“ეს ჩაკეტვა ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია...” - არჩილ გამზარდია

“ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს გამოწვევა, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ერთგვარი სილის გაწვნაა”, - ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ორშაბათიდან დიდ ქალაქებში კომენდანტი საათის შემოღებას. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითად ისე-სატრანსპორტო საშუალებებით. შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;

ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე. გამზარდიას აზრით, გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დიდ ქალაქებზე დაწესდა, ნეგატიურ პოლიტიკურ ფონს შექმნის, რადგან ამით ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში საპროტესტო განწყობას გააღვივებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს ჩაკეტვა ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია... ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩო დაარღვევინოს” - გამზარდია.

 

“პირველ რიგში ეს ნეგატიურ ემოციურ ფონს ქმნის, იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია სრულიად გაურკვეველია, უფრო ზუსტად კი გაურკევეველი კი არა, გარკვეულია იმ მხრივ, რომ ეს ჯანდაცვის მართვას კი არ ემსახურება, არამედ მათი მხრიდან დამატებითი წნეხის შემოტანისა და მოსახლეობის დათრგუნვის მექანიზმია. როდესაც მოსახლეობაში საპროტესტო ემოციები იმატებს და როგორც წესი აქციების დროს ეს ემოციები უფრო ძლიერდება და საპროტესტო განწყობა ერთგარად გადამდები ხდება ხოლმე, ამ მხრივ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავი დაიზღვიოს და შეეცადოს, რომ მოსახლეობის ემოციების დათრგუნოს, რადგან გაპასიურებული მოსახლეობა მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მაგრამ ეს ნეგატიურ ემოციურ ფონს გააძლიერებს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ერთგვარი სილის გაწვნაა, პრაქტიკულად მათ მიმართ კრიტიკულად დამოკიდებული ადამიანები გამოიწვია და შესაძლოა ხელისუფლებამ ამით ბიძგი სამართლებრივი ჩარჩოს დარღვევას მისცეს, რაც თავისთავად სასურველი არაა, იმიტომ, რომ კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობას და ოპოზიციას რა დარჩენია გარდა იმისა, რომ ამ რეგულაციის წინააღმდეგ წავიდეს და თავისთავად სამართლებრივ ჩარჩოდან ამოვიდეს?!”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

 

“სამწუხაროდ, ხელისუფლება ოპოზიციას სხვა გამოსავალს არ უტოვებს, რაც თავისთავად ძალიან ცუდი გადაწყვეტა იქნება. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ მხრივ დინამიკას ზრდის, ჯერ მეტროზე მგზავრების კონტროლი, მერე ეს კომენტანტი საათი, შემდეგი ნაბიჯი ალბათ უფრო ზრდადი იქნება, რადგან ხელისუფლება აცხადებს - პიკი გარდაუვალიაო. მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებისა, ეს ჩაკეტვა ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ჯანდაცვის მართვა იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც მოსახლეობის ჩაკეტვა-დათრგუნვით ოპოზიციის გამოწვევა, რომ იქნებ სამართლებრივი ჩარჩო დაარღვევინოს, თან ამავდროულად ერთგვარ ძალისმიერი მართვის ხერხებზეც გადავიდეს იმიტომ, რომ ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, სამართლებრივი საფუძველი ექნება. თუ ადამიანი ხელისუფლების გულშემატკივარი, ან პარტიული აქტივისტი არაა, რა თქმა უნდა ვერავინ დაიჯერებს, რომ გადაადგილების შეზღუდვა, ჯანდაცვას ემსახურება. არ მგონია ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ჯანდაცვას გააუმჯობესებს და ამ შეზღუდვის შედეგად ხუთ დღეში, მაგალითად, 30 ინფიცირებული გვეყოლება. გაზაფხულზე ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო იყო და გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მათ გადაწყვეტილებას ავყევით, მაგრამ მერე ვნახეთ, რომ ამით ფინანსური თვასაზრისით ოჯახებით მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ორასლარიანი დახმარება არაფრის მომცემი არ აღმოჩნდა, ამიტომ მგონია, რომ მოსახლეობის ნაწილი ამით შესაძლოა კიდევ უფრო განრისხდეს”, - დასძენს გამზარდია.

წაკითხვა 504 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.