April 26, 2024

რუსეთი აფხაზეთის გადაყლაპვას იწყებს - რითია საშიში ე.წ. ერთობლივი სივრცის ფორმირების 3-წლიანი პროგრამა

“კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ანექსიისაკენ - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას.

მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ე.წ. შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც რუსეთს სურს, 3 წლის ვადაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები პრაქტიკულად მთლიანად მოხვდეს მის სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში და ამით გააგრძელოს 2014 წელს დაწყებული პროცესი, როცა ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთი აფხაზეთის გადაყლაპვას იწყება - რითია საშიში ე.წ. ერთობლივი სივრცის ფორმირების 3-წლიანი პროგრამა.

 

“საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ: “რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. “შეთანხმება”, “მემორანდუმი” თუ “პროგრამა” უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას”, - აღნიშნავს გამოცება.

 

“ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას ამბობენ, რომ აღნიშნულ შეთანხმება საფრთხის შემცვლელი თავად აფხაზეთისთვისაა. მათი თქმით, თუ აქამდე აფხაზეთი რუსეთის “უკანა ეზო” იყო, ამ დოკუმენტის მიხედვით ის ხდება მისი “შიდა ეზო”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მთლიანი სოციალურ-ეკონომიკური სფერო ფაქტიურად რუსეთზე იქნება მიბმული. ხოლო ყველაზე მეტად საშიში პუნქტი თვითონ აფხაზებისთვის ქონებასთან დაკავშირებული პუნქტი იქნება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2-3 წელიწადში როგორც სამაჩაბლო, ისე აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად იქცევა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამ პროგრამის დამტკიცებას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიად აფასებს. მისი თქმით, ეს შეთანხმება ყველაზე დამაზიანებელი თავად აფხაზებისთვის იქნება, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი უძრავი ქონების საკუთრების საკითხია. მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ რაც შეიძლება მეტ მის მოქალაქეს საშუალება ჰქოდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრება შეიძინოს. ამიტომაც პირველ რიგში დარტყმას ამ მიმართულებით აფხაზები მიიღებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი კამათში აფხაზეთს აღარც იყენებს, რადგანაც ის საქართველოს ფაქტობრივად ჩამოაშორა და მიაჩნია, რომ ამ კუთხით ჩვენ პროლემას აღარ წარმოვადგენთ. საქართველოს სხვა მიმართულებიდან აშანტაჟებს. ეს არის წმინდა წყლის ანექსიური პოლიტიკა, რაც აფხაზებისთვის დიდი საფრთხის მატარებელია. ახლა საქართველომ რაც უნდა გააკეთოს, ის არის, რომ ამ პროგრამის დამტკიცების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე ილაპარაკოს. რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული პროგრამით აფხაზეთის ანექსიას ახდენს. ასევე საქართველოს მხარე აფხაზებთან პირდაპირ კონტაქტზე უნდა გავიდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ აფხაზები კონტაქტს ცდილობდნენ. ასლან ბჟანია როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა, მან გარკვეული გზავნლები ჩვენი ხელისუფლების მისამართით გააკეთა. ასევე სიგნალი იყო დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ანქვაბის მხრიდანაც. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა შამბამაც არაერთხელ თქვა, რომ მათ ქართულ მხარესთან დიალოგი სურთ. ჩვენ კი ამ ყველაფერს რუსული პროექტი ვუწოდეთ. აფხაზები თავის გადარჩენას ცდილობენ და ჩვენ ამაზე უარს ვეუბნებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“მისივე თქმით, საქართველოში მოიძებნება ხალხი, რომელთაც აფხაზურ მხარესთან საუბარი შეუძლიათ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ აფხაზები რუსეთის ანექსიისგან დავიცვათ. ზაქარეიშვილის აზრით, რაც შეიძლება მეტი ორმხრივი პოლიტიკა უნდა გვქონდეს ჩვენ აფხაზურ მხარესთან, იმისთვის, რომ მივაბათ საქართველოს, ქართულ ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს და ისინი რუსეთზე დამოკიდებულები არ იყვნენ. აფხაზებს ამის მზაობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მათ ხელი ისე ვკარით, არც კი დავინტერესებულვართ რა უნდოდათ. კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსეთი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთს მის გარდა სხვა გასაქანი არ მისცეს. მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესი ბოლო დროს გააქტიურა და იძულებულს გახდის აფხაზებს, რომ წინააღმდეგობა საერთოდ ვეღარ გაუწიონ”, - დასძენს გამოცემა.

 

“ბოლო დროს ვხედავთ, რომ მოსკოვს აღარ სჯერა აფხაზების და ისეთ პირობებს უქმნის, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ. რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება და ყარაბაღის ომმა ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა. ახლა რუსეთის მთავარი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებაა. ამ ამოცანაში შედის ყარაბაღში სამშვიდობოების დაყენებაც, აფხაზეთის თემის მოგვარებაც, ე.წ სამხრეთ ოსეთის თემის მოგვარებაც და საქართველოს საკითხის გადაწყვეტაც. აფხაზებს თურქებთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებს, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა პროცესი დაიწყეს, რაც რუსულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის ინტეგრირებას გულისხმობს. პირველი, რაც რუსებმა მოიმოქმედეს, ეს ერთობლივი უსაფრთხოების სისტემის შექმნა იყო, მერე უკვე ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნა დაიწყეს და ეს პროგრამაც ამის გაგრძელებაა. შესაძლოა აფხაზეთი ასე პირდაპირ, როგორც პოლიტიკური ერთეული, არ მიიერთოს, მაგრამ ისეთ დღეში ჩააგდებს, რომ კრემლის გარეშე ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამენ. მით უმეტეს, რომ ის დაფინანსება, რაც რუსეთიდან მოდის, აფხაზეთის ბიუჯეტის მკვებავია და მის გარეშე რეგიონი ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

წაკითხვა 572 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.