April 26, 2024

ქართულ-აფხაზური ვაჭრობის ლეგალიზება - სოხუმში მწვავე შიდა დაპირისპირება და ახალი დებატები დაიწყო

“აფხაზეთის დე ფაქტოს ხელისუფლების ინიციატივას, რომ „საქართველოსთან ვაჭრობის" ლეგალიზება უნდა მოხდეს, თბილიში არანაირი რექცია არ მოჰყოლია, თუმცა ეს თავად სოხუმში გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი.

აფხაზეთში ამჟამად მოქმედებს 2009 წელს მიღებული ე.წ. კანონი „საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვის შესახებ" და აფხაზური საზოგადოების ნაწილი მის გაუქმებას დაუშვებლად მიიჩნევს. ქართველი ანალიტიკოსების აზრით კი, დე ფაქტო ხელისუფლება ამით ცდილობს რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი შეამციროს. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა სოხუმსა და თბილისს შორის სავაჭრო ურთიერთობების “სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის” ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ეს პრობლემა, რომლის გამოც სეპარატისტთა “სახელმწიფო ხაზინა” უკვე 20 წელია მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართულ-აფხაზური ვაჭრობის ლეგალიზება - სოხუმში მწვავე შიდა დაპირისპირება და ახალი დებატები დაიწყო.

 

“მოდით დავაყენოთ იქ შესაბამისი სამსახურები და დავაკანონოთ ეს პროცესი,იმიტომ, რომ იმ ყველაფრიდან, რაც საქართველოს საზღვარს კვეთს (საქონელს ვგულისხმობ), სახელმწიფო ბიუჯეტში არაფერი შედის. ეს თანხები გარკვეული პირების ჯიბეებში ხვდება, რომლებსაც აწყობთ ამგვარი რეჟიმი და რომლებიც პირველ რიგში ეწინააღმდეგებიან ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას საქართველოს საზღვარზე. ეს ახლაც ხდება, როდესაც კოვიდის გამო საზღვარი პრაქტიკულად დაკეტილია. თქვენ ხედავთ თუ რა საქონელი, განსაკუთრებით კვების პროდუქტები, შემოდის ჩვენს ბაზრებზე. აშკარაა, რომ საქართველოდან ჩამოდის, აქ ერთადერთი გზა, ამ ვაჭრობის დაკანონებაა. მინდა ხალხი თავად დაფიქრდეს - რატომ გამოდიან ზოგიერთები ამის წინააღმდეგ? იმიტომ რომ, როგორც ჩანს, თავად არიან დაინტერესებული, რომ ეს ხაზინის გვერდის ავლით ხდებოდეს”, - აცხადებს შამბა. მის განცხადებას აფხაზეთის ომის ვეტერანების საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა” გამოეხმაურა. ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გულია აცხადებს, რომ “ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან” შეუძლებელია, სანამ თბილისი აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად და მის ადმინისტრაციულ ერთეულად თვლის”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მტრულ საქართველოსთან არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, იმიტომ, რომ ჩვენ საომარი მოქმედებების არგანახლების დოკუმენტიც კი არ გვაქვს. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი უკვე იმასაც კი ამბობს, რომ ჩვენ ერი კი არა, რაღაც პატარა თემი ვართ... თუ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები კონტრაბანდას ვერ გაუმკლავდნენ, არ ნიშნავს, რომ ეს ლეგალიზებული უნდა იყოს. მემგონი ცოტა უცნაურია, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივნის პირიდან გვესმის, რომ “ჩვენ ვერ ვუმკლავდებით კონტრაბანდას და მოდით, ეს დავაკანონოთ”. თუ კონტრაბანდას ვერ ვუმკლავდებით, რა გარანტია გვაქვს, რომ კონტრაბანდა მოისპობა, თუკი ლეგალიზებას მოვახდენთ? თუ სამართალდამცავი სტრუქტურები, მესაზღვრეები და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას, მაშინ ეს ხელისუფლებასა და კონკრეტულად მათ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პრობლემაა”, - განაცხადა გულიამ. კონფლიქტოლოგისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება ამით ცდილობს “ქართული მიმართულება” არ დაკარგოს”.

 

“შამბას მიერ მუდმივად ქართულ მხარესთან კონტაქტების აუცილებლობაზე საუბარი იმის ნიშანია, რომ ასეთი ქართულ-აფხაზური შეხვედრა, თუნდა არაფორმალურ დონეზე, ჯერ არ გამართულა. ჩემი განცდებით, არავითარი კონტაქტი არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, შამბა შეხვედრების აუცილებლობაზე ასე რეგულარულად არ ილაპარაკებდა. მგონია, რომ იგი შიდა აფხაზურ კონტექსტში გამოსავლის ძებნის საშუალებას ქმნის, იმიტომ, რომ ბოლომდე რუსეთზე არიან მიბმულები და აშკარად ჩანს, რომ გარკვეულ ძალებს ეს აღელვებთ და უნდათ, რომ ქართული მიმართულება არ დაკარგონ. აფხაზეთში ბევრს ეს აღიზიანებს და მიაჩნიათ, რომ ურთიერთობები ქართველებთან არ შეიძლება და ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან უნდა იყოს. ანუ, ეს შიდა პოლიტიკური კონტექსტია, სადაც აშკარად ჩანს, რომ არის პროაფხაზური ძალები (არანაირად პროქართული და არავითარ შემთხვევაში ანტირუსული), რომელთაც მიაჩნიათ, რომ მხოლოდ რუსეთზე ჩამოკიდება არ შეიძლება და ერთადერთი სხვა მხარე, რომელიც რუსეთის გარდა არსებობს, ესაა ქართული მხარე. ანუ მიაჩნიათ, რომ თბილისთან უფრო მეტი კონტაქტები ჰქონდეთ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფრთხილად ილაპარაკონ, რომ ოპონენტები არ გააღიზიანონ. ამიტომ ბუნებრივია, რომ დამოუკიდებელ სახელწიფოს პოზიციებიდან გამომდინარე ილაპარაკებენ, საქართველოსთან ხელშეკრულებებზე. მაგრამ ეს ყველაფერი საჯარო გამოსვლებია, ამიტომ საჭიროა, რომ აფხაზურ მხარესთან კონტაქტები ჩვენც დავიწყოთ, რათა იმაზე კი არ ვილაპარაკოთ რაც მათ უნდათ და არც იმაზე, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ იმაზე, რაზეც შევთანხმდებით. უამრავი თემებია. ისინი რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე საჯაროდ საუბარს არ დაიწყებენ და ბუნებრივია, ჩვენ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარს ვერანაირად ვერ დავუშვებთ, მაგრამ ამ თემების გარდა უამრავი სხვა თემებია, რაზეც მსჯელობა უნდა იყოს”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

 

“საქართველოს ხელისუფლებას სოხუმში ადამიანების გარკვეული ნდობის ჯგუფი უნდა ჰყავდეს და გასვლა ამ ხალხით უნდა მოხდეს - მინიმუმ 10-15 კაცი მაინც, ვისაც შეუძლია, რომ გავიდეს და აფხაზურ მხარეს დაელაპარაკოს და ჰკითხოს რა ხდება, რა გამოსავალს ხედავენ. ეს რა თქმა უნდა საჯარო არ უნდა იყოს, მაგრამ შამბა ამბობს, რომ საჭიროა კონტაქტები. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ კონტაქტები არაა. კონტაქტები რომ იყოს, იგი ასე გულმოდგინედ არ ილაპარაკებდა. მაგრამ ვინც დღეს პოლიტიკაშია, მათ აფხაზები არ იცნობენ. ამიტომ ვთქვი, რომ ეს სანდო ადამიანებით უნდა ხდებოდეს, ვისაც ამაში დიდი ხანია გამოცდილება აქვთ და იციან, რომ სულ ცოტა არ მოატყუებენ. სამწუხაროდ, უცნობი ქართველების მიმართ აქვთ ხოლმე ასეთი დამოკიდებულება და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მათ გადაგვაგდეს,ან არ გააკეთესო. სანდო ადამიანების კატეგორიის საშუალებით შეიძლება, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 507 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.