April 26, 2024

შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას

“ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, სადაც “ცნობილი სახეები პოლიტიკიდან” არ იქნებიან. ხაზარაძე აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე, რომელიც ამ მოძრაობაში უზარმაზარი არმიით იქნება წარმოდგენილი.

ამის შესახებ ხაზარაძემ 27 აგვისტოს ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას / “არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხაზარაძე-კვირიკაშვილის ალიანსი შედგეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში ვიხილოთ”.

 

“ხაზარაძე-ჯაფარიძე-კვირიკაშვილის მოსალოდნელ ტრიოზე საუბარი დიდი ხანია მიდის და აქტუალურად განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს, თანაც, ოპოზიცონერ ლიდერად მოგვევლინოს, რომელიც მმართველი გუნდისთვის შესაძლოა საკმაოდ სერიოზული მეტოქე გამოდგეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ანალიტიკოსთა ნაწილი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ისინი მიიჩნევენ, რომ 2020 წლისათვის შანსი იმისა, რომ ეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტში მოხვდეს, დიდია, რადგან, საზოგადოების საკმაოდ სულიდური ნაწილი ე.წ. მესამე ძალას დიდი ხანია ელოდება. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილ მეთაურს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხაზარაძე-კვირიკაშვილის ალიანსი შედგეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში ვიხილოთ. ეს პოლიტიკური პარტია მოხვდება პარლამენტში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მმართველ ძალად გადაიქცეს, თუმცა, პარტიის წარმომადგენლები შეძლებენ გარკვეული კანონპროექტების ლობირებას”, - განუცხადა “რეზონანსს” ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს შორის მეგობრული კავშირი დიდი ხანია არსებობს და ალიანსიც მოსალოდნელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილმა შეუწყო ხელი მამუკა ხაზარაძეს, რომ შექმნილიყო ანაკლიის კონსორციუმი და ხაზარაძე ყოფილიყო მისი წარმომადგენელი. ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაჩნდა გარკვეული ბზარი, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ივანიშვილს თავის დროზე მხარს უჭერდა. ივანიშვილისა და ხაზარაძის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და ივანიშვილმა კვირიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მან გარკვეული შეცდომები დაუშვა ქვეყნის მართვის პროცესში. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ კვირიკაშვილმა კრიტიკული შენიშვნები გამოხატა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ გახარია უნდა გადამდგარიყო... მათი პოლიტიკური პერსპექტივა მხოლოდ კვირიკაშვილის ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. ამას, პირველ რიგში, ფინანსური ფაქტორი განაპირობებს; ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ქონება დაუყადაღეს, გარდა ამისა, გირაოს თანხა გადაიხადეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს ახალი პოლიტიკური პარტია ფინანსური რესურსების მობილიზებას და რამდენად კომპეტენტური წევრები ეყოლება ამ პარტიას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“ახალი პარტია ემიჯნება როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ შემთხვევაში, მინუსია ის, რომ მათ ნაკლები გამოცდილება ექნება პოლიტიკურ საქმიანობაში. “ნაცმოძრაობას” თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, დაახლოებით 20-25%. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მათი პოტენციური ამომრჩეველი 25-30%-ის ფარგლებში მერყეობს. არსებობს შეუვსებელი პოლიტიკური ველი, პოტენციური ამომრჩევლის დაახლოებით 40%, რომელსაც ვერ ან არ გადაუწყვეტია ვის მისცენ ხმა. ისინი უკმაყოფილოები არიან “ქართული ოცნების” საქმიანობით, ამავე დროს ამბობენ, რომ არასდროს მხარს არ დაუჭერენ “ნაცმოძრაობას”. საერთო ჯამში, პარტიას შესაძლებლობა აქვს. შანსი არსებობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია მოხვდეს პარლამენტში, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მმართველ ძალად გადაიქცეს, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ პარტიის წარმომადგენლები შეძლებენ გარკვეული კანონპროექტების ლობირებას მომავალ პარლმანეტში”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

 

“ხაზარაძესა და კვირიკაშვილს შორის ახლო მეგობრული ურთიერთობა მემგონი საზოგადოებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს და თუკი უფრო ღრმად ჩავყვებით, არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ანაკლიის პორტის მშენელობაზე ტენდერი კვირიკაშვილის ხელშეწყობის გარეშეც იმ კონსორციუმს არ მოუგია, რომელსაც “თიბისის” ჯგუფი ხელმძღვანელობს. რამდენადაც ვიცი, ამ ორ პიროვნებას შორის ურთიერთობა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კვირიკაშვილი „ახალი მემარჯვენეების" წევრი იყო. ასე რომ, ალბათობა არსებობს... პოლიტიკურ პერსპექტივაზე რთულია იმსჯელო მხოლოდ ამის საფუძველზე. უნდა ვიხილოთ მთლიანობაში რა გუნდით წარსდგება ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ გუნდში გაერთიანებულ ადამიანებს რა პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი ექნება, გასათვალისწინებელია ფინანსური შესაძლებლობებიც”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

წაკითხვა 1242 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.