"საქართველოში „კოვიდ-19“-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით"

საქართველოში „კოვიდ-19“-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

თენგიზ ცერცვაძემ მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის სიტუაცია შეაფასა.

 

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში მოსახლეობის კოვიდუსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით.

 

„ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში, კერძოდ: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა ერთ მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

 

საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 13 737 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 12 535 ახალი შემთხვევა. სადღეისოდ ქვეყანაში არის COVID-ის 13 299 აქტიური შემთხვევა. მათგან კლინიკებში მკურნალობს 930 პაციენტი (7%), ხოლო დანარჩენი 12 369 პაციენტი მკურნალობს ბინაზე. ბოლო ერთი კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 76 704 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,91%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 1.08, რაც ინფექციის ზომიერ გავრცელებაზე მიუთითებს.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – COVID ახალი შემთხვევების მატების და ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 3 (სამი) შემთხვევა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოსთვის და არამარტო საქართველოსთვის – ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, COVID პანდემიის ბოლო 2 წლის მანძილზე (წინა კვირეებში იყო გარდაცვალების 6-8 შემთხვევა, რაც ასევე ძალიან დაბალია). ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო კვირაში ყოველი 4000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.025%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც თითქმის არ აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, გარდაცვალების ასეთი ძალიან დაბალი მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე, რათა თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

 

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. ჩვენ, ცალკეული პირების მხრიდან სერიოზული მცდელობის მიუხედავად, კატეგორიული უარი ვთქვით იმ მედიკამენტების (ივერმექტინი, ფლუვოქსამინი, ფავიპირავირი, აზითრომიცინი, ავიპტადილი და სხვ.) გამოყენებაზე, რომელთა ეფექტიანობა არ არის დადასტურებული სერიოზული კლინიკური კვლევებით და არა აქვთ ავტორიტეტული მარეგულირებლების (FDA, EMA და სხვ.) რეკომენდაცია. განსაკუთრებით გაუმართლებელი და არაკორექტული მცდელობა იყო რიგი კლინიკის ხელმძღვანელებისა და ექსპერტების მხრიდან ავიპტადილზე. სამაგიეროდ საჭირო დროს და საჭირო ჩვენებებით ფართოდ ვიყენებდით და ვიყენებთ პაქსლოვიდს, რემდესივირს, მონოკლონურ ანტისხეულებს, ბარიციტინიბს, ტოცილიზუმაბს და სხვა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ოთხი თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში.

 

ნიშანდობლივია, რომ ანგაჟირებული ტელევიზიები და ცალკეული ე.წ. ექსპერტები საქართველო COVID გარდაცვალების შემთხვევების მატების ან ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციაში 2-3 დღიანი შეფერხებების შექმნისთანავე (ასეთი შეფერხებები უცხოეთის წამყვან ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტი იყო) დაუფარავი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აკრიტიკებდნენ საქართველოს ჯანდაცვას და ამბობდნენ, რომ COVID პანდემია ძალიან ცუდად იმართება. იგივე ადამიანები ბოლო 5 თვის მანძილზე ხმას არ იღებენ და მაქსიმალურად აიგნორირებენ ქვეყანაში COVID-ის ძალიან წარმატებულ კლინიკურ მართვას. რას იზამ, ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის COVID უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ისე. მაინც მინდა მოვიყვანო COVID-ის მართვაში ყველაზე წარმატებული ზოგიერთი ქვეყნის ბოლო 4 თვეში გარდაცვალების მაჩვენებლები 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით: აშშ (147 გარდაცვალება 4 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (190), გერმანია (135), ისრაელი (99), ფინეთი (294), ავსტრია (135), დანია (130), შვედეთი (97), ისრეალი (99), იაპონია (80), სამხრეთ კორეა (77) და სხვ. საქართველოში სულ 23 გარდაცვალება ბოლო 4 თვის მანძილზე 1 მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით.

 

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა. შესაბამისად, უკიდურესად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პიროვნებამ, ვისაც გამოუვლინდება COVID-19-ის სიმპტომები, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე.

 

მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.

 

მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID-კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“,- წერს თენგიზ ცერცვაძე.

წაკითხვა 380 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.