რა ღონისძიებებს ატარებს კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტრო-თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა წინმსწრებ საპასუხო ღონისძიებებს ატარებს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის მართვის კლინიკურ ჯგუფთან ერთად იმისთვის, რომ ქვეყანაში „კორონავირუსის მართვის სადავეები ხელიდან არ გაიქცეს“.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ოჯახის ექიმების ტრენინგების განმეორებითი ეტაპი, ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაევალა, გააძლიეროს შერჩევით გენეტიკური ანალიზის გაკეთება, რაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან გამოყოფილი ვირუსის გამოკვლევას გულისხმობს, რათა გაკონტროლდეს, ხომ არ გაჩნდა ჩვენთანაც ის შტამი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება.

 

ის ასევე აღნიშნავს, რომ გადაიდგა ნაბიჯი ტესტირების რაოდენობის გაზრდისკენ. კერძოდ, რეკომენდაციაა, რომ ვისაც კლინიკური ნიშნით რესპირაციული დაავადება აღმოაჩნდება, პირველ ორ დღეში კოვიდზე გაიკეთოს ტესტი.

 

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და კლინიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ წინმსწრები საპასუხო ღონისძიებები გაატაროს, რათა საქართველოში არ განმეორდეს ის, რაც ზოგიერთ ქვეყანაში განმეორდა, კერძოდ, კოვიდის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ოჯახის ექიმების მთელი სისტემის ტრენინგების განმეორებითი ეტაპი, მათ შორის ონლაინ ტრენინგის.

 

თბილისში უკვე ჩატარდა ექიმების ონლაინ ტრენინგები, ახლა ეტაპობრივად ჩატარდება რეგიონებში, მათთვის განახლებული მონაცემების მიწოდება ხდება, შეხსენება, რომ როგორც კი კოვიდის ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, მაშინვე დამყარდეს კომუნიკაცია კორონავირუსით ინფიცირებულებთან. ვისთანაც საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიწყონ „პაქსლოვიდით“ და „რემდესივირით“ მკურნალობა, ეს ინფიცირებულების დაახლოებით 20%-ს სჭირდება ( ვისაც 60 წელს ზემოთ არის და ქრონიკული დაავადება აქვს) . დაახლოებით 80%-ს სპეციფიკური, ანტივირუსული მკურნალობა არ სჭირდება, მათ სჭირდებათ ბინაზე გაჩერება და თვითიზოლაცია. ამასთან, სიმპტომური მკურნალობა, როგორიც არის სიცხის დამწევი საშუალებების და სითხეების მიღება. მეორე არის ის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაევალა, გააძლიეროს შერჩევით გენეტიკური ანალიზის გაკეთება, კერძოდ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისგან გამოყოფილი ვირუსის ანალიზი, რათა გაკონტროლდეს, ხომ არ გაჩნდა ჩვენთანაც, რომელიმე სხვა შტამი, რომელიც უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება. ჯერ ასეთი არ გაჩენილა.

 

შემდეგია ის, რომ გადაიდგა ნაბიჯი ტესტირების რაოდენობის გაზრდისკენ, 6 ათასი ტესტირება ისედაც ტარდებოდა, ახლა კი გადაიდგა ნაბიჯი, რომ მეტი ტესტი ჩატარდეს. ვისაც კი კლინიკური ნიშნით რესპირაციული დაავადება აღმოაჩნდება, მყარი რეკომენდაციაა, რომ პირველივე დღეს, ამ პირველ ორ დღეში კოვიდზე გაიკეთოს ტესტი. თუ დადებითი პასუხი იქნება, ოჯახის ექიმი დაუკავშირდება, ან თავად დაუკავშირდეს. მაშინვე მიიღოს რჩევა, სჭირდება ანტივირუსული მკურნალობა, თუ - არა. გაჰყვეს ექიმის რეკომენდაციას.

 

ეს იმის გარანტია იქნება, რომ არცერთი პაციენტი არ დამძიმდება, არ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ბოლო თვეებში ვინც დროულად ჩაიტარა ტესტირება და დროულად მიმართა ექიმს და მის რეკომენდაციას გაჰყვა, არცერთი არ გარდაცვლილა. ერთეული გარდაცვალება მხოლოდ იმ ავადმყოფებშია, ვინც არ გაიკეთა ტესტი და ძალიან დიდი დაზიანებით მიმართეს კლინიკებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

წაკითხვა 424 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.