ახალი ვაქცინა - “ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება”

“მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში “ომიკრონის” ანტირეკორდები მყარდება - გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ “ბუსტერ” დოზა ახალი შტამით გამოწვეულ მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის მაღალ დონეს კვლავ უზრუნველყოფს, კომპანია “ფაიზერმა” ეგრედ წოდებულ სამხრეთ აფრიკულ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს. სპეციალისტები იმედს ამყარებენ, რომ ეს ის ვაქცინა იქნება, რომელიც ადამიანს მომდევნო შტამებისგან დაიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი ვაქცინა - “ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება”.

“მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვლევები და რეალურ სამყაროში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ “ბუსტერ” დოზა კვლავ უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს “ომიკრონით” გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ვაცნობიერებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ეს დაცვა დროთა განმავლობაში შემცირდება”, - განაცხადა “ფაიზერის” ვაქცინების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა, კატრინ იანსენმა. “ფაიზერის” “ომიკრონ” შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდაში 1400 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ქვეყნებში არსებული ანტირეკორდების გამო, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 21 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსს 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან კი 47% ევროპის რეგიონში გამოვლინდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ამავე ანგარიშის მიხედვით, 17-23 იანვრის პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 4 215 852 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, საფრანგეთი, 2 443 821 შემთხვევით, მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც დაინფიცირების 2 115 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შემდეგ იტალია და ბრაზილია. რაც შეეხება ამ პერიოდის ლეტალობას, ვირუსს ყველაზე მეტი, 10 795, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა რუსეთი, 4 792 გარდაცვლილით, მესამეზე ინდოეთი, სადაც გარდაცვალების 3 343 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩეხეთში, ბულგარეთში, სამხრეთ კორეაში, რაც შეეხება საქართველოს ანტირეკორდს, ოთხშაბათის დილის მონაცემებით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან”საუბარში იმედოვნებს, რომ ახალი ვაქცინა უფრო სრულყოფილი იქნება, რომელიც შესაძლოა მომავალში წამოსული შტამების წინააღმდეგაც ეფექტური იყოს, რაც პანდემიას საბოლოოდ დაასრულებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ანტირეკორდებს ეხმიანება და აცხადებს, რომ “ომიკრონი” პანდემიის ბოლო წერტილი არ არის და მისი თქმით, გაზაფხულზე გამოჩნდება ახალი შტამი, რომლის შესახებაც არსებობს წინასწარი დასკვნები და კვლევები”, - დასძენს გამოცემა.

 

“მოსალოდნელი იყო, რომ “ფაიზერი” და ის კომპანიები, რომლებმაც ვაქცინები შექმნეს, ახალ ვაქცინაზე მუშაობას დაიწყებდნენ, რომელიც იქნება უფრო სრულყოფილი და მოდერნიზებული. იმედი მაქვს, რომ ისეთი აქცინა შეიქმნება, რომელიც ყველა არსებული შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება და შესაძლოა მომავალში წამოსული შტამების წინააღმდეგაც ასევე ეფექტური იყოს. ამ პროცესს მე უფრო პოზიტიურად ვუყურებ და ვფიქრობ, რომ მალე ასეთი ეფექტური ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება, რომელსაც უფრო ხანგრძლივი დამცველობის უნარი ექნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ პანდემიის დასრულება მოხერხდება. რაც შეეხება ახალი შტამების წარმოქნის რისკებს, რა თქმა უნდა, ეს რისკი ყოველთვის არსებობს. თეორიულად ამის დაშვება მუდმივად ხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე წინასწარ საუბარი ძალიან გაჭირდება, თუ რამდენად უფრო აგრესიული და რთული შტამი შეიძლება წარმოიქმას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“რაც მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგეს, ესაა “ომიკრონი”, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქ შტამად ფასდება. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ მომავალი შტამები წარმოიქმნება, ისინიც უფრო მსუბუქი იქნება და ეს ყველაფერი სიტუაციას მაინც პანდემიის დასასრულისკენ წაიყვანს. ანტირეკორდები “ომიკრონს” უკავშირდება, ეს წინასწარვე ყველამ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ის ათჯერ და ოცჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, აქედან გამომდინარე, ანტირეკორდებში რაიმე გასაკვირი არაა, უბრალოდ “ომიკრონს” შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ასევე ქვეყნები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, იქ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და სიკვდილიანობის გაზრდას არ იწვევს. თუმცა, ჩვენ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა, ასევე ბევრი ადამიანია, ვისაც სხადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადებები აქვს, ამიტომ ჩვენთვის “ომიკრონი” მაინც საყურადღებო შტამია. მოსახლეობას ვთხოვ, რომ წესები აქტიურად დავიცვათ, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ, რათა მძიმე მიმდინარეობის ალბათობა კიდევ უფრო შევამციროთ”, - დაასკვნის გოგინავა.

