გიორგი ფხაკაძე "ინდური შტამის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
"ინდური შტამი" არის თითქმის იგივე, რაც ბრიტანული, ოღონდ ოდნავ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად ახალგაზრდების ინფიცირებას იწვევს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
პროფესორი, საქართველოში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემთხვევების დადასტურებას ეხმაურება.
"ვუხანური ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება 60 წელს გადაცილებულ პირებში, ბრიტანული - საშუალო ასაკის, ხოლო ინდური - ახალგაზრდებში. საუბარია იმაზე, ძირითადად რომელ ასაკშია გავრცელება, თორემ ისე, შეიძლება ნებისმიერს შეხვდეს.
საქართველოში ვუხანური ვირუსი თითქმის მილეულია, ახლა ვრცელდება ბრიტანული შტამი და უკვე გამოჩნდა ინდურიც. შეგახსენებთ, ბრიტანულის გავრცელებაც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ინდურის. ჯერ იყო ოფიციალური პირების მიერ ჯიუტი უარყოფა, ფხაკაძე კი ამტკიცებდა, რომ შტამი ქვეყანაში შემოსულია. ერთი თვის შემდეგ კი უკვე ყველამ დაადასტურა ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელება. რად უნდათ ეს კუკუ-დამალობანა, ვერ გავიგე.
"ინდურ შტამზე" განსაკუთრებული ნერვიულობა საჭირო არ არის. სიკვდილობასთან დაკავშირებით მაჩვენებლები იგივეა, მკურნალობის სქემაც - იდენტური.
რაც შეეხება ვაქცინებს - ერთი თვის უკან არანაირი კვლევა ინდურ შტამთან დაკავშირებით არ იყო. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირველი შედეგები და ისიც მხოლოდ 1000 ადამიანზე.
ეს პატარა კვლევა გვეუბნება შემდეგს: 1. "ფაიზერი" უფრო ეფექტურია როგორც ბრიტანული, ისე ინდური შტამის წინააღმდეგ. ბრიტანულის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 94%-ია, ინდურის - 88%. ეს ეხება მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ დაცულობას.
"ასტრაზენეკას" შემთხვევაში (აქაც მეორე დოზის გაკეთებიდან 2-3 კვირის შემდეგ) ბრიტანული შტამის წინააღმდეგ დაცულობა არის 66%, ხოლო ინდურის - 60%.
ჩინურ და რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებით ახალი ტერმინი შემომაქვს - "პლაცებო" ვაქცინები. ინდური და ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ამ "პლაცებო" ვაქცინების ეფექტურობაზე ვერაფერს გეტყვით",- წერს გიორგი ფხაკაძე.
ფხაკაძე საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"დაიმახსოვრეთ: 1. სამედიცინო პირბადეზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს; 2. ვირუსებს ახასიათებს მუტაცია, ეს ნორმალური პროცესია. ამაზე ნუ ნერვიულობთ.
მე ადრე ვიხუმრე, შესაძლოა, მეგრული შტამიც გაჩნდეს, გურულიც, კახურიც და, ზოგადად, ქართული. ახლა ვამბობ, თუ ასე გავაგრძლებთ ცხოვრებას, რასაც ახლა ვაკეთებთ, შეიძლება რიონის, იმერული ვირუსიც მივიღოთ. გახსოვდეთ - ვირუსის გავრცელებას სჭირდება ბევრი ხალხი და თავშეყრის მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს.
თუ თავყრილობები არ იქნება, არ იქნება გავრცელება და შესაბამისად - არც მუტაცია, მაგრამ ჩვენ ეტყობა, თვითმიზანი გვაქვს, ქვეყანაში გვქონდეს ჩვენი, ეროვნული შტამი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.
ვირუსებს ახასიათებთ, რომ ძლიერი შტამი აქრობს შედარებით სუსტს. აქვე - ბრიტანეთში ახლა ინტენსიურად ვრცელდება ინდური შტამი, რადგანაც "ასტრაზენეკას" ეფექტურობა მის მიმართ მხოლოდ 60%-ია.
ერთსაც ხაზგასმით ვიტყვი - ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აუცილებლად უნდა აიცრათ იმ ვაქცინით მაინც, რაც არის, რადგან თქვენ მაღალი რისკის ქვეშ ხართ.
კიდევ ერთხელ - გახსოვდეთ - 2 მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო, ე.წ. ფხაკაძის პირბადე და ხელების დაბანა. ოთახები ხშირად გაანიავეთ, არ ჩართოთ კონდიციონერი, თუ ოთახში თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ხალხიცაა.
დამშვიდდით, შეიარაღდით სწორი ინფორმაციით, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყველაფერი იქნება კარგად", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი