"საქართველოში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა" - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გრიპის ვირუსის შემთხვევები.
მისი თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა არის ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსი, ხოლო ერთეული შემთხვევებია H1N1 ტიპის ვირუსის. გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაზე მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"წელს ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება, თუ გადავხედავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა...", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მატების ანალოგიური მოლოდინია კორონავირუსის შემთხვევებთან მიმართებითაც.
"კონკრეტულ შემთხვევაში, რა ტიპის ვირუსია, რთული გასარჩევი იქნება. ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია, ტემპერატურის მკვეთრი მატება, ძლიერი სისუსტე, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი - ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით, იგი შედარებით, განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისაგან, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს. ომიკრონს არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, ომიკრონის დროსაც იყოს მაღალი ცხელება. მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით რთული იქნება განსხვავება, ესაა გრიპი თუ კორონავირუსი", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისივე ცნობით, მოლოდინია, რომ დეკემბერი და იანვარი იქნება გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. შესაბამისად, ივანე ჩხაიძემ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, რიკ-ჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდა, გრიპის ვაქცინაციის ჩატარებისკენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება 22 ნოემბრის ჩათვლით.
NCDC-ის განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა "სანოფი პასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის აცრა 6 თვის ასაკიდანაა უფასო. ვაქცინაციის პროცესში 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.
ვაქცინაციის ცენტრების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
სიახლეები
- “ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან, უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია” - ირაკლი კობახიძე
- პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
- “თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან” - მამუკა მდინარაძე