეთებდა, რადგან ყველანი ამ სისტემას ემსახურებიან. გვახსოვს, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იყო და ახლა ის ვითარება რომ იყოს, არა მგონია ის დაეწინაურებინათ და უშიშროების საბჭო მისთვის ჩაებარებინათ. მთავრობის სხვა წევრებთან შედარებით გახარია უფრო კარგ ფიგურად ჩანს, რომელსაც კომუნიკაციაც შეუძლია და რომელიც ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობს სისულელეებს. გახარიას ფიგურა უფრო წამოწეულია სხვებთან შედარებით, რადგან სხვების ფონზე კი არ ჩანს ფიგურად, მართლა ასეა.”

 

“სხვებთან შედარებით გახარია ნამდვილად პოლიტიკური ფიგურაა. პიროვნულად შეიძლება ვინმე კარგი ადამიანია, ვინმე მასზე უკეთესია, მაგრამ იგივე პრემიერი აბსოლუტურად შეუფერებელია თანამდებობისთვის. მისი ავტორიტეტი არაფერს არ წყვეტს. ანუ როცა ამბობენ ქვეყნის ლიდერი და ა.შ. არავის ის არ ახსენდება, როცა ქვეყნის ლიდერზე საუბრობენ. გახარია უფრო ჩანს ფიგურად, მას პოლიტიკური უნარები გაცილებით მეტი აქვს. თუმცა ის არ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, ბევრი რამ არ იცის, მაგრამ უნარები მეტი აქვს, ვიდრე სხვებს. პლუს ამას რეალურად აქვს კომუნიკაცია ივანიშვილთან და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს, რაც გასაკვირი არ არის... რაც შეეხება მის პასუხს შეკითხვაზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით - მე, შს მინისტრი ხომ არ ვილაპარაკებ ლიბერალიზაციაზეო - პლანტაციებზე კარგად შემოჰქონდა კანონპროექტი და ლიბერალიზაციაზე არ უნდა ლაპარაკი? ის საკითხი შსს-ს რომ შემოჰქონდა, თვითონ იყო პროექტის ავტორი, თუმცა მაგას სულ არ ეხებოდა. ლიბერალიზაცია კი პირდაპირ შს მინისტრის საქმეა. ხომ უნდა ვიცოდეთ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეა თუ მკაცრის, რომელიც აქამდე გვქონდა. ის პოლიტიკური ფიგურაა და უნდა ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულება. ამ შემთხვევაში მისი პასუხები არაკვალიფიციურია”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

წაკითხვა 1096 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.