April 26, 2024

"გაბუნია ვინ გდია, ვის სჭირდება?"-რუსი ექსპერტების შეფასებები

«Московский комсомолец» (რუსეთი), 23 ივნისი

 

მარინა ოზეროვა

„მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ჰკითხა, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას განმეორებითმა უტიფრულმა გამოხტომამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

 

ვლადიმერ ჟარიხინი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი:

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ისედაც გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება. დიახ, წინა წლებში ეკონომიკური კავშირები გამოცოცხლდა, ვაჭრობა აღდგა, საქართველო „ბორჯომით“ გვამარაგებს, კორონავირუსამდე ტურიზმიც სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ავიარეისები გაუქმებული იყო. მაგრამ ამასთან ერთად, ორ სახელმწიფოს შორის არანაირი პოლიტიკური ურთიერთობები არ არის, დიპლომატიური კავშირები თვითონ საქართველოს ინიციატივით გაწყდა, ასევე საკუთარი ინიციატივით გავიდა თბილისი დსთ-დან... ასე რომ, თუ ვინმე დედის გინებას იწყებს, ეს უშუალოდ მისი აღზრდის დონეზე მეტყველებს... ძალიან დიდი პატივი იქნებოდა, რომ ვიღაც თავხედი და უტიფარი არსების გამო რუსეთში პოპულარული სასმელის იმპორტი აგვეკრძალა“.

 

ლეონიდ კალაშნიკოვი, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე:

„ისინი, ვისაც საკუთარი თავის ძვირად გაყიდვა სურთ, ყველას გასაგონად გაჰყვირიან - ხალხო, ჩემი მოკვლა უნდათ! და ამ დროს პირველი, ვისაც ბრალს სდებენ, ვლადიმერ პუტინია, შემდეგი კი რამზან კადიროვი... მაგრამ ასეთი ხრიკები უკვე აღარ მუშაობს... ჩვენს შემგინებლებს და მათ ამერიკელ პატრონ-მფარველებს თავისი პრობლემებიც ბევრი აქვთ... თუ თქვენ ის გინდათ, რომ ყოველ სისაძაგლეზე რუსეთმა რეაგირება მოახდინოს, მაშინ ისინი ამით მიოზანს მიაღწევენ: ჩვენ აღვშფოთდებით, ისინი კი იტყვიან - „აი, ხედავთ, როგორც კი კუდზე ფეხი დავადგით, როგორ აყვირდნენ...“ და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ არის ფაქტები, რასაც ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით, თუ, მაგალითად, კულტურის ძეგლების მსხვრევას დაიწყებენ... გაბუნია კი ვინ გდია, ვის სჭირდება?“.

 

ნიკოლაი სილაევი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კავკასიის პრობლემების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი:

„მე ვფიქრობ, რომ გაბუნიას უწმაწური გამოსვლების საჯარო ეფექტი სუსტდება. წარმოიდგინეთ თქვენი თავი რომელიმე ქართველი მოქალაქის ან პოლიტიკოსის ადგილზე, რომლებთაც რუსეთის მიმართ რაღაც ისტორიული პრეტენზიები ან წყენა აქვთ გულში ჩადებული. თქვენ ამ დროს ამბობთ, რომ რუსებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. როცა გკითხავენ, რომ კონკრეტულად რაში გამოიხატება თქვენი  პრეტენზიები, ამ დროს ავანსცენაზე გამოდიან გაბუნიას მსგავსი ტიპები და წარმოსთქვამენ იმას, რის მოწმენიც ვართ. მაგრამ ასეთი უწმაწურობის შემდეგ განა თქვენს თავს გადახდენილ ისტორიულ უსამართლობებს და ღრმა სულიერ ტრამვებს ვინმე სერიოზულად მიიღებს? გიორგი გაბუნიამ თავისი გინებით ფასი დაუკარგა საქართველოს პრეტენზიებს რუსეთის მიმართ  და საქართველოს კრიტიკას რუსული საგარეო პოლიტიკისადმი, თანაც ისე, რომ სხვა მსგავსს ვერავინ გააკეთებდა. ეს არის მისი გამოსვლის მთავარი შედეგი საქართველოსათვის.

 

ერთი წლის წინ გაბუნიას უტიფრობაზე რუსეთმა გონივრული რეაგირება მოახდინა - [ავიამიმოსვლა აკრძალა]. ახლა კი მისმა გამოხტომამ აზრი დაკარგა, მასზე სერიოზული რეაგირება არც ღირს. მისი ქცევა  თბილის-მოსკოვის ურთიერთობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს... ქართველ პოლიტიკოსებს (ნინო ბურჯანაძე მათ შორის იშვიათი გამონაკლისია) რუსეთზე და რუს პოლიტიკოსებს საქართველოზე იმდენი ცუდი აქვს ნათქვამი, რომ უკანდახევას უხერხულად მიიჩნევენ. ახლა საქართველოში პოლიტიკური ატმოსფერო ისეთია, რომ რუსეთთან ყოველი დიალოგი იმწამსვე ღალატად იქნება შეფასებული. ასეთი განწყობები არ იძლევა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას. თუმცა ეპიდემიის დაწყების წინ რუსეთში გაისმა განცხადებები, რაც იმას მოწმობს, რომ მოსკოვი მზად არის ნორმალიზაციისათვის...“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.mk.ru/politics/2020/06/22/eksperty-ocenili-novye-oskorbleniya-gabunii-v-adres-putina-i-kadyrova.html

წაკითხვა 701 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.