 

“ომიკრონი” არ არის ბოლო წერტილი არსებული პანდემიის, არის საუბარი, არის კვლევები, წინასწარი მონაცემები იმის, რომ კიდევ ერთხელ მოხდება მუტაცია და უნდა ვიყოთ მზად. გაზაფხულზე იქნება და იქნება თანხვედრა გაზაფხულის ე.წ. სეზონურ ვირუსებთან კავშირში, ასე რომ ეს შეჭიდული ფორმები მკვეთრად გამოიხატება და რაოდენობრივადაც ასევე მაქსიმალურად დატვირთავს მოსახლეობას. ამიტომ გთხოვთ, რომ მოვემზადოთ თუნდაც იმ გაზაფხულისთვის, რომელმაც შეიძლება კიდევ სხვა სიურპრიზები შემოგვთავაზოს... ეს ციფრი არც თუ ისე მაღალია, ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ. ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ და რა სახით დავხვდით მომზადებული “ომიკრონს”". რატომღაც მოსახლეობამ არასწორად მიიღო ის გაფრთხილება, რომ „ომიკრონი" არის შედარებით სუსტი, სხვა გამოვლენილ ვირუსებთან მიმართებით და ის არ გამოიწვევდა რაიმე გართულებას. ამან კიდევ ერთხელ გამოწვია ზუსტად ის, რასაც ველოდებოდით, რომ მოსახლეობაში გამოიწვია შემსუბუქებული დამოკიდებულება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დევი ტაბიძე.

 

“ახლა მაინც, ეს უნდა იყოს ე.წ. სიგნალი იმისა, რომ მოსახლეობამ რეალურად შეასრულოს რეკომენდაციები და პირველ რიგში, დაიცვას ის ოქროს წესი, რასაც ჰქვია ნიღაბი. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი პოზიცია უკავია ნიღბის ტარებას როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია “ბუსტერ” დოზების გააქტიურება. ჩანს ასეთი განწყობაც, რომ თუ გადატანილი გვაქვს, თუკი აცრილები ვართ და მაინც გვემართება, მაშინ ეს აღარ გვესაჭიროება, ეს არ არის სწორი მიდგომა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვაქცინაცია არის ის გარანტი, რომელიც დაიცავს პაციენტებს რეანიმაციულ განყოფილებებში მოხვედრისგან და შესაბამისად გარდაცვალების რაოდენობასაც დაწევს. გარდაცვალების 80% მოდის აუცრელ ადამიანებზე”, - განმარტავს ტაბიძე.

 

“25 იანვარს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე შევიდნენ წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდეს, თუმცა ოთხშაბათს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება და ამირან გამყრელიძემ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა. “იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შესაბამისი სიმპტომები, არ არის სავალდებულო, ხაზს ვუსვამ, რომ ყველა მივიდეს და კომერციული იქნება თუ უფასო ტესტირება, გაიკეთოს, თუ სურვილი ექნებათ ამის, შეუძლიათ მივიდნენ, უბრალოდ, ნაკადებიდან გამომდინარე იყო ბატონი ამირანის მოწოდება, ეს იყო რეკომენდაციის ხასიათის. არის სხვადასხვა მექანიზმი, რაზეც ვმუშაობთ, როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი “მწვანე პასპორტის” ბაზაში, - განმარტა აზარაშვილმა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან, დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე შემცირდა, პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა კი გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობით. მისი თქმით, დღეისათვის 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, საიდანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4500-მდე საწოლია დატვირთული. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 700 საწოლია მობილიზებული და მათგან ნახევარი თავისუფალია”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 441 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.