May 17, 2024

“რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს”

“მართალია, უკვე კეთდება განცხადებები, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი შეიმჩნევა, მაგრამ მე მაინც ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ქალბატონის და მესაკუთრის პირადი ინიციატივა არ არის. მგონია, რომ მსვლელობის დროს თანდათან ყველაფერი გამოჩნდება.

აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლოს მიმართ ბოლო დროს ნდობა იმდნად შემცირდა, რომ ყველას აქვს ლეგიტიმური უფლება მის ობიექტურობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვას. ხელისუფლების უგუნურობამ და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკამ ამ დონემდე მიგვიყავანა, რომ ეს კერძო დავაც რომ იყოს, საზოგადოებას მაინც აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ეჭვი დაიტოვოს. რადიკალური განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგანაც საქმის ირგვლივ მეტი ინფორმაციაა საჭირო”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსთავი 2”-ის საქმემ შესაძლოა ხელისუფლება გადაიყოლოს” - ხუხაშვილი.

 

“მოსამართლეთა კორპუსი მთლიანად დისკრედიტირებულია. მით უმეტეს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს ერთი ტელეკომპანიის საქმეზე საეჭვო და სადავო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. “რუსთავი 2”-ის საქმემ მთლიანად სახელმწიფოს იმხელა ზიანი მიაყენა უკვე, რომ კიდევ დამატებით შეცდომა ამ ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ არ დასრულდება. რა თქმა უნდა, რომ დასავლეთში ეს საქმე კიდევ უფრო მეტ კითხვებს და პრეტენზიებს გააჩენს ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ტელევიზია და მისი სარედაქციო პოლიტიკა, დემოკრატიული ფასადის თუნდაც შესანარჩუნებლად მისი არსებობა აუცილებელია. ამიტომაც, მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და პროცესებისთვის ეს ტელეკომპანია შესაძლოა ცენტრალური თემა გახდეს და ხელისუფლებას არცთუ მცირე პრობლემები შეუქმნას. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის გარკვეული სახის პროპაგანდას ეწევა, მაგრამ როდესაც არსებობს “იმედის” სახით სახელისუფლებო პროპაგანდა, ბუნებრივია, ეს უკუქმედებას იღებს და საზოგადოება ამის საპასუხო ტელევიზიას ითხოვს. პასუხისმგებელი “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკაზე ოპოზიცია კი არ არის, არამედ ხელისუფლებაა, რომელმაც თავისი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა, რომლითაც უნდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში საზოგადოება კონტრზომებს იღებს - რომ არა “იმედის” სახით ხელისუფლების პროპაგანდა, შესაძლოა “რუსთვი 2”-იც თავშეკავებული ყოფილიყო. ხელისუფლებამ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო, რომ ოპონენტს სრულ ლეგიტიმურ უფლებას აძლევს, საქმის ირგვლივ პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრონ. ხელისუფლება თუ ასეთ საკითხებში არაფერ შუაშია, მაშინ სასამართლო სისტემის ირგვლივ ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა აეტეხა და მართლაც გაეთავისუფებინა ეს ინსტიტუტი საკუთარი გავლენებისგან”, - განაგრძობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “თუკი ნიკა გვარამიას ტელეკომპანიიდან ჩამოშორება მოხდება, რა იქნება პოლიტიკური ფასი, რომელსაც ხელისუფლება გადაიხდის?” - პასუხობს:

 

“მე არ მესმის როგორდ უნდა მოხდეს გვარამიას ჩამოშორება. ეს თავად ხელისუფლების გადასაწყვეტი უნდა იყოს. თუ ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით მენეჯმენტში ჩაერევა, ეს უკვე დიდი პრობლემაა. მე არ მესმის ეს ყველაფერი როგორ უნდა იყოს. მით უმეტეს არჩევნები მოდის და ეს თემა ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ დაასხამს. გამომდინარე იქიდან, რომ მას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის საქმემ საერთოდ გადაიყოლოს”.

წაკითხვა 1003 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